ბლოგი / გაწვრთნა

რატომ უყვართ კატებს კლავიატურაზე წოლა და როგორ გადავაჩვიოთ ამას

October 21, 2017 13:58 by Nika Gigashvili


საჯფკა23847*&წ2წ4 - თუ გაგიზავნიათ მსგავსი ტექსტი სკაიპით, დაგხვედრიათ დაბლოკილ კომპიუტერზე მსგავსი პაროლი ან სამუშაო ფაილში დაგიკორექტირებიათ მსგავსი რამ, დიდი ალბათობით თქვენ ხართ კატის მფლობელი. ჩვენს ფისოებს მრავალი საყვარელი ჩვევა აქვთ, თუმცა კატების სიყვარული კლავიატურაზე სიარულისა და კომპიუტერზე წოლის მიმართ ნამდვილად არ იწვევს ჩვენს აღფრთოვანებას. პირადად მე ხშირად მიმიწერია სხვადასხვა მესენჯერში გაუგებარი ტექსტები და ასევე დამიკარგავს მნიშვნელოვანი ინფორმაცია სწორედ ამ პატარა ფუმფულა არსების გამო, რომელიც კლავიატურას თავის საწოლად აღიქვამს, ზედ დასეირნობს და ცდილობს კომფორტულად მოთავსდეს.

kata kompiuterze zis

რატომ უყვართ კატებს კლავიატურაზე სიარული და წოლა?

არსებობს რამდენიმე თეორია, წარმოგიდგენთ 2 ყველაზე აქტუალურ და ჩემი აზრით სიმართლესთან ყველაზე ახლოს მყოფს:

  1. კატებს სჭირდებათ ყურადღება და თან მაშინ როდესაც ისინი გადაწყვეტენ ამას, შესაბამისად თუ ფისომ ჩათვალა, რომ მას ყურადღება მოაკლდა იმ წუთასვე ცდილობს ამის კომპენსაციას, თუ ამ დროს თქვენ კომპიუტერთან ხართ დიდი ალბათობით არსაიდან აღმოჩნდება თქვენს კლავიატურაზე და შეიძლება არა მხოლოდ გაიაროს არამედ წამოწვეს კიდეც. ამ გზით ის ცდილობს თქვენი ყურადღების მითვისებას და უბრალოდ გიშლით ხელს კომპიუტერთან ურთიერთობაში.
  2. კატებს უყვართ სითბო, სხვადასხვა კვლევა ადასტურებს, რომ კატები 50 გრადუსამდე სიცხეშიც კი კომფორტულად გრძნობენ თავს, რაც დაახლოებით მზის აბაზანის მიღების ტემპერატურაა. კლავიატურა კი სწორედ ისეთი ადგილია, რომელიც სხვა ადგილებთან შედარებით თბილია, ლეპტოპის ტიპის კომპიუტერის კლავიატურები კი განსაკუთრებით. სწორედ ამიტომ იზიდავენ ისინი ასე ძლიერ ჩვენს ფისოებს, რომლებიც კომფორტულად თავსდებიან ლეპტოპზე და იძინებენ უდარდელად.
--RELATED--

გარდა ამ მიზეზებისა, კატები არიან მონადირე ცხოველები, ხოლო როდესაც თქვენი თითები სწრაფად დაწკაპუნობენ კლავიატურზე, ეს კატებში იწვევს ინტერესს და ნადირობის ინსტინქტის გაღვიძებას, რის შემდეგაც ისინი ცდილობენ თითების დაჭერას.

kata laptopze wevs

როგორ გადავაჩვიოთ კატა კლავიატურაზე წოლას ?

ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან ყველა კატა ინდივიდუალურია და განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს, ზოგი კი ისეთი ჯიუტია, რომ არასოდეს დათმობს თავის საყვარელ ჩვევას. თუმცა მრავალი ფისოს პატრონი ადასტურებს, რომ მათი ფისოები გადაეჩვივნენ კლავიატურაზე წოლას შემდეგი მიდგომის გამოყენებით: როდესაც ფისო წევს კლავიატურაზე ან დადის მასზე, დამაჯერებლად, მაგრამ ნაზად ეუბნებით მას “არა” და სვამთ სხვაგან. როდესაც ხედავთ, რომ ის აპირებს კლავიატურაზე ასვლას, დამაჯერებლად ეუბნებით “არა” და არ აძლევთ კლავიატურაზე მოხვედრის საშუალებას. ასევე მოერიდეთ კომპიუტერში მისთვის ნებისმიერი მასალის ჩვენებას, რადგან ეს მათთვის კომპიუტერთან მოსაწვევის გაგზავნის ტოლფასია, ხოლო ამის შემდეგ მათთვის ძნელად გასაგები ხდება, თუ რატომ ხდება ისე, რომ ხან შეიძლება კომპიუტერთან ურთიერთობა და ხან უბრაზდებიან ამის გამო.

ახლა კი წაიკითხეთ, თუ რატომ ურტყამენ ფისოები ადამიანებსა და სათამაშოებს უკანა თათებს თამაშისას: petario.com/ratom-urtyamen-katebi-uakana-tatebs


1132 ნახვა