ბლოგი / ისტორიები

ჯესის ისტორია




მე ჯესი ვარ. დავიბადე ქუჩაში, როგორც მითხრეს ჩემი დედიკო და ძამიკო-დაიკოები ვერ გადარჩნენ, მხოლოდ მე გადავრჩი… უკვე 5 წლის ვარ და თავს ბევრი რამ გადამხდა. ლეკვობისას კეთილმა ადამიანებმა გადამარჩინეს, წამიყვანეს ადგილზე, სადაც დღემდე ვცხოვრობ და ზრუნავენ ჩემზე. ყოველდღე მოდის ერთი ადამიანი და საჭმელს და წყალს გვიტოვებს მე და ჩემსავით გადარჩენილ სხვა ცუგებს. ამ წლების განმავლობაში ბევრი დაშავებული მოუყვანიათ ჩვენს სახლში, ზოგი გადაარჩინეს, ზოგიც ვერა… არ არის ადვილი ჩვენი მოვლა, ძალიან ბევრი ვართ. ბევრი ჩემნაირი მიატოვეს, ბევრი ჩემნაირი გადაყარეს ყუთით სანაგვეზე, ბევრი ჩემნაირი მანქანამ გაიტანა. თუმცა, ჩვენ გაგვიმართლა. ყოველდღიურად უამრავი ძაღლი კვდება ქუჩაში, ზოგი შიმშილით, ზოგი სიცივით, ზოგიც დაუდევრობით… ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ უპასუხისმებლო ადამიანები არსებობენ. ადამიანები, რომლებსაც არ ანაღვლებთ არაფერი საკუთარი თავის გარდა. ადამიანები, რომლებსაც არ ესმით, რომ ჩვენ რადგან ვერ ვლაპარაკობთ, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვიყვარს, ჩვენ არ გვტკივა და ჩვენ არ განვიცდით. ჩვენ იმაზე კარგი მეგობრობა შეგვიძლია ვიდრე თქვენ ადამიანებს…

--RELATED--

ერთ უწყინარ დღეს, ვიღაც ბოროტმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ჩვენ იმ ტერიტორიაზე არ უნდა გვეცხოვრა, იფიქრა ნელ-ნელა წავიყვან ძაღლებს და ჩამოვსვამ სხვადასხვა დაუსახლებელ ადგილებზეო. როგორც ჩანს, სიაში პირველი მე ვიყავი… მოტყუებით აღმოვჩნდი ბოროტი ადამიანის მანქანის საბარგულში, შემდეგ კი ჩემი სახლიდან მოშორებით მომისროლეს ჩემთვის უცხო ტერიტორიაზე… თავიდან შემეშინდა, მაგრამ მივხვდი, რომ უნდა მემოქმედა. ყოველდღე მივდიოდი იმ მიმართულებით, სადაც მჯეროდა რომ მელოდებოდნენ, სადაც მჯეროდა რომ ღელავდნენ ჩემზე. ბევრი გასაჭირი გამოვიარე, ზოგს პურის ნატეხი ენანებოდა ჩემთვის, მე კი 3 დღის მშიერი ვიყავი, ზოგი ქვებს მიშენდა, მე კი მათთვის არაფრის დაშავებას არ ვგეგმავდი, რამდენჯერმე მანქანამ კინაღამ გამიტანა, თუმცა მე მაინც ვაგრძელებდი გზას ჩემი სახლისკენ… 2 თვიანი მოგზაურობის შემდეგ ნაცნობი ადამიანების ხმა მომესმა და მივხვდი, რომ უკვე სახლთან ახლოს ვიყავი, შემდეგ ჩემი მეგობარი ცუგოებიც გამოჩნდნენ და როგორც იქნა, მე დავბრუნდი! მე ისევ ვაგრძელებ ცხოვრებას ჩემს სახლში, ისევ ზრუნავენ ჩემზე, ისევ მეფერებიან და ისევ მეთამაშებიან ჩემი ორფეხა(:D) მეგობრები…


5768 ნახვა



მსგავსი პოსტები

ქართველი წყვილის და მიუსაფარ ცხოველთა ისტორია

“Შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე”- ამ ფარაზას ხშირად ვკითხულობთ, თუმცა …..

წითური ფისოსა და წითური გოგონას ისტორია

გთავაზობთ ისტორიას წითური ფისოსა და ერთ-ერთი ცხოველთმოყვარული, ასევე წითური გოგონას შესახებ. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ფისუნიას ხუმ...

ჟიზელი/კარტოფილა - გადარჩენილი კატის ისტორია

ჟიზელი დაიბადა მრავალი გენეტიკური შეცდომით, მისი ყველა სახსარი და ხერხემალი არასწორად არის ფორმირებული. არავის ეგონა, რომ ის გადარჩებოდა, თუმცა მაი...