პროდუქტები, რომლებიც აკრძალულია ძაღლებისა და კატებისთვის
March 29, 2017 19:18 Nika Gigashvili

ცხოველებს ხშირად უყვართ იმ საკვების მიღება, რასაც მათი პატრონი მიირთმევს, მაგრამ სანამ თქვენი საკვებით გაუმასპინძლდებით, გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან. არსებობს რამდენიმე პროდუქტი, რომელიც კატეგორიულად აკრძალულია ძაღლებისთვის და კატებისთვის:
ალკოჰოლი
ალკოჰოლი დიდ ზიანს აყენებს ცხოველის ღვიძლსა და ნერვულ სისტემას. მისი მძაფრი სუნიც კი შესაძლოა მომწამვლელი გახდეს თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის. თუკი ეჭვი გაგიჩნდათ, რომ რაიმე სახის ალკოჰოლი მიიღო თქვენმა ძაღლმა ან კატამ, სასწრაფოდ მიმართეთ ვეტერინარს.
თუ გყავთ კატა ან ძაღლი, აუცილებლად უნდა იცოდეთ ამ ნივთების შესახებ - petario.com/7nivti.
შოკოლადი
შოკოლადი მავნებელია არა მარტო მასში შემავალი კოფეინის გამო, არამედ თეობრომინის და თეოფილინის გამოც. ეს ნივთიერებები ზემოქმედებას ახდენენ ცხოველის ფილტვებზე, ღვიძლზე, გულსა და ნერვულ სისტემაზე. მოარიდეთ მათ ნებისიერი სახის შოკოლადი.
ყურძენი და ქიშმიში
ყურძენმა და ქიშმიშმა შესაძლოა გამოიწვიონ ძლიერი მოწამვლა და თირკმელების უკმარისობა. მოწამვლა შესაძლოა ღებინებით დაიწყოს.
გმირი კატა, რომელიც შვეიცარიის მთებში დაკარგულ ტურისტებს გზის პოვნაში ეხმარება - petario.com/gidi-kata.
ხახვი და ნიორი
ხახვი და ნიორი ნებისმიერი სახით მავნებელია ძაღლისა და კატისათვის. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს უმი, მოხარშული თუ ფხვნილის სახით. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ მოწამვლა და ანემია. თუ ბავშვის ფაფებით კვებავთ თქვენს ცხოველს, ყოველთვის გადაამოწმეთ შემადგენლობა. ისინი ხშირად შეიცავენ ხახვს.
ქსილიტოლი
ქსილიტოლი არის ხელოვნური დამატკბობელი, რომელსაც შაქრის ნაცვლად იყენებენ საღეჭ რეზინში, კანფეტებსა და ნამცხვრებში. ცხოველებში იწვევს შაქრის დონის დაწევას, დეზორიენტაციას, ღებინებასა და დიარეას.
შაქარი და მარილი
ისინი ადამიანისთვისაც მავნებელია, მაგრამ განსაკუთრებით სახიფათოა შინაური ცხოველებისთვის. ნუ მისცემთ შაქრიან ან მარილიან საკვებს თქვენს ოთხფეხა მეგობარს.
ძვლები და ცხიმი
ქონი და ცხიმიანი ხორცი ძალიან ცუდად მოქმედებს კუჭ-ნაწლავზე. იწვევს ღებინებას და დიარეას. ძვალი ან მისი ნატეხი შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს თქვენი ცხოველისთვის.
რძე და რძის პროდუქტები
რძის პროდუქტებიდან შეიძლება უცხიმო ხაჭოს, მაწონის და კეფირის მიცემა. კატეგორიულად არ შეიძლება ნატურალური რძის მიცემა. ძაღლების და კატების უმეტესობას ლაქტოზის აუტანლობა ახასიათებთ.
რა თქმა უნდა, ყველა ცხოველი ინდივიდუალურია და ყველაზე ერთნაირად არ მოქმედებს საკვები. ხშირად გამიგია:” ჩემს ძაღლს შოკოლადი უყვარს და არაფერი მოსდის” ან “ძროხის რძით გავზარდე კნუტები და ჯანმრთელები არიან”. არავინ იცის როგორ იმოქმედა სინამდვილეში ამა თუ იმ საკვებმა თქვენს ცხოველზე და როდის იჩენს თავს დაავადება. ამიტომ, აჯობებს ჩვენი ოთხფეხა მეგობრები მოვარიდოთ ისეთ საკვებს, რომელიც შესაძლოა საზიანო იყოს და ცდებს ნუ ჩავატარებთ მათზე.
ახლა კი გაეცანით 2017 წლის ყველაზე პოპულარულ ძაღლის სახელებს საქართველოში - petario.com/2017-tslis-dzaglis-sakhelebis-reitingi.