კურდღლის კვება
March 29, 2017 18:17 Nika Gigashvili

დეკორატიული კურდღელი ერთ-ერთი პოპულარული შინაური ცხოველია. ეს ფუმფულა არსებები ძალიან საყვარლები და ლამაზები არიან. რა თქმა უნდა, მათაც სჭირდებათ სწორი კვება და მოვლა.
დეკორატიული კურდღლის კვება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. სწორად შერჩეული რაციონი ჯანმრთელობის და დიდხანს სიცოცხლის გარანტია. ბაჭიების უმეტესობა სწორედ არასწორი კვების შედეგად იღუპება. დაავადება კურდღლებში სწრაფად ვრცელდება და ხშირად ლეტალურია. განსაკუთრებით საყურადღებოა 3 თვემდე ბაჭიების სწორი კვება. მათი მკურნალობა ძალიან რთულია და გამოცდილი ვეტერინარიც კი შესაძლოა უძლური აღმოჩნდეს ამ დროს. ხშირად ისმის კითხვა - რა ვაჭამოთ კურდღელს? პირველ რიგში, გაითვალისწინეთ მოზრდილ კურდღლებს დღეში 2-ჯერ უნდა აჭამოთ, პატარებს კი 3-ჯერ. სუფთა წყალი აუცილებლად უნდა ედგათ სულ.
ძირითადი საკვები დეკორატიული კურდღლებისთვის:
1. საკვები თივა
თივა კურდღლების კვების ძირითადი კომპონენტია. ის ყოველდღიურად უნდა შედიოდეს რაციონში. თივა ხელს უწყობს ცხოველის კუჭ-ნაწლავის სწორ მოქმედებას, ასევე კარგია კბილებისთვის.
2. ხის ტოტები
შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაშლის, ალუბლის, ალვის, ცაცხვის და ტირიფის ტოტები. საკვები ღირებულებით განსაკუთრებით მდიდარია გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში მოჭრილი ტოტები.
3. მარცვლეული
კურდღლისთვის კარგია ხორბალი, შვრია, ქერი და ჭვავი. მარცვლეული მეტად კალორიული საკვებია, ბევრს სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს,მაგრამ დიდი რაოდენობით მიცემამ შესაძლოა გამოიწვიოს სიმსუქნე. ზრდასრული კურდლისთვის საკმარისია ერთი სუფრის კოვზი მარცვლეულის მიცემა ერთ ჭამაზე.
4. წვნიანი საკვები
ეს არის ხილი და ბოსტნეული. მათში ბევრი სასარგებლო მინერალი და ვიტამინია. ზრდასრულ კურდღელს შეგიძლიათ მისცეთ სტაფილო, ვაშლი, მცირე რაოდენობით კიტრი, ბროკოლი, 2-3 მარცვალი ჟოლო და ალუბალი, ბანანი, ფორთოხალი, ნესვი, ქლიავი. ხილი მიეცით თესლის გარეშე. ფრთხილად უნდა იყოთ წვნიან საკვებთან, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეადგენდეს კვების ძირითად ნაწილს. მიეცით მხოლოდ დამატების სახით.
5. მზესუმზირის მარცვალი
საუკეთესო საშუალება დეკორატიული კურდღლის წასახალისებლად. მზესუმზირა შეიცავს მცენარეული ზეთს, რომელიც მდიდარია სასარგებლო უჯერი ცხიმოვანი მჟავებით.
ვეტმაღაზიებში იყიდება სხვადასხვა სპეციალური საკვები კურდღლებისთვის, რომელიც შეიცავს მარცვლეულს, გამომშრალი ხილის ნაჭრებს, მზესუმზირის თესლს და ვიტამინებს. თუმცა მხოლოდ მზა საკვების გამოყენება არ არის რეკომენდებული. კარგი იქნება თუ თივასთან ერთად მისცემთ. 3 თვემდე ბაჭიებისთვის მისაღებია ამ საკვების გამოყენება თივასთან და ტოტებთან ერთად. 3 თვის შემდეგ ნელ-ნელა დაუმატეთ საკვებ რაციონს გამომშრალი ხილი და ბოსტნეული და შემდეგ გადადით უფრო წვნინან საკვებზე.
რა არ უნდა აჭამოთ დეკორატიული ბაჭიებს:
ნამცხვრები, პეჩენიები და სხვა ტკბილეული;
ჩიფსები და მსგავსი საკვები;
სალათის ფურცლები, ისპანახი, რევანდი, ლობიო, კარტოფილი;
მოარიდეთ, ასევე კომბოსტო და ყვავილოვანი კომბოსტო. ხშირად კურდღლებში იწვევს დიარეასა და გულისრევას.
ბევრი ხილი, ბოსტნეული თუ ბალახი შესაძლოა ტოქსიკური იყოს დეკორატიული კურდღლებისთვის, ამიტომ ყოველთვის გადაამოწმეთ რამდენად უსაფრთხოა ბაჭიებისთვის ესა თუ ის საკვები.