5 მიზეზი იმისა, თუ რატომ იძინებენ კატები თქვენთან
August 23, 2017 22:54 Kate Katel

ფუმფულა ფისოების პატრონებს ხშირად ხვდებათ თავიანთი ოთხფეხა მეგობარი საწოლში მოკალათებული. კატებს ხშირად სჩვევიათ პატრონებთან ძილი, რასაც 5 ძირითადი მიზეზი აქვს:
1. სითბო
კატებს უყვართ სითბო. თუ დააკვირდებით, ისინი ყოველთვის არჩევენ თბილ ადგილებს, უყვართ მზეზე ან გამათბობელთან წოლა. ამიტომ, ერთ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ წვება ღამე კატა თქვენს ლოგინში სწორედ ესაა.
2. კომფორტი
მიუხედავად იმისა, რომ ფისოებს უყვართ თამაში და ხშირად აქტიურობენ, ისინი მაინც ზარმაცები არიან და შეუძლიათ დღე-ღამეში 18 საათამდე იძინონ. ზოგჯერ ყველაზე უჩვეულო ადგილებს არჩევენ დასაძინებლად, თუმცა ფუმფულა, თბილ საწოლში ნამდვილად კომფორტულად გრძნობენ თავს და ამიტომაც გიწევთ კომპანიონობას ღამით.
3. უსაფრთხოება
კატები ყოველთვის უსაფრთხო ადგილს არჩევენ დასაძინებლად. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად მოდუნებული შეიძლება მოგეჩვენოთ, ფისოებს ახასიათებთ სიფხიზლე და მზაობა საფრთხის წინაშე. თუ თქვენი ფუმფულა მეგობარი თქვენს გვერდით დუნდება და იძინებს, ეს იმის მანიშნებელია, რომ ის ნდობას გიცხადებთ და უსაფრთხოდ გრძნობს თავს თქვენთან.
4. ტერიტორიალური ხასიათი
შესაძლებელია კატები ფიქრობენ, რომ ეს მათი საწოლია და სწორედ ისინი გრთავენ უფლებას მის ტერიტორიაზე დაიძინოთ. ეს უფლება კი უდაოდ დასაფასებელია, ამით დიდ ნდობას ავლენენ თქვენს მიმართ.
5. სიყვარული
ფისოები ხშირად ანტისოციალური და დამოუკიდებელი არსებები ჩანან, თუმცა ეს ხშირად მხოლოდ ფასადურია. სინამდვილეში მათ უყვართ ურთიერთობა და ყურადღება. კატებს პატრონის უსაზღვრო სიყვარული შეუძლიათ. ფისოები განიცდიან და ენატრებით თუ ხშირად არ ხართ სახლში.
ასევე, კატები ხშირად წვებიან ერთმანეთის გვერდით დასამშვიდებლად და გასათბობად. თუ თქვენი ფისო ხშირად თქვენს გვერდით წვება, გეხახუნებათ, გლოკავთ და ა.შ. შესაძლოა ის თქვენც ფისოდ გთვლიდეთ.
საშიშია თუ არა კატასთან ერთად ძილი?
ფუმფულა ფისოებთან ერთად ძილს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. რეკომენდებული არ არის კატასთან ერთად ძილი თუ ის დიდ დროს ატარებს ქუჩაში, არ არის პარაზიტებზე დამუშავებული ან არ აქვს სათანადო აცრები ჩატარებული, ასევე თუ ხართ ალერგიული. ხოლო, თუ ფისო სათანადოდ მოვლილი და აცრილია, მაშინ საშიში არაფერია. პირიქით, ამან შეიძლება დადებითად იმოქმედოს თქვენს ნერვულ სისტემაზე. ერთად ძილი თქვენს კავშირს უფრო გაამყარებს და თქვენც და თქვენი ფუმფულა მეგობარიც უფრო ბედნიერად იგრძნობთ თავს.