ბლოგი / ეს საინტერესოა

15 ყველაზე მეგობრული ძაღლის ჯიში




ძაღლის რომელი ჯიშები არიან ყველაზე მეგობრულები? რომელი ძაღლი ავიყვანოთ თუ ოჯახში ბავშვია? თვალი გადაავლეთ ამ ჯიშებს: ისინი ადამიანის საუკეთესო მეგობრები არიან - თბილები, მოსიყვარულეები და მომთმენები.

15. ბოქსიორი

boxer

ბოქსიორი ძლიერი, დაკუნთული და საკმაოდ ენერგიული ძაღლია. ეს ჯიში ძალიან უყვართ მისი ხასიათის, ჭკუისა და ერთგულების გამო. ბოქსიორები თითქმის ყველა გარემოს ეგუებიან, თუ ადამიანების გარემოცვაში იმყოფებიან. ისინი მეგობრულები არიან ოჯახის ნებისმიერი წევრის მიმართ და ძალიან უყვართ ბავშვები. სახლში უმეტესად მშვიდად უჭირავთ თავი, გარეთ კი უყვართ თავის აშვება. რეგულარული ფიზიკური დატვირთვა - ამ ჯიშის ყოლისთვის აუცილებელი პირობაა.

14. ბულტერიერი

ბულტერიერი

ამ ჯიშის ძაღლები ძალიან ეჯაჭვებიან პატრონს და ცდილობენ მთელი სიყვარული და ყურადღება მისცენ მათ. ბულტერიერებს უყვართ ბავშვები. საკმაოდ ენერგიულები არიან და შესანიშნავი კომპანიონები იქნებიან ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის. მათ უყვართ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და ძნელად გადააქვთ მარტოობა. ბულტერიერისათვის მნიშვნელოვანია სოციალიზაცია ადრეული ასაკიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება აგრესიის ნიშნები ჩამოუყალიბდეს.

13. ინგლისური ბულდოგი

ინგლისური ბულდოგი

ინგლისური ბულდოგი საკმაოდ სერიოზული და ერთგული ძაღლია. ამ ოთხფეხა ცხოველებს ძალიან უყვართ მეპატრონეები და პატივს სცემენ მათ. ბულდოგებს გასაოცარი მოთმინების უნარი აქვთ, განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებაში. მაშინაც კი, თუ პატარა პატრონი ძლიერად ჩაეხუტება ან დაიჭერს, ისინი მოთმინებით აიტანენ ამას. მაგრამ სამაგიეროდ თქვენგანაც ითხოვენ პატივისცემას და ვერ იტანენ უსამართლო საყვედურებს ან დასჯას.

12. კოლი

კოლი

კოლი მომხიბვლელი და ერთგული ძაღლია. ისინი შესანიშნავი კომპანიონები არიან ოჯახისთვის. ამ ჯიშის ძაღლები ძალიან მგრძნობიარენი და ჭკვიანები არიან, გამოირჩევიან პატრონის გასაოცარი ერთგულებით. კოლი ადვილად იწვრთნება და უამრავი დავალების შესრულება შეუძლია. ისინი შესანიშნავი მეგობრები არიან ბავშვებისთვის. მიუხედავად თავისი სიკეთისა, კოლი შეიძლება აგრესიული იყოს უცნობის მიმართ, განსაკუთრებით კი თუ ის ბავშვების სიახლოვეს იმყოფება.

11. ირლანდიური სეტერი

ირლანდიური სეტერი

ეს წითური ძაღლები არამარტო მხიარულები და ენერგიულები, არამედ ძალიან ჭკვიანებიც არიან. თუ კი თქვენ გარკვეულ დროს გაატარებთ ირლანდიურ სეტერთან, მალე დარწმუნდებით, რომ ისინი შესანიშნავი კომპანიონები არიან. ისინი მარტივად უმეგობრდებიან ოჯახის ნებსიმისმიერ წევრს, მათ შორის ყველაზე პატარებს და სხვა შინაურ ცხოველებს. ირლანდიური სეტერი ბავშვებთან ძალიან ფრთხილი და მომთმენია, არასოდეს გამოხატავს აგრესიას.

7 ნივთი თქვენი საყვარელი ოთხფეხა მეგობრისათვის.

10. ბასეტ ჰაუნდი

ბასეტ ჰაუნდი

ბასეტ ჰაუნდი საკმაოდ ჭკვიანი და საზრიანი ძაღლია. ისინი ოჯახის შესანიშნავ წევრებად ითვლებიან. როგორც წესი, ამ ჯიშის ძაღლებს გაწონასწორებული და მშვიდი ხასიათი აქვთ. კარგად ეწყობიან ბავშვებს და ასევე სხვა შინაურ ცხოველებს. ბასეტ ჰაუნდს უყვარს ადმიანების გარემოცვაში ყოფნა და მარტოობას ვერ იტანს. თუ მას მარტო დატოვებთ დიდი ხნით, ყეფა და ყმული გარანტირებული იქნება.

9. პუდელი

პუდელი

პუდელი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯიშია მსოფლიოში. ამ ძაღლებს აქვთ სილამაზეც და ჭკუაც. ისინი იოლად იწვრთნებიან, ძალიან თბილები და მეგობრულები არიან. პუდელები იოლად ეგუებიან ბინაში ცხოვრებას. ამოუწურავი ენერგია და მხიარული ხასიათი მათ ყველა ოჯახისთვის არაჩვეულებრივ კომპანიონად აქცევს. პუდელებს ძალიან უყვართ ოჯახის წევრები, კარგად ეწყობიან ბავშვებს.

8. კოკერ სპანიელი

კოკერ სპანიელი

როგორც ამერიკული, ისე ინგლისური კოკერ სპანიელები ძალიან თბილები და მხიარულები არიან. ისნი კარგად ეწყობიან ბავშვებს და სხვა ცხოველებს. მათ ძალიან უყვართ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა და მუდმივ კონტაქტს საჭიროებენ. არასაკმარისი ყურადღების პირობებში შეიძლება ცუდი ჩვევები ჩამოუყალიბდეთ.

7. ბიშონ ფრიზე

ბიშონ ფრიზე

ბიშონ ფრიზე ძალიან მხარიული, თბილი და მოსიყვარულე ძაღლია. მათ ნაზი და მგრძნობიარე ხასიათი აქვთ. ამ ჯიშის წარმომადგენლებს შეუდარებლად გამოსდით საკუთარი თავის და სხვების გართობა. მათ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და ოჯახის წევრებთან და სხვა ცხოველებთან ერთად დროის გატარება.

 

--RELATED--

6. მოპსი

მოპსი

მოპსი კეთილი და კომუნიკაბელური ძაღლია, რომელსაც უყვარს თამაში (მაგრამ არც ისე დიდი ხნით) და მხიარულება. ისინი საკმაოდ ჭკვიანები არიან და როგორც წესი გაწვრთნისას პრობლემებს არ ქმნიან, თუმცა ზოგიერთი შეიძლება სიჯიუტით გამოირჩეოდეს. მოპსს ძალიან უყვარს ადამიანებთან კონტაქტი და შესანიშნავად ეწყობიან ოჯახის ყველა წევრს, განსაკუთრეით კი მათ, ვინც ყურადღებას და სიყვარულს ჩუქნის. ისინი ძალიან ეჯაჭვებიან პატრონს და ვერ იტანენ მარტოობას, ამიტომ თუ საკმარისი დრო არ გაქვთ იმისთვის, რომ დიდი დრო გაატაროთ მასთან, აჯობებს სხვა ცხოველი აიყვანოთ.

5. ბიგლი

ბიგლი

ბიგლი ძალიან კომუნიკაბელური ჯიშია, რომელიც ადვილად ამყარებს კონტაქტს, როგორც უფროსებთან, ისე ბავშვებთან. ისინი დომინირებისკენ არ არიან მიდრეკილნი და ბავშვიც კი ავტორიტეტია მისთვის, ხშირად სწორედ მათ აღიარებენ ოჯახში უფროსად. ბიგლი კარგად ეგუება ძაღლებს, მაგრამ სხვა ცხოველებთან არც ისე მეგობრულია.

4. სენბერნარი

სენბერნარი

სენბერნარი ცნობილია მსოფლიოში, როგორც მაშველი. ეს არის დიდი ჯიშის ძაღლი, უდიდესი კეთილი გულით და უსაზღვრო პატრონის სიყვარულით. ის აღმერთებს ბავშვებს, ძალიან მოსიყვარულე და ყურადღებიანია მათ მიმართ. სენბერნარი უნდოა უცნობების მიმართ და ოჯახის კარგი დამცველია.

3. ნიუფაუნდლენდი

ნიუფაუნდლენდი

ძალიან კეთილი ძაღლი, რომელიც არ იჩენს აგრესიას არც ადამიანების, არც სხვა ცხოველების მიმართ. ნიუფაუნდლენდი არაჩვეულებრივი ძიძაა ბავშვებისთვის, ის ძალიან მომთმენია და არასდროს ტოვებს პატარას განსაცდელში. ეს საკმაოდ დიდი ძაღლია და ხშირ სეირნობას და ფიზიკურ დატვირთვას საჭიროებს. ნიუფაუნდლენდი ძალიან მგრძნობიარეა და ვერ იტას საყვედურებს და დასჯას. უყვარს მოგზაურობა და ცურვა.

2. ლაბრადორ რეტრივერი

ლაბრადორ რეტრივერი

უდიდესი ენთუზიაზმი იყოს ყველგან და ყოველთვის თავისი პატრონის გვერდით, უსაზღვრო სიკეთე, მოთმინება და ერთგულება - არასრული ჩამონათვალია ამ ჯიშის დადებითი მხარეებიდან. ლაბრადორი საკმაოდ დამჯერეა ბუნებით და ძნელი არ არის მისი გაწვრთნა. მათ ძალიან უყვართ ბავშვებთან და სხვა ცხოველებთან ერთად თამაში და საოჯახო ღონისძიებებში მონაწილების მიღება.

1. ოქროსფერი რეტრივერი

ოქროსფერი რეტრივერი

ოქროსფერი რეტრივერი საკმაოდ ენერგიული და ამტანი ძაღლია, ახასიათებს კარგი მახსოვრობა და ინსტიქტები. ისინი ძალიან ჭკვიანები, თბილები, მშვიდები და მოსიყვარულეები არიან. ოქროსფერ რეტრივერებს ძალიან უყვართ ბავშვები და მზად არიან ნებისმიერს დაუმეგობრდნენ. ისინი გიჟდენიან ჩახუტებასა და მოფერებაზე. თავისი უსაზღვროდ კეთილი და მეგობრული ხასიათის გამო, ოქროსფერი რეტრივერი ვერ გამოდგება მოდარაჯე ძაღლის როლისთვის.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ძაღლები ვერ იქნებიან მეგობრულები და თბილები ან ამ ჯიშების წარმომდგენელი ნებისმიერი ძაღლი ერთნაირად კეთილი იქნება. არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერი ჯიშის ძაღლს სჭირდება გაწვრთნა და მათი ხასიათი ხშირად იმაზეა დამოკიდებული, როგორი ხასიათისაა თავად პატრონი და როგორ ზრდის მას.

ზემოთ ჩამოთვლილი ჯიშების გარდა, არ დაგავიწყდეთ ასევე შერეული ჯიში ძაღლები, ანუ მეტისები. მეტისებიც კარგად იწვრთნებიან და არაერთი ბედნიერი წუთის ჩუქება შეუძლიათ თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის. დარწმუნებული იყავით, რომ მათი აყვანით ერთგულ მეგობარს შეიძენთ.

 

--RELATED--

 

გაიგეთ ასევე, რომელი ძაღლის ჯიშები მიიჩნევა ყველაზე საშიშად.


30281 ნახვა



მსგავსი პოსტები

15 ცნობილი გამონათქვამი კატებზე

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 15 ციტატას კატების შესახებ: &...

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...