ბლოგი / ეს საინტერესოა

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

October 24, 2018 14:34 by Kate Katel


ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხარულთანაა დაკავშირებული, თუმცა ეცადეთ არ აჩქარდეთ და სანამ ცუგას სახლში მოიყვანთ, კარგად გაითავისოთ ის პასუხისმგებლობა, რაც ძაღლის აყვანასა და მოვლას გულისხმობს. დღესდღეობით ძაღლის უამრავი ჯიში არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ზომის, ხასიათის, ენერგიის, ჭკუისა და მოვლის საჭიროების მიხედვით. ამიტომ საჭიროა კარგად გაეცნოთ ამა თუ იმ ჯიშს და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება. აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი ცხოვრების სტილი, ფინანსები, საცხოვრბელი გარემო, თავისუფალი დრო და ა.შ.

წარმოგიდგენთ 10 ძაღლის ჯიშს, რომლებიც რეკომენდირებულია ძაღლის პირველად აყვანის მსურველებისთვის:

  1. ბოქსიორი

ბოქსიორი

თუ თქვენ აქტიური ცხოვრების სტილი გაქვთ და საშუალო ან დიდი ჯიშის ძაღლს ეძებთ, ბოქსიორი ძალიან კარგი ვარიანტია. ის ენერგიული, ჭკვიანი და ერთგულია. ძაღლის ეს ჯიში ბუნებით დამცველია, ის ოჯახის, განსაკუთრებით კი ბავშვების საუკეთესო მცველი იქნება. ბოქსიორს სჭირდება აქტიური ვარჯიში, თუმცა ჰიპერატიურობის მიუხედავად, მისი გაწვრთნა არ არის რთული, ის საკმაოდ კარგად სწავლობს ბრძანებებსა და მითითებებს. ბოქსიორს არ სჭირდება აქტიური გრუმინგი დ ამ მხრივ მისი მოვლა სირთულეს არ წარმოადგენს.

  1. იორკშირული ტერიერი

იორკი იორკშირ ტერიერი

პატარა ჯიშის ძაღლების მოყვარულებისთვის კარგი ვარიანტია იორკშირ ტერიერი. ის იდეალურად ეგუება ბინაში ცხოვრებას და საშუალო აქტიურობით გამოირჩევა. თუმცა მისი ბეწვი აქტიურ გრუმინგს საჭიროებს, აუცილებელია მისი ხშირი დავარცხნა და გაკრეჭვა. თუ ამისთვის საკმარისი დრო და ფინანსები გაქვთ, პატარა იორკი თქვენი დიდი მეგობარი და ერთგული ოჯახის წევრი იქნება.

  1. პაპილონი

პაპილონი

პაპილონი მხიარული, ენერგიული და  ჭკვიანი პატარა ტანის ძაღლია. მას არ სჭირდება აქტიური ვარჯიში, თუმცა სიამოვნებით ითამაშებს და ირბენს თქვენთან ერთად. ის საკმაოდ გონიერია და კარგად სწავლობს ყველაფერს, იოლი გასაწვრთნელია და მისი ბეწვიც ზომიერ გრუმინგს საჭიროებს.

  1. კავალიერ კინგ ჩარლზ სპანიელი

კინგ  ჩარლზ სპანიელი

კავალიერ კინგ ჩარლს სპანიელი ლამაზი, პატარა ზომის ძაღლია ლეკვის გამომეტყველებით. ის ჭკვიანი, გონიერი და ელეგანტურია, არ არის ხმაურიანი. ამ ჯიშის სპანიელს განსაკუთრებული დატვირთვა არ სჭირდება, ყოველდღიური გასეირნება და ზომიერი ვარჯიში სრულიად საკმარისია. მისი საშუალო სიგრძის ბეწვი არ არის რთული მოსავლელი, უბრალოდ საჭიროა რეგულარული ვარცხნა. კავალიერ კინგ ჩარლს სპანიელი საშუალო აქტიურობის ძაღლია და შესანიშნავად ეწყობა ნებისმიერი ასაკის ბავშვებს.

  1.  ბიშონ ფრიზე

ბიშონ ფრიზე

პატარა ზომის ბიშონ ფრიზე იდეალური კომპანიონია ბინის პირობებში საცხოვრებლად და ბავშვიანი ოჯახებისთვის. ეს მხიარული, ჭკვიანი და საყვარელი ძაღლი, რომელიც  პატარა ბამბის ბურთს ჰგავს, არ არის რთული გასაწვრთნელი და არც აქტიურ დატვირთვას საჭიროებს. თუმცა თუ თქვენს არჩევანს ბიშონზე შეაჩერებთ, მზად იყავით ხშირი ფინანსური ხარჯისთვის, რადგან  მისი ხვეული ბეწვი აქტიურ გრუმინგის საჭიროებს.

--RELATED--
  1. ლაბრადორ რეტრივერი

ლაბი ლაბრადორ რეტრივერი

ლაბრადორ რეტრივერი მთელს მსოფლიოში გავრცელებული ძაღლის ჯიშია, რომელსაც ხშირად ირჩევენ კომპანიონად. ის ძალიან ჭკვიანი, ერთგული, მეგობრული და მოსიყვარულეა, ხშირად ურჩევენ ბავშვიან ოჯახებს. ლაბრადორი საკმაოდ აქტიური და მხიარული, საშუალოზე დიდი ზომის ძაღლია, რომელიც საჭიროებს ხშირ ვარჯისა და სეირნობას. არასაკმარისი აქტიურობის შედეგად შეიძლება მოიწყინოს და მავნე ჩვევები გამოიმუშაოს, აგრეთვე თავისი ღორმუცელობის წყალობით ზედმეტი წონის პრობლემაც შეექმნას. მას დაბალი ბეწვი აქვს და ხშირი გრუმინგი არაა საჭირო, თუმცა მიდრეკილია ბეწვის ცვენისკენ.

  1. პომერანული შპიცი

პომერანული შპიცი

პატარა ზომის ძაღლების მოყვარულებისთვის კარგი არჩევანია ასევე პომერანული შპიცი. ეს პატარა, საყვარელი ბეწვის ბურთი არ საჭიროებს აქტიურ დატვირთვას, კარგად ეგუება ბინაში ცხოვრებას და ყოველდღიური გასეირნება საკმარისია მის სავარჯიშოდ. მისი ბეწვი ერთი შეხედვით უფრო რთული მოსავლელი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. მას რეგულარული გრუმინგის ნაცვლად უფრო ხშირი ვარცხნა სჭირდება.  შპიცი მხიარული, ერთგული და მოსიყვარულე ძაღლია, თუმცა ხშირად მრავალსულიან და პატარა ბავშვიან ოჯახებს არ ურჩევენხოლმე.

  1. ოქროსფერი რეტრივერი

ოქროსფერი რეტრივერი გოლდენ რეტრივერი

მრავალი გამოკითხვის თანახმად, ოქროსფერი რეტრივერი არაერთხელ დასახელდა როგორც  ყველაზე მეგობრული, ყველაზე კეთილი თუ ოჯახის საუკეთესო კომპანიონი ძაღლი. მისი პოპულარობა მთელს მსოფლიოში უდაოა. ოქროსფერი რეტრივერი მართლაც ძალიან კეთილი, გონიერი, ერთგული და მოსიყვარულე ძაღლია. ის იდეალურად ეწყობა დიდ ოჯახებსა და ბავშვებს. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ის საკამოდ აქტიურია და ხშირ ვარჯიშს საჭიროებს. მას უყვარს სირბილი, ცურვა, ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა. თავიანთი  შესანიშნავი ჭკუის წყალობით მისი გაწვრთნა რთული არ არის და სიხარულით ითვისებს სიახლეებს.

  1. პუდელი

პუდელი

პუდელი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძაღლის ჯიშია. არსებობს მისი სამი სახეობა: თოი, მინიატურული და სტანდარტული. სამივე სახის პუდელი ძალიან ჭკვიანი და იოლი გასაწვრთნელია. ისინი კარგად ადაპტირდებიან და შესანიშნავად ეწყობიან ბავშვებს. პუდელები საკმაოდ აქტიურები არიან და საჭიროებენ ფიზიკურ და გონებრივ ვარჯიშს. მისი ხვეული ბეწვისთვის აუცილებელია ხშირი გრუმინგი, თუმცა ბეწვის ცვენის პრობლება ამ ჯიშისთვის ყველაზე ნაკლებადაა დამახასიათებელი.

  1. მეტისი

მეტისი უჯიშო

ძაღლის ჯიშების არჩევისას არ დაგავიწდეთ ასევე მეტისი, ანუ შერეული ჯიშის ძაღლის განხილვაც. თუ რომელიმე კონკრეტული ჯიში არ გაქვთ არჩეული, მეტისი შესანიშნავი არჩევანი იქნება. მათ უამრავი დადებითი თვისება აქვთ სხვადასხვა ჯიშებისგან მიღებული, ხშირად სხვა ჯიშებზე ჭკვიანებიც არიან და აგრეთვე უფრო გამძლე ორგანიზმი და ჯანმრთელობა აქვთ. სანამ ახალი ოთხფეხა მეგობრის შესაძენად გაეშურებით, აუცილებლად შეიარეთ თავშესაფრებში, ცხოვრების ერთგული თანამეგზურის შეძენასთან ერთად თქვენ კიდევ ერთ სიცოცხლეს გადაარჩენთ და გაულამაზებთ ცხოვრებას.

 

--RELATED--

584 ნახვა