ძაღლის ჯიშები: ციმბირული ჰასკი
October 21, 2017 02:33 Kate Katel

ციმბირული ჰასკი შპიცის ჯგუფის ულამაზესი წარმომადგენელია. ჰასკი სამუშაო ჯიშის ძაღლებს მიეკუთვნება. ეს ჯიში ძალიან სწრაფი, ენერგიული და მხიარულია. მიუხედავად მისი მგლისებრი შესახედაობისა, ის ასევე ძალიან მეგობრული და კეთილი ძაღლია. ციმბირული ჰასკი საკმაოდ პოპულარული ჯიშია, განსაკუთრებით ცივი კლიმატის ქვეყნებში. თუმცა ბოლო პერიოდში საქართველოშიც საკმაოდ მომრავლდა მათი რაოდენობა.
ჯიშის ზოგადი დახასიათება
წარმოშობის ქვეყანა: რუსეთი
დანიშნულება: სამუშაო
წონა: ხვადი 20-27 კგ; ძუ 16- 23 კგ
სიმაღლე: ხვადი 53-60 სმ; ძუ 51-56 სმ
ლეკვების რაოდენობა: 5-8 ლეკვი
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15 წელი
ციმბირული ჰასკი საშუალო ტანის ძაღლია. შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, როგორც ერთი, ასევე შერეული შეფერილობის. ბეწვი საშუალო სიგრძის, ორმაგი, ხშირი და ბზინვარე აქვს. მისი ბეწვი დაფარულია სპეციალური სითხით, რომელიც ტემპერატურის ცვლილებისგან იცავს ძაღლს. სწორედ ასეთი ბეწვის წყალობით არიან ისინი გამძლე ცივი კლიმატისადმი. თვალები ცისფერი, თაფლისფერი ან ყავისფერია. ხშირია ჰეტეროქრომია - სხვადასხვა ფერის თვალები. სახე საშუალო სიგრძის და სიგანისაა და ცხვირისკენ დავიწროვებული. ყურები სამკუთხა ფორმის, ზემოთ აწეული უნდა ჰქონდეს. ჰასკის წინა ფეხები სწორი და პარალელურად განლაგებული, უკანა უფრო დაკუნთული და ძლიერია. თათები თოვლთან ადაპტირებულია და დაფარულია ბეწვით. კუდი ფუმფულა რკალისებრი. შეიძლება ჰქონდეს ზემოთ აწეული ან ჩამოშვებული. ძლიერ დახვეული და ზურგზე დაწოლილი კუდი ჰასკისთვის არ არის დამახასიათებელი.
ადაპტაცია |
⭐⭐⭐⭐ |
ჯანმრთელობა |
⭐⭐⭐⭐ |
ადამიანზე მიჯაჭვულობა |
⭐⭐⭐⭐⭐ |
ინტელექტი |
⭐⭐⭐⭐ |
ყეფის ტენდეცია |
⭐⭐ |
თამაშის სიყვარული |
⭐⭐⭐⭐⭐ |
მეგობრობა ძაღლებთან |
⭐⭐⭐⭐⭐ |
ვარჯიშის საჭიროება |
⭐⭐⭐⭐⭐ |
მეგობრობა ბავშვებთან |
⭐⭐⭐⭐⭐ |
გრუმინგი |
⭐⭐⭐ |
მეგობრობა კატებთან |
⭐ |
ბეწვის ცვენა |
⭐⭐⭐⭐ |
მეგობრობა უცნობებთან |
⭐⭐⭐ |
ტერიტორიალური |
⭐ |
გაწვრთნადი |
⭐⭐⭐ |
მოდარაჯე |
⭐ |
ისტორია
ციმბირული ჰასკი ითვლება მარხილის პირველი ძაღლების შთამომავლად, რომელიც თავის მხრივ, ერთ-ერთ უძველეს ჯიშად მიიჩნევა. როგორც ცნობილია ჰასკი ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრებმა მომთაბარე ჩუქჩებმა გამოიყვანეს. მათ მარხილში შესაბმელად იყენებდნენ. ეს საკმაოდ ენერგიული და სწრაფი ჯიში ჩუქჩებისთვის შესანიშნავ ტრანსპორტს და ტვირთის გადამტანს წარმოადგენდა. ასევე, ჰასკები ოჯახის შესანიშნავი კომპანიონები იყვნენ, როგორც ამბობენ ისინი ბავშვებთან ერთად იძინებდნენ და ათბობდნენ მათ.
მე-20 საუკუნის დასაწყისში, ოქროს ციებ-ცხელების პერიოდში დაიწყეს ციმბირული ჰასკების იმპორტირება ალასკაზე. ამ დროიდან მონაწილეობდნენ ისინი ალასკის მარხილით რბოლებში, სადაც სახელი გაითქვეს და სწორედ ამის წყალობით გადარჩნენ გადაშენებას. მე-20 საუკუნის დასაწყისში საბჭოთა კავშირში შეიქმნა ჩრდილოეთის ძაღლების საერთო რეესტრი, სადაც ციმბირული ჰასკი ვერ მოხვდა და ამის გამო 1940 წლისთვის ისინი ფაქტობრივად აღარ არსებობდნენ საბჭოთა კავშირში. ჰასკებს ხშირად იყენებდნენ ასევე სხვადასხვა პოლარულ ექსპედიციებში.
ციმბირული ჰასკი განსაკუთრებით პოპულარული გახდა 1925 წლიდან, როცა ალასკის ქალაქი ნომი დიფტერიის ეპიდემიამ მოიცვა, უამინდობის გამო კი ერთადერთი გზა ვაქცინის მისატანად მარხილების გამოყენება იყო. საშინელ უამინდობაში ციმბირულმა ჰასკებმა შეძლეს ურთულესი გზის გავლის შემდეგ ვაქცინის დანიშნულების ადგილამდე მიტანა. ამ თემაზე გადაღებულია ფილმი “ბალტო”. ასევე ნიუ იორკის ცენტრალ პარკში ამ ძაღლების პატივსაცემად ბალტოს ძეგლიც გაუხსნეს.
ჩანაწერების მიხედვით ჰასკების ბოლო ექსპორტი ციმბირიდან 1930 წელს მოხდა, სანამ საბჭოთა კავშირი სავაჭრო საზღვრებს ჩაკეტავდა. ამავე წელს მოხდა ციმბირული ჰასკის ჯიშის აღიარება ამერიკის კენელ კლუბის მიერ, ხოლო კანადაში 1939 წელს დაარეგისტრირეს.
ხასიათი
ციმბირული ჰასკი ჭკვიანი, ერთგული, მეგობრული და ხალიასინი ჯიშის ძაღლია. მათ ძალიან უყვართ თამაში და ადამაინებთან ყოფნა. ისინი ჩუქჩებთან ერთად ქოხებში ცხოვრობდნენ და დიდ დროს ქალებთან და ბავშვებთან ატარებდნენ, ამიტომ ჰასკები მაქსიმალურად კეთილ და უსაფრთხო ჯიშად გამოიყვანეს. მისთვის არც ყეფააა დამახასიათებელი, უფრო მეტად ყმუიან, ვიდრე ყეფენ. გარშემომყოფებისადმი თავისი მეგობრული დამოკიდებულების გამო ჰასკი დამცველად ვერ გამოდგება. თავისუფლად შეიძლება ის უცნობ ადამიანსაც სიხარულით შეხვდეს და მოესიყვარულოს.
ჰასკს საკმაოდ ჯიუტი ხასიათი აქვს, თუმცა ძალიან ჭკვიანია და ნებისმიერი რამის სწავლა შეუძლია. მათში განვითარებულია ხროვის ინსტიქტი. ხროვას კი მეთაური ჰყავს და ამიტომ შეიძლება მას დომინირების სურვილი ჰქონდეს, მაგრამ ადრეული ასაკიდან უნდა დაანახოთ რომ თქვენ ხართ მეთაური.
ციმბირული ჰასკი ძალიან გამძლე და ენერგიულია და აქტიურ ვარჯიშს საჭიროებს. მას არ უყვარს დახურული სივრცე და არც ისე მისაღებია მისი ბინაში ცხოვრება. ჰასკს უყვარს სირბილი, ხტომა და ახალი ტერიტორიების დაპყრობა. ისინი გაქცევის ოსტატებად ითვლებიან, ამიტომ ფრთხილად იყავით მათი სეირნობისას, ეზოში გააკეთეთ მაღალი ღობე, რომელიც მიწაშიც ღრმად იქნება ჩასული. ციმბირული ჰასკების ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა თხრა და გვირაბების გაყვანაა. გირჩევთ, მაქსიმალური ზომები მიიღოთ მათი დაკარგვისგან თავის ასარიდებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ციმბირული ჰასკი მარხილის ძაღლად გამოიყვანეს, ისინი ხშირად ნანადირევით იკვებებოდნენ. თუმცა ისინი სანადიროდ არ გამოდგებიან, მათ ნადავლი არ მოაქვთ. ჰასკებს ფრინველებზე და მცირე ზომის ცხოველებზე, მათ შორის კატაზე ნადირობის ინსტიქტი შემორჩათ, ამიტომ მისი ცხოვრება ძაღლის გარდა სხვა ცხოველებთან ერთად არ არის რეკომენდებული. თუმცა ადრეული ლეკვობის ასაკიდან შესაბამისი გაწვრთნის შემთხვევაში მათი ბედნიერი თანაცხოვრება შესაძლებელია.
მოვლა
ციმბირულ ჰასკს სჭირდება ხშირი გასეირნება და ვარჯიში, განსაკუთრებით თუ მისი ყოლა ბინაში გადაწყვიტეთ, დარწმუნდით რომ ამისთვის საკმარისი დრო გექნებათ. ადრეული ასაკიდან შეაჩვიეთ ბრძანებებს, რადგან ჰასკი საკმაოდ ჯიუტია და შემდეგ უფრო ნაკლებად დაგემორჩილებათ.
ჰასკი ცივი კლიმატისთვის გამოყვანილი ჯიშია და ძნელად ეგუება სიცხეს. ცხელ დღეებში ეცადეთ ნაკლებად დატვირთოთ და ავარჯიშოთ. მიეცით ხშირი წვდომა წყალთან, როგორც დასალევად, ასევე საჭყუმპალაოდ.
ჰასკის კვება დამოკიდებულია კონკრეტული ძაღლის ზომაზე, წონაზე, მეტაბოლიზმზე, ჯანმრთელობასა და სხვა ფაქტორებზე. ყველა ძაღლი, როგორც ადამიანი ინდივიდუალურია, ამიტომ მათი მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა შეურჩიოთ კვების რაციონი. მათთვის კარგია თევზის შემცველი საჭმელი. სიფრთხილით შეუცვალეთ საკვები, რადგან შეიძლება გაუჭირდეს უცებ სხვა საკვებზე გადასვლა.
ციმბირული ჰასკის ბეწვს რეგულარული ვარცხნა სჭირდება, განსაკუთრებით კი შემოდგომასა და გაზაფხულზე, როცა ბეწვს იცვლის. დაბანა ხშირად არ არის რეკომენდირებული. მისთვის დამახასიათებელი ბეწვის სტრუქტურის გამო ჰასკები იშვიათად ისვრებიან და სუნიც არ ახასიათებთ. თუ ბანაობა აუცილებლობას არ წარმოადგენს, შეგიძლიათ უბრალოდ გაწმინდოთხოლმე.
პერიოდულად შეუმოწმეთ ყურები, რომ არ ჰქონდეს სიწითლე და ცუდი სუნი, რაც ინფექციის მანიშნებელია.
მიაჩვიეთ კბილების გახეხვას ლეკვობიდან. ასევე დააჭერით ბრჭყალები, თუ მათ ბუნებრივ ცვეთას ვერ ახერხებს.
ციმბირული ჰასკი ზოგადად საკმაოდ ჯანმრთელი ძაღლია, მაგრამ შესაძლოა ჰქონდეს მემკვიდრეობით თვალის დაავადებები და სახსრების დისპლაზია. თუკი ციმბირული ჰასკის ლეკვის შეძენას გადაწყვეტთ, გადაამოწმეთ მისი მშობლების ჯანმრთელობის ისტორია.
ასევე გაიგეთ, რომელია 2017 წლის 10 ყველაზე პოპულარული ძაღლის ჯიში