ბლოგი / ეს საინტერესოა

ძაღლის ჯიშები: როტვეილერი




როტვეილერი ან როტი, როგორც მას ხშირად შემოკლებით უწოდებენ, გამოიყვანეს XIX საუკუნეში გერმანიის ქალაქ როტვეილში. მისი მთავარი დანიშნულება ნადირობა და დაცვა იყო. დღესდღეობით ეს ჯიში საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიოში და სხვადასხვა დანიშნულება აქვს. მრავალი გამოკითხვის თანახმად, როტვეილერი ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ჯიშად იქნა დასახელებული. თავისი ძლიერი აღნაგობისა და მკვეთრად განვითარებული დაცვის ინსტიქტის წყალობით, ის შეიძლება იყოს საკმაოდ საშიში, თუმცა ეს დამოკიდებულია პატრონზე, თუ როგორ აღზრდის და გაწვრთნის მას.

როტვეილერი

ჯიშის ზოგადი მახასიათებლები

წარმოშობის ქვეყანა: გერმანია

დანიშნულება: ნადირობა, დაცვა

წონა: ხვადი 50-60 კგ; ძუ 35-50 კგ

სიმაღლე: ხვადი 61-69 სმ; ძუ 56-63 სმ

ლეკვების რაოდენობა: 8-12 ლეკვი

სიცოცხლის ხანგრძლივობა: 8-11 წელი

როტვეილერის ძლიერი და დაკუნთული სხეული დაფარული აქვს ორმაგი დაბალი ბზინვარე ბეწვით, რომელიც მჭიდროდ ეკვრის ტანს. ბეწვი შავია, მოყავისფრო ან მოწითალო ლაქებით თვალებზე, დრუნჩზე, ფეხებზე, გულმკერდასა და კუდს ქვემოთ. როტს კისერი ძლიერი და დაკუნთული აქვს, წინა ფეხები სწორი, უკანა უფრო გრძელი და დაკუნთული, კუდს ხშირად აჭრიან. მას ფართო თავი აქვს, თანდათან დავიწროვებული, ცხვირი ფართო და ყოველთვის შავი, თვალები ჩამჯდარი, მუქი ყავისფერი ფერის, ყურები სამკუთხა ფორმის, ფართო და გადმოკეცილი, პირი და ღრძილებიც მუქია. როტვეილერს ძლიერი ყბები აქვს, ასევე ძლიერი და ბასრი კბილები.

როტვეილერი როტი

ადაპტაცია
⭐⭐⭐
გაწვრთნადი
⭐⭐⭐⭐
ადამიანზე მიჯაჭვულობა
⭐⭐⭐
ვარჯიშის საჭიროება
⭐⭐⭐⭐
სოციალიზაცია
⭐⭐⭐⭐⭐
გრუმინგი
ყეფის ტენდეცია
⭐⭐⭐
ბეწვის ცვენა
⭐⭐⭐
მოგობრობა კატებთან
⭐⭐
ჯანმრთელობა
⭐⭐⭐⭐
მეგობრობა ბავშვებთან
⭐⭐
ინტელექტი
⭐⭐⭐⭐
მეგობრობა ძაღლებთან
თამაშის სიყვარული
⭐⭐⭐⭐⭐
მეგობრობა უცხოებთან
ტერიტორიალური
⭐⭐⭐⭐⭐
ბინაში ცხოვრება
⭐⭐⭐
მოდარაჯე
⭐⭐⭐⭐⭐

ისტორია

როგორც აღვნიშნეთ თანამედროვე როტვეილერის ჯიში XIX საუკუნეში გამოიყვანეს გერმანიაში. თუმცა ამ ჯიშის ისტორია საკმაოდ ძველია, ის უძველესი მწყემსი ძაღლების შთამომავლად ითვლება. მათი გავრცელება დაკავშირებულია რომის იმპერიასთან. როგორც ცნობილია, რომაელ ლეგიონებს ევროპის დაპყრობისას თან დაჰყავდათ საქონლის ჯოგი გამოსაკვებად, მათ მოსამწყემსად და დასაცავად კი ჰყავდათ მასტიფის ჯიშის ძაღლები. ეს მასტიფები ძლიერი, ერთგული და ჭკვიანი ძაღლები იყვნენ. სწორედ ისინი იყვნენ როტვეილერის წინაპრები. ჩვ. წ. 74 წელს რომაელებმა მიაღწიეს ალპებს და გერმანიის ტერიტორიას. მომდევნო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ეს ძაღლები კვლავ ნახირის გასარეკად და დასაცავად გამოიყენებოდა, ისინი საკმაოდ პოპულარულები იყვნენ შვაბების მიერ  რომაელების ტერიტირიიდან განდევნის შემდეგაც კი.

გერმანიის ტერიტორია, რომელსაც მოგვიანებით როტვეილი ეწოდა, მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად იქცა. რომაელების მენახირე ძაღლებს საქონლის ბაზარში გარეკვა  და მათი დაცვა ევალებოდათ. როგორც ამბობენ, შუა საუკუნეებში მათ ყასბებიც იყენებდნენ კისერზე შემოხვეული ფულის ქისების დასაცავად. სწორედ ამიტომ მათ “როტვეილის ყასაბ ძაღლებსაც” უწოდებდნენ. რკინიგზის გამოყენებამ საქონლის გადასაადგილებლად, როტვეილერების როგორც მწყემსების საჭიროება თანდათან შეამცირა და მათი რაოდენობდა მე-19 საუკუნის ბოლოსკენ საკმაოდ შემცირდა. მე-20 საუკუნიდან შეიქმნა როტვეილერის ოფიციალური სტანდარტები და დამოკიდებულებაც მეტ-ნაკლებად შეიცვალა ამ ჯიშის მიმართ. მათი გამოყენება დაიწყეს სამუშაო დანიშნულებით.

პირველი მსოფლიო ომის პერიოდში გაიზარდა საპოლიციო ძაღლების საჭიროება. ამან ხელი შეუწყო როტვეილერის ჯიშის კიდევ უფრო გავრცელებას. მათ ხშირად იყენებდნენ კურიერად, გადამზიდად, ასევე სასწრაფო დახმარებისა და დაცვის სამსახურში.  

--RELATED--

ხასიათი

როტვეილერი გაწონასწორებული, ძლიერი, უშიშარი, თავდაჯერებული და ძალიან ერთგული ძაღლია. მას მძლავრად განვითრებული დაცვის ინსტიქტი აქვს, ის ყოველთვის მზადაა ნებისმიერ ფასად დაიცვას თავისი პატრონი და ოჯახი. ის შესანიშნავი მოდარაჯეა და ტერიტორიალურობა ახასიათებს, არ ენდობა უცნობებს, სანამ კარგად არ გაიცნობს მათ. რამდენადაც საშიში შეიძლება იყოს არაკეთილმოსურნეთათვის, იმდენად თბილი, კეთილი და მოსიყვარულეა ოჯახის წევრების მიმართ.

როტვეილერი ძლიერი აღნაგობის საკმაოდ აქტიური ძაღლია. ამიტომ მას ადრეული ასაკიდან სჭირდება ვარჯიში და გაწვრთნა. მისთვის მნიშვნელოვანია ადრეული სოციალიზაცია. საჭიროა ლეკვობიდან შეაჩვიოთ ბავშვებთან და სხვა ცხოველებთან ურთიერთობას. ამასთანავე, აუცილებლად ასწავლეთ ბავშვს ძაღლთან მოქცევის წესები. უხეში და არასათანადო დამოკიდებულების შედეგად ძაღლი შესაძლოა იყოს აგრესიული. ფრთხილად შეაჩვიეთ უცხო ძაღლებს, განსაკუთრებით კი თავისივე სქესის წარმომადგენლებს.

როტვეილერი ძალიან ჭკვიანი და გონიერი ძაღლია. ის იოლადსწავლობს და ითვისებს ყველაფერს, თუმცა საჭიროა ადრეული და სწორი გაწვრთნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაკონტროლება ძალიან გაგიჭირდებათ. მის სიძლიერეს, ამტანობას და ძლიერ დაცვის თვისებას ზოგი უპასუხისმგებლო პატრონი ბოროტად იყენებს, უხეშად და აგრესიულად ზრდის მას. ასეთ შემთხვევაში ძაღლს ფსიქიკა უმახინჯდება და შეიძლება მართლაც ძალიან საშიში გახდეს.

როტვეილერის მოვლა

მოვლა

თუ როტვეილერის აყვანას გადაწყვეტთ, მზად იყავით იმისთვის, რომ მას ადრეული კარგი გაწვრთნა და ვარჯიში სჭირდება. საჭიროა მტკიცე ხასიათი და ნებისყოფა გამოავლინოთ მისი გაწვრთნისას, თუ მას აგრესიას შენიშნავთ, შესაძლოა უმჯობესი იყოს სპეციალისტს მიმართოთ ქცევის კორექციისთვის.

როტს უყვართ თამაში და ფაქტობრივად არ იღლებიან ვარჯიშით. ხშირად ასეირნეთ, მიეცით სირბილის და თამაშის საშუალება. ნუ დატოვებთ დიდი ხნით მარტო, მათთვის მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებთან ურთირთობა.

მისი შესანიშნავი დარაჯისა და დამცველის თვისებების გამო შესაძლოა საშიში იყოს უცნობებისთვის, ამიტომ სტუმრებს თქვენი მეთვალყურეობის გარეშე ნუ შემოუშვებთ სახლში. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ან/და ქუჩაში ატარეთ საბელით.

როტვეილერის დაბალი და უხეში ბეწვი აქტიურ გრუმინგს არ საჭიროებს. კვირაში ერთხელ ჯაგრისით დავარცხნა საკმარისია მისთვის, სეზონური ბეწვის ცვენის პერიოდში კი უფრო ხშირად დავარცხნეთ. დაბანეთ საჭიროებისამებრ.

როტვეილერის ჯიშის ძაღლები მიდრეკილნი არიან სიმსუქნისკენ, ამიტომ აკონტროლეთ მისი ჭამა. მიეცით საკვები 2-ჯერ დღეში ერთსა და იმავე დროს. საკვების მოცულობა საჭიროა განისაზღვროს ინდივიდუალურად ძაღლის ასაკის, წონის, მეტაბოლიზმის, აქტივობის, ჯანმრთელობის და სხვა პირობების გათვალისწინებით.

სხვა ძაღლების მსგავსად, როტსაც სჭირდება კბილების გახეხვა მინიმუმ ორჯერ კვირაში და ფრჩხილების დაჭრა, თუ მისი ცვეთა ბუნებრვად არ ხდება.

რეგულარულად შეუმოწმეთ თქვენს ძაღლს თვალები, ყურები, ცხვირი, პირი და კანი. ცვლილების დროული შემჩნევა დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის საშუალებას მოგცემთ.

როტვეილერები საკმაოდ ჯანმრთელი ძაღლები არიან. ყველაზე გავრცელებული დაავადებები მათ შორის შეიძლება იყოს: სიმსივნე, მენჯ-ბარძაყის დისპლაზია, ოსტეოქონროზი, კარდიომიოპათია, ალერგია და სხვ.

 


გაიცანით, ასევე შესანიშნავი დამცველი ძაღლი - გერმანული ნაგაზი -petario.com/zaglis-jishebi-germanuli-nagazi


15621 ნახვა



მსგავსი პოსტები

15 ცნობილი გამონათქვამი კატებზე

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 15 ციტატას კატების შესახებ: &...

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...