ძაღლის ჯიშები: ოქროსფერი რეტრივერი
October 24, 2017 22:14 Kate Katel

ოქროსფერი (გოლდენ) რეტრივერი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჯიშია. ძნელია იპოვო ადმიანი, რომელსაც უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ამ ჯიშის მიმართ. მისი უამრავი დადებითი თვისების გამო ოქროსფერი რეტრივერი ძალიან პოპულარულია და შესანიშნავ საოჯახო ძაღლად ითვლება.
ჯიშის ზოგადი დახასიათება
წარმოშობის ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
დანიშნულება: ნადირობა (ფრინველებზე)
წონა: ხვადი 30-35 კგ; ძუ 25-30კგ
სიმაღლე: ხვადი 56-61 სმ; ძუ 51-56 სმ
ლეკვების რაოდენობა: 4-12 ლეკვი
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-13 წელი
ოქროსფერი რეტრივერი ცნობილია თავისი მოხდენილი გარეგნობით. ის დიდი ზომის ძაღლად ითვლება, ზრდასრული ძაღლის სხეული პროპორციული და კარგად დაკუნთულია, განიერი გულმკერდით. მისი ფეხები სწორია, უკანა უფრო დაკუნთული, კუდი სწორი, ტალღოვანი ბეწვით დაფარული. ოქროსფერი რეტრივერს ბეწვი დაწვენილი აქვს, სწორი ან ტალღოვანი, შესაძლოა იყოს კრემისფერისა და ოქროსფერის ნებისმიერი ტონალობის. მისი სახე ფართო, მეგობრული გამომეტყველებით, ცხვირი შავი, თვალები ღია ან მუქი თაფლისფერი, ყურები თვალების გასწვრივ მდებარე, დავარდნილი, საშუალო ზომის.
ადაპტაცია |
⭐⭐⭐⭐⭐ |
გაწვრთნადი |
⭐⭐⭐⭐⭐ |
ადამიანზე მიჯაჭვულობა |
⭐⭐⭐⭐⭐ |
ვარჯიშის საჭიროება |
⭐⭐⭐⭐⭐ |
სოციალიზაცია |
⭐⭐⭐⭐⭐ |
გრუმინგი |
⭐⭐⭐ |
ყეფის ტენდეცია |
⭐⭐ |
ბეწვის ცვენა |
⭐⭐⭐⭐ |
მოგობრობა კატებთან |
⭐⭐⭐⭐ |
ჯანმრთელობა |
⭐⭐⭐⭐ |
მეგობრობა ბავშვებთან |
⭐⭐⭐⭐⭐ |
ინტელექტი |
⭐⭐⭐⭐⭐ |
მეგობრობა ძაღლებთან |
⭐⭐⭐⭐⭐ |
თამაშის სიყვარული |
⭐⭐⭐⭐⭐ |
მეგობრობა უცხოებთან |
⭐⭐⭐⭐⭐ |
ტერიტორიალური |
⭐⭐⭐ |
ბინაში ცხოვრება |
⭐⭐⭐ |
მოდარაჯე |
⭐⭐⭐ |
ისტორია
ოქროსფერი რეტრივერის წარმოშობაზე დიდხანს დაობდნენ, რადგან მისი ზუსტი წარმოშობა ცნობილი არ იყო. ზოგიერთი მათ რუსული ტრეკერების შთამომავლად თვლიდა, რომლებიც საცირკო წარმოდგენებში მონაწილეობდნენ. თუმცა დღესდღეობით ითვლება, რომ ოქროსფერი რეტრივერის წარმოშობა მოხდა შოტლანდიაში მე-19 საუკუნეში. იმ პერიოდში დადლი მარჯორიბანკსი, ცნობილი როგორც ლორდი ტვიდმაუსი, ცდილობდა სხვადასხვა ძაღლის ჯიშების სრულყოფას. მას სურდა გამოეყვანა ჯიში, რომელიც კარგი კომპანიონი იქნებოდა ადამიანისთვის წყლის ფრინველებზე ნადირობისას, ასევე გონიერი და მეგობრული ოჯახისთვის. როგორც ვარაუდობენ, თავდაპირველად სენტ ჯონსის წყლის ძაღლსა და ტვიდ სპანიელს აჯვარებდნენ, შემდეგ მათ კი - ბლადჰაუნდებთან და სეტერებთან. ასე წარმოიშვა ოქროსფერი რეტრივერი. თავდაპირველად უფრო ოქროსფერი შეფერილობის ძაღლებს აქცევდნენ ყურადღებას, შემდეგ კრემისფერი შეფერილობაც აქტუალური გახდა. ინგლისის კენელ კლუბმა პირველად ეს ჯიში 1911 წელს დაარეგისტრირა, როგორც “რეტრივერი - ყვითელი ან ოქროსფერი”. 1920 წელს კი ოფიციალურად ეწოდა ოქროსფერი რეტრივერი.
ხასიათი
კეთილი, ერთგული, მეგობრული და მშვიდი ხასიათი ამ ჯიშის სავიზიტო ბარათია. ოქროსფერ რეტრივერს ძალიან უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ის კეთილგანწყობილია უცხოების მიმართ და ძალიან მომთმენი ბავშვებისადმი. ის ასევე კარგად ეგუება ძაღლებს და სხვა ცხოველებს. ოქროსფერი რეტრივერი ძალიან გონიერია და ადვიალდ იწვრთნება. მას სტენლი კორენის წიგნში “ძაღლების ინეტელექტი” ყველაზე ჭკვიან ძაღლებს შორის მე-4 ადგილი უჭირავს. ის საკმაოდ მხიარული და ენერგიულია, უყვარს თამაში, სირბილი და ცურვა. საჭიროებს ყოველდღიურ ვარჯიშს, თუ ამ ჯიშს აიყვანთ, მზად იყავით აქტიური ცხოვრებისთვის. ოქროებს ძალიან მგრძნობიარე და ნაზი ბუნება აქვთ, მათთვის მნიშვნელოვანია ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და სიამოვნებით იღებენ მონაწილეობას საოჯახო ღონისძიებებში. ამიტომ ატარეთ თქვენთან ერთად და ნუ დატოვებთ მათ დიდი ხნით მარტო. მიუხედავად მისი თანდაყოლილი უამრავი დადებითი თვისებისა, არასათანადო მოპყრობის პირობებში ოქროსფერი რეტრივერს შეიძლება მავნე ჩვევები გამოუმუშავდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია ლეკვობიდან გაწვრთნათ, რაც საბედნიეროდ დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს. თავისი ჭკუის, გონიერების და დამჯერი ხასიათის გამო ის იოლად ითვისებს ყველაფერს.
ოქროსფერი რეტრივერი შეუფერებელია მცველი ძაღლის როლისთვის ადამიანების მიმართ მისი სიყვარულის და კეთილგანწყობის გამო. თუმცა უცხოს მოახლოებას ყეფით მაინც გამცნობს და სადარჯოდ შეიძლება გამოდგეს.
გერმანული ნაგაზი- ძაღლი, რომელიც მცველად გამოგადგებათ
ოქროსფერი რეტრივერები ხშირად იღებენ მონაწილეობას სპორტულ შეჯიბრებებში. მათ იყენებენ ასევე წყლის ფრინველებზე სანადიროდ. შესანიშნავი ყნოსვის წყალობით აქტიურად იყენებენ სამძებრო და სამაშველო სამუშაოებითვის. ოქროსფერი რეტრივერები ფართოდაა გავრცელებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, სმენადაქვეითებულთა და უსინათლოთა გამყოლი ძაღლების სახით.
მოვლა
ოქროსფერი რეტრივერი აქტიური და სიცოცხლით სავსე ძაღლია, ამიტომ მას სჭრდება სივრცე სათამაშოდ და სარბენად. უყვარს ფრისბის თამაში, ასევე გადაგდებულის მოტანა. როგორც ზოგადად რეტრივერებისთვისაა დამახასიათებელი მასაც შეუძლია დაუზიანებლად ატაროს პირით ნივთები ან ცოცხალი არსებები. თუ ლაშქრობის მოყვარული ხართ, თქვენი ოთხფეხა მეგობარი სიამოვნებით შემოგიერთდებათ. მიეცით ცურვის საშუალება, ეცადეთ აქტიურად ავარჯიშოთ და ასეირნოთ, რათა ენერგია დახარჯოს და ქცევის პრობლემები არ შეექმნას სახლში. თუმცა სიფრთხილეა საჭირო ლეკვებთან დაკავშირებით, რადგან შესაძლოა ძვლებზე პრობლემა წარმოიქმნას. სანამ ძაღლი ზრდას არ დაასრულებს, დაახლოებით 2 წლამდე მოარიდეთ დატვირთულ ვარჯიშს და ნუ არბენინებთ ბევრს ტროტუარზე ან სხვა მსგავს ზედაპირზე, ათამაშეთ ბალახზე.
3-4 თვემდე ლეკვებს საკვები მიეცით 3-ჯერ დღეში, ხოლო შემდეგ 2-ჯერ. საყურადღებოა 4-დან 7 თვემდე ლეკვის კვება, რადგან ამ პერიოდში განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ძვლის ფუნქციის დარღვევისკენ. ამ პერიოდში მიეცით მაღლი ხარისხის, დაბალკალორიული საკვები, რათა არ მოხდეს ლეკვის დაჩქარებული ზრდა. საკვების მოცულობა საჭიროა განისაზღვროს ინდივიდუალურად ძაღლის ასაკის, წონის, მეტაბოლიზმის, აქტივობის, ჯანმრთელობის და სხვა პირობების გათვალისწინებით.
ოქროსფერი რეტრივერის ბეწვი ყოველდღიურ ვარცხნას საჭიროებს. განსაკუთრებული მოვლა სჭირდება გაზაფხულსა და შემოდგომაზე. აბანავეთ თვეში ერთხელ ან გაწმინდეთ მშრალი შამპუნით. ასევე ყოველი სეირნობის შემდეგ შეიძლება მარტო ფეხები დაბანოთ. დასველების შემთხვევაში საჭიროა კარგად გაშრეს ბეწვი, რათა კანის პრობლემები არ შეექმნას.
ოქროსფერი რეტრივერის დავარდნილი ყურები ბაქტერიების და სოკოს გამავლების კარგ გარემოს ქმნის, ამიტომ ხშირად შეუმოწმეთ და სიწითლის ან ცუდი სუნის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ვეტს.
სხვა ძაღლების მსგავსად, ოქროსფერ რეტრივერსაც სჭირდება კბილების გახეხვა მინიმუმ ორჯერ კვირაში და ფრჩხილების დაჭრა, თუ მისი ცვეთა ბუნებრვად არ ხდება. ამ პროცედურებს უმჯობესია ლეკვობიდან მიაჩვიოთ.
რეგულარულად შეუმოწმეთ თქვენს ძაღლს თვალები, ცხვირი, პირი და კანი. ცვლილების დროული შემჩნევა დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის საშუალებას მოგცემთ.
ოქროსფერ რეტრივერებში გარცელებული დაავადებებია: მენჯ-ბარძაყისა და სახსრების დისპლაზია, კატარაქტა, პროგრესირებადი რეტინალური ატროფია, ოსტეოქონდროზი, ეპილეფსია, ალერგიები და სხვა. პრევენციის მიზნით ლეკვის შეძენისას გაარკვიეთ მისი მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასევე, წელიწადში ერთხელ ვეტერინართან პროფილაქტიკური შემოწმება თქვენს საყვარელ მეგობარს ჯანმრთელობის შემდგომი გართულებებისგან დაიცავს.