ძაღლის ჯიშები: ლაბრადორ რეტრივერი
October 2, 2017 17:51 Kate Katel

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯიში ლაბრადორ რეტრივერი (იგივე ლაბრადორი, ლაბი) მსოფლიოში უაღესად ინტელიგენტურ და დაჯილდოებულ ძაღლად ითვლება. ლაბრადორის დანიშნულება საკმაოდ მრავალფეროვანია. მას იყენებენ როგორც მონადირეს, კომპანიონს, გამყოლს, მომსახურე, მაძებარ და სამაშველო ძაღლს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების გამყოლი ძაღლების უმეტესობას სწორედ ლაბრადორ რეტრივერი წარმოადგენს. მისი უსაზღვროდ კეთილი, სანდო და მეგობრული ხასიათის, ასევე გაწონასწორებული ფსიქიკის გამო აქტიურად იყენებენ თერაპიისთვის. ლაბრადორი ძალიან ჭკვიანი და ინტერექტუალური ძაღლია და ადვილად ექვემდებარება წვრთნას.

ჯიშის ზოგადი მახასიათებელბი:
სიმაღლე: ხვადი – 56-58სმ; ძუ – 54-56სმ
წონა: ხვადი – 29-36კგ; ძუ – 25-32 კგ
ლეკვების რაოდენობა: 5 – 10 ლეკვი
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12 – 13 წელი
ფერი: შავი, ყავისფერი, ყვითელი (ღია კრემისფერიდან - მოწითალომდე)
ადაპტაცია |
⭐⭐⭐⭐⭐ |
მეგობრობა უცხოების მიმართ |
⭐⭐⭐⭐⭐ |
ბეწვის ცვენა |
⭐⭐⭐ |
ინტელექტი |
⭐⭐⭐⭐⭐ |
ვარჯიშის საჭიროება |
⭐⭐⭐⭐⭐ |
სოციალიზაცია |
⭐⭐⭐⭐⭐ |
მეგობრობა სხვა ძაღლებთან |
⭐⭐⭐⭐⭐ |
გრუმინგი |
⭐⭐ |
ტერიტორიალურობა |
⭐⭐⭐ |
მეგობრობა სხვა ცხოველებთან |
⭐⭐⭐⭐⭐ |
ჯანმრთელობა |
⭐⭐⭐⭐ |
მოდარაჯე |
⭐⭐⭐ |
მეგობრობა ბავშვებთან |
⭐⭐⭐⭐⭐ |
წვრთნა |
⭐⭐⭐⭐⭐ |
ყეფისკენ მიდრეკილება |
⭐⭐⭐ |
ისტორია
თანამედროვე ლაბრადორ რეტრივერის წარმოშობა კანადიდან, კერძოდ, კუნძულ ნიუფაუნდლენდიდან მოხდა დაახლოებით მე-16 საუკუნეში. ამ ჯიშის ფუძემდებელი იყო სენტ ჯონსის წყლის ძაღლი, რომელსაც იყენებდნენ მეთევზეების დამხმარედ, წყლიდან ბადის ამოსატანად, ნანადირევის მოსატანად და ა.შ. მე-19 საუკუნეში სენტ ჯონსის ძაღლის გავრცელება მოხდა ინგლისში, სადაც ისინი წყლის ფრინველებზე სანადირო ძაღლებად იქცნენ. როგორც ცნობილია, სენტ ჯონსის წყლის ძაღლის თვისებებით ძალიან მოხიბლულა მალმსბერის გრაფი და ამ ჯიშის განვითარებაზე დაუწყია ზრუნვა ბექლუს ჰერცოგთან და გრაფ ჰოუმთან ერთად. სწორედ ბექლუს ძაღლები, ეივონი და ნედი ითვლებიან თანამედროვე ლაბრადორ რეტრივერის წინაპრებად.
ხასიათი
ლაბრადორ რეტრივერი სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მეგობრულ და კეთილ ძაღლად. მას საკმაოდ გაწონასორებული ფსიქიკა აქვს. იოლად ეგუება როგორც ადამიანებს, ასევე სხვა ცხოველებს. ლაბრადორს ძალიან უყვარს ბავშვები, თუმცა, რა თაქმა უნდა, ბავშვებს უნდა ასწავლოთ ძაღლთან მოქცევის წესები.
საკამაოდ ენერგიულ და ჯან-ღონით სავსე ლაბს აქტიური წვრთნა სჭირდება. ენერგიულთან ერთად ის ძალიან ჭკვიანი და გონიერია, ამიტომ მისი გაწვრთნა სირთულეს არ წარმოადგენს. ლაბრადორი აქტიურად უნდა იყოს დაკავებული როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი სავარჯიშოებით.
ლაბრადორ რეტრივერს შესანიშნავი ყნოსვა აქვს, ამიტომ მას ხშირად იყენებენ როგორც სამსახურეობრივ ძაღლს, ნარკოტიკების, ასაფეთქებელი ნივთიერებების თუ სხვა სამძებრო სამუშაოებისთვის.
ლაბრადორს ძალიან უყვარს წყალი. ის დაუფიქრებლად გაცურავს ნებისმიერ ამინდში. წავისებური კუდი და აპკიანი თათები შესანიშნავ მოცურავედ აქცევს ამ ჯიშს. ამაში ხელს უწყობს ბეწვიც, რომელიც არ ატარებს წყალს. სქელი ბეწვის და ცხიმიანი კანქვეშა საფარის საშუალებით დიდხანს შეუძლია ცივ წყალში გაძლება. ამიტომ ლაბრადორს ხშირად სამაშველო ოპერაციების დროსაც იყენებენ.
მოვლა
მოსიყვარულე ლაბრადორ რეტრივერს ოჯახის გარემოცვაში ცხოვრება სჭირდება. მისთვის შესაფერისი არ არის უკანა ეზოში ცხოვრება. მარტოდ დარჩენილ ლაბრადორს მავნე ჩვევვების ჩამოყალიბება სჩვევია, როგორიცაა ნივთების თუ ავეჯის ღრღნა, ღეჭვა და სხვა თავისი კარგი რეპუტაციის შეუფერებელი ქცევები.
კარგი რეპუტაციის გამო, ზოგჯერ მეპატრონეები ფიქრობენ, რომ ლაბრადორებს გაწვრთნა არ სჭირდებათ, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. ვარჯიშისა და წვრთნის გარეშე, საყვარელი და ჭკვიანი ლეკვისგან დიდი, უხეში და დაუმორჩილებელი ძაღლი შეიძლება მიიღოთ. საბედნიეროდ მისი გაწვრთნა დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს.
ლაბარადორის ლეკვებს უყვართ ნივთების ღეჭვა, ამიტომ აუცილებლად იქონიეთ მისთვის სპეციალური საღეჭი სათამაშოები და დროულად იზრუნეთ ამ ჩვევის მოშორებაზე. მათ ძალიან უყვართ ბურთის თამაში, ასევე ფრისბი, ნივთების მოტანა და სხვა. ცნობილია, რომ მათ პირით დაჭერის ინსტიქტი კარგად აქვთ განვითრებული და სრულიად დაუზიანებლად შეუძლიათ ნივთების მოტანა. ეცადეთ აქტიურად ათამაშოთ ყოველდღიურად მინიმუმ 30-60 წუთის განმავლობაში. თუმცა ლეკვობის ასაკში არ არის სასურველი ზედმეტი დატვირთვა. დაახლოებით 2 წლამდე ლაბრადორ რეტრივერს საბოლოოდ არ აქვს ჩამოყალიბებული სახსრები და გადამეტებულმა ვარჯიშმა შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნას.
ლაბრადორ რეტრივერის ჯიშის ძაღლებისთვის დამახასიათებელია ისეთი დაავადებები, როგორიცაა მენჯისა და იდაყვის დისპლაზია, კატარაქტა და სხვა თვალის დაავადებები, მიოპათია (მემკვიდრეობითი, პროგრესირებადი კუნთების ატროფია) და სხვ. შეჯვარების ან/და ლეკვის შეძენის დროს უმჯობესი იქნება თუ მისი მშობლების დაავადებებს გამოიკვლევთ.
როგორც ყველა ძაღლისთვის, ლაბრადორ რეტრივერისთვისაც მნიშვნელოვანია სწორი კვება. შეიძლება გყავდეთ როგორც ბუნებრივ, ასევე კომბინირებულ საკვებზე. აუცილებელია აკონტროლოთ მისი წონა, რადგან ლაბრადორები განთქმული არიან თავიანთი მადით, რის გამოც ხშირად აწუხებთ ჭარბწონიანობის პრობლემა. ამიტომ საჭიროა კვების რაციონი სწორად შეურჩიოთ წონის, აქტივობის და ჯანმრთელობის სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით.
ლაბრადორ რეტრივერის მოკლე და სწორი ბეწვი ძნელი მოსავლელი არ არის, თუმცა რეგულარული ვარცხნა სჭირდება. ბეწვს ძირითადად წელიწადში ორჯერ იცვლიან. თბილი სარტყელის ქვეყნებში კი შეიძლება მთელი წელი გრძელდებოდეს თმის ცვენა. ამ დროს საჭიროა უფრო ხშირი ვარცხნა ჯაგრისით და სპეციალური გამოსათხელებელი სავარცხლით.
დაბანა დაახლოებით ორ თვეში ერთხელაა საჭირო, თუ რა თქმა უნდა, მანამდე ტალახში არ ამოისვარა . შეგიძლიათ გაწმინოთ მშრალი შამპუნით. ბანაობის დროს ეცადეთ ყურში არ ჩაუვიდეს წყალი, რადგან შესაძლოა ინფექცია განუვითრდეს. ბანაობის ან ცურვის შემდეგ კარგად გაამშრალეთ.
კბილების გახეხვა საჭიროა მინიმუმ 2-3ჯერ კვირაში, რათა დავიცვათ პირის ღრუს ინფექციებისა და კბილის ნადებისგან.
წელიწადში ერთხელ რეკომენდებულია ვეტერინართან ვიზიტი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის შესამოწმებლად.