ბლოგი / ეს საინტერესოა

ძაღლის ჯიშები: კანე კორსო




კანე კორსო უძველესი იტალიური ძაღლის ჯიშია. მას ხშირად შემოკლებით კორსოს უწოდებენ. ასევე მოიხსენიებენ, როგორც იტალიური მასტიფი, იტალიური კორსო, იტალიური კანე კორსო. ამ ჯიშს ოდითგანვე იყენებდნენ სახლების, ეკლესია-მონასტრების, სასახლეების დასაცავად, პირად მცველებად და დიდ ცხოველებზე სანადიროდ. ასევე გამოიყენებოდა ბრძოლებში.

თავისი მომხიბვლელი გარეგნობით, სანდო და ერთგული ბუნებისა და გონიერების წყალობით კანე კორსო პოპულარული გახდა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, განსაკუთრებით  ბოლო პერიოდში.

კანე კორსო

ჯიშის ზოგადი მახასიათებლები

წარმოშობის ქვეყანა: იტალია

დანიშნულება: დაცვა, სამუშაო

წონა: ხვადი 43-50 კგ; ძუ 40-45 კგ

სიმაღლე: ხვადი 62-70 სმ; ძუ 60-66 სმ

ლეკვების რაოდენობა: 6-10 ლეკვი

სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-12 წელი

--RELATED--

კანე კორსო დიდი ზომის ძაღლებს მიეკუთვნება. მას ძლიერი სხეული აქვს, მსხვილი ძვლებით და კარგად განვითარებული კუნთებით.  კორსოს წონა პროპორციულია მის სიმაღლესთან, მას მოხდენილი და ელეგანტური სხეული აქვს. კანე კორსოს დიდი და განიერი თავი აქვს, ძალიან ძლიერი ყბები, სამკუთხა ფორმის გადმოკეცილი ყურები, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში კუპირებას უკეთებენ. ყურების გარდა, ხშირად აჭრიან კუდსაც. კანე კორსოს საშუალო ზომის მუქი ფერის თვალები აქვს, დამოკიდებულია ძირითადად ბეწვის შეფერილობაზე. მისი ორმაგი ბეწვი შეიძლება იყოს შავი, ნაცრისფერი, მოყვითალო-მოყავისფრო, წაბლისფერი, მოლურჯო, ალისფერი, მოწითალო, ჭრელი ან ზოლიანი. დასაშვებია ასევე პატარა თეთრი ლაქები გულმკერდზე, ყელზე, თათებზე.

იტალიური მასტიფი კანე კორსო

 

ადაპტაცია
⭐⭐⭐
გაწვრთნადი
⭐⭐⭐⭐
ადამიანზე მიჯაჭვულობა
⭐⭐⭐
ვარჯიშის საჭიროება
⭐⭐⭐⭐
სოციალიზაცია
⭐⭐⭐
გრუმინგი
⭐⭐
ყეფის ტენდეცია
⭐⭐
ბეწვის ცვენა
⭐⭐
მოგობრობა კატებთან
ჯანმრთელობა
⭐⭐⭐⭐
მეგობრობა ბავშვებთან
⭐⭐⭐⭐
ინტელექტი
⭐⭐⭐⭐⭐
მეგობრობა ძაღლებთან
⭐⭐⭐
თამაშის სიყვარული
⭐⭐⭐
მეგობრობა უცხოებთან
ტერიტორიალური
⭐⭐⭐⭐⭐
ბინაში ცხოვრება
⭐⭐
მოდარაჯე
⭐⭐⭐⭐⭐

ისტორია

კანე კორსო მასტიფის ტიპის ძაღლებს მიეკუთვნება. მისი წარმოშობა იტალიაში მოხდა. კორსოს წინაპრად, ისევე როგორც მათი თანამემამულე ნეაპოლიტანური მასტიფისა, ძველი რომაული ომის ძაღლები ითვლებიან. კანე კორსოს იყენებდნენ სანადიროდ, სადარაჯოდ, დასაცავად და სამწყემსად. ეს ჯიში ძირითადად სამხრეთ იტალიაში იყო გავცელებული. მიუხედევად იმისა, რომ ამ ჯიშის ძაღლების ხსენება ძალიან ადრეულ ჩანაწერებში გვხვდება, თანამედროვე კანე კორსო შედარებით ახალგაზრდა ჯიშად ითვლება. საქმე ისაა, რომ 1970-იანი წლებისთვის მათი რაოდენობა ძალიან შემცირდა და ეს ჯიში გადაშენების პირას დადგა. მათ გადარჩენაში დიდი წვლილი მიუძღვის  ჯოვანი ბონეტისა და პაოლო ბრებერს. მათ ხელახლა დაიწყეს გადარჩენილი კორსოების მოძიება და გამრავლება. როგორც ცნობილია, ჯიშის დახვეწისა და სრულყოფის მიზინით 1980-იან წლებში კანე კორსო შეაჯვარეს ბულმასტიფთან.

კანე კორსო პირველად აშშ-ში 1988 წელს მოხვდა. 1993 წელს იქ შეიქმნა კანე კორსოს საერთაშორისო ფედერაცია. 1994 წელს იტალიურმა კენელ კლუბმა ოფიციალურად აღიარა კანე კორსო მე-14 იტალიური ძაღლის ჯიშად.  FCI-ის აღიარება კანე კორსომ  1996 წელს, ხოლო ამერიკული კენელ კლუბისგან უფრო მოგვიანებით 2010 წელს მოიპოვა. დღესდღეობით კანე კორსო ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და პრესტიჟულ მცველ ჯიშად ითვლება და მათი რაოდენობა თანდათან იზრდება მთელ მსოფლიოში.

ხასიათი

კანე კორსო ძალიან ერთგული, ჭკვიანი, ფრთხილი და ყურადღებიანი ძაღლია, კარგად გაწონასწორებული ფსიქიკით. როგორც მცველი ძაღლების უმეტესობა, ისინიც ტერიტორიალურები არიან, ძნელად ენდობიან უცნობებს. კორსო თავდადებულია თავისი ოჯახისადმი და მცირე საფრთხის შემთხვევაშიც კი მზადაა დაუყოვნებლივ იმოქმედოს. ის უშიშარია და თავსაც დაუფიქრებლად გაწირავს ოჯახის დასაცავად. მის ბუნებრივ მონაცემებს, რა თქმა უნდა, განვითარება სჭირდება და აუცილებელია მისი სწორი აღზრდა. არასწორი აღზრდის შემთხევაში შეიძლება იგი დაუმორჩილებელი, აგრესიული და საზოგადოებისთვის საშიში გახდეს. თავისი ზომისა და სიძლიერის წყალობით კი საკმაოდ დიდი ზიანის მოტანა შეუძლია მსხვერპლისთვის.

კანე კორსო, როგორც წესი კარგად ეწყობა ბავშვებს, ხშირად ახასიათებენ მას, როგორც შესანიშნავ ძიძას. რეკომენდირებული არ არის მისი ყოლა სხვა ცხოველებთან ერთად, რადგან ტერიტორიალური და დომინანტი ხასიათი აქვს, ასევე მასში ნადირობის ინსტიქტიც არსებობს. თუმცა დროული სოციალიზაციის და მუშაობის პირობებში, მას შესანიშნავად შეუძლია მეგობრობა ძაღლებთან, კატებთან და სხვა ცხოველებთან. სხვა ძაღლების მსგავსად, კანე კორსოსთვისაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია ადრეული სოციალიზაცია.

კანე კორსოსთვის მნიშვნელოვანია ადამიანთან ურთიერთობა, ძნელად იტანს უყურადღებობას და მარტო ყოფნას, მისთვის არც დაბმაა რეკომენდებული.

დომინანტური ხასიათის გამო, კორსომ შეიძლება თვითნებობა გამოიჩინოს, ამიტომ სახლში მოყვანის დღიდან დაიწყეთ მის აღზრდაზე მუშაობა. კანე კორსოს ადრეული ასაკიდან სჭირდება მოსიყვარულე, მაგრამ მტკიცე ხელი გასაწვრთნელად. საკმაოდ მაღალი ინტელექტის წყალობით, მისი გაწვრთნა სირთულეს არ წარმოადგენს. კანე კორსო შესანიშნავად ართმევს თავს ფიზიკურ თუ გონებრივ სავარჯიშოებს. თუ მაინც სირთულეებს წააწყდით, მაშინ აჯობებს პროფესიონალი დაიხმაროთ.

კორსო არ არის ხმაურიანი ჯიში. ის სახლში ძირითადად გაწონასწორებული, მშვიდი და მოსიყვარულეა. თუმცა ის ყოველთვის ფხიზლად არის და საკმარისია შენიშნოს, რომ რაიმე რიგზე ვერ არის, მოსიყვარულე მშვიდი ცხოველისგან მაშინვე  საშიშ და მკაცრ მცველად იქცევა. კორსოს ზედმეტსახელად “ბასკერვილების ძაღლიც” კი შეარქვეს საფრანგეთში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სადაც ერთ მძრცველს დანაშაულის ადგილზე გული გაუსკდა კანე კორსოს ერთი დაღრენის გამო.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ კანე კორსო აქტიური და ენერგიული ძაღლია, მას სჭირდება სივრცე, ადგილი სავარჯიშოდ და სარბენად. მისი დატვირთვა აუცილებელია, საჭიროა ხშირად გაასეირნოთ, განსაკუთრებით კი თუ ბინაში გყავთ. კანე კორსოს ძალიან კარგი სამუშაო თვისებები აქვს. შესნიშნავი ფიზიკური და გონებრივი მოანაცემების გამო მას აქტიურად იყენებენ სახლებისა და სხვა ობიექტების დასაცავად, პირად მცველებად და საპოლიციო სამსახურში.

კანე კორსომოვლა

კანე კორსოს რეგულარული ვარჯიში და დატვირთვა სჭირდება. მისი საკმაოდ დიდი ენერგია სწორი მიმართულებით უნდა იქნეს მიმართული. თუ თქვენთვის არ არის დამახასიათებელი ცხოვრების აქტიური რიტმი, ეს ჯიში თქვენთვის არ არის, ხოლო თუ გიყვართ სირბილი, ველოსიპედით სიარული, ლაშქრობა და ა.შ. კანე კორსო შესანიშნავ პარტნიორობას გაგიწევთ. ასეირნეთ და არბენინეთ მინიმუმ 1,5-2კმ  დილა-საღამოს. არ შეიძლება ლეკვების აქტიური დატვირთვა, სანამ ძვლები ჩამოუყალიბდებათ დაახლოებით 1,5 წლამდე.  დატვირთეთ ყოველდღიურად ასევე გონებრივი ვარჯიშებით, დღეში დაახლოებით 20 წუთი.

სხვა ადამიანებისა და ცხოველების დასაცავად, აუცილებელია კორსოს შეუზღუდული ქონდეს თვითნებური გასვლა გარეთ. გააკეთეთ მყარი ღობე ეზოში და ნუ დატოვებთ კარს ღიას.  

კანე კორსოს დაბალი და ბზინვარე ბეწვი აქტიურ გრუმინგს არ საჭიროებს. საკმარისია კვირაში 1-2 ჯერ დავარცხნა ჯაგრისით. კორსო ბეწვს იცვლის სეზონურად, წელიწადში ორჯერ და ამ დროს ხშირია ბეწვის ცვენა, ამიტომ ამ პერიოდში ყოველდღე ან დღეში ორჯერაც შეიძლება დაჭირდეს დავარცხნა. აბანავეთ 3 თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ. სხვა ძაღლების მსგავსად, კორსოსაც სჭირდება კბილების გახეხვა მინიმუმ ორჯერ კვირაში და ფრჩხილების დაჭრა, თუ მისი ცვეთა ბუნებრვად არ ხდება. ამ პროცედურებს ადრეული ასაკიდან მიაჩვიეთ.

ზრდასრულ კორსოებს საკვები მიეცით 2-3 ჯერ დღეში ერთსა და იმავე დროს. საჭიროა კარგად დაბალანსებული, მაღალი ხარისხის საკვების მიცემა. საკვების მოცულობა საჭიროა განისაზღვროს ინდივიდუალურად ძაღლის ასაკის, წონის, მეტაბოლიზმის, აქტივობის, ჯანმრთელობის და სხვა პირობების გათვალისწინებით. ასევე, გაითვალისწინეთ, არ აჭამოთ უშუალოდ ვარჯიშის წინ ან შემდეგ.

რეგულარულად შეუმოწმეთ თქვენს ძაღლს თვალები, ყურები, ცხვირი, პირი და კანი. ცვლილების დროული შემჩნევა დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის საშუალებას მოგცემთ.

კანე კორსო ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი ძაღლია. იშვიათად შეიძლება ჰქონდეთ შემდეგი დაავადებები: მენჯ-სახსრის დისპლაზია, ართრიტი, ვობლერის სინდრომი, ექტროპიონი, ენტროპიონი, ალერგია, მეტეორიზმი.

შეგასხენებთ, რომ ყოველწლიური პროფილაქტიკური ვიზიტი ვეტერინართან საშუალებს მოგცემთ დროულად აიცილოთ თავიდან შემდგომი გართულებები.

--RELATED--

 

ახლა წაიკითხეთ ასევე ელეგანტური და გონიერი დობერმან პინჩერის შესახებ - petario.com/zaglis-jishebi-doberman-pincheri


41741 ნახვა



მსგავსი პოსტები

15 ცნობილი გამონათქვამი კატებზე

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 15 ციტატას კატების შესახებ: &...

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...