ბლოგი / ეს საინტერესოა

ძაღლის ჯიშები: იაგდტერიერი




იაგდტერიერი, ცნობილი ასევე, როგორც გერმანული იაგდტერიერი ან გერმანული მონადირე ტერიერი, ტერიერების ჯგუფის შედარებით ახალგაზრდა წარმომადგენელია. ეს ჯიში XX საუკუნის დასაწყისში გამოიყვანეს გერმანიაში. მან მალე მოიპოვა პოპულარულობა ნადირობის მოყვარულთა შორის თავისი ერთგული, შეუპოვარი, ამაყი, მებრძოლი და დაუღალავი ხასიათის გამო.

იაგდტერიერი

ჯიშის ზოგადი მახასიათებლები

წარმოშობის ქვეყანა: გერმანია

დანიშნულება: ნადირობა

წონა: ხვადი 9-10 კგ; ძუ 7-8 კგ

სიმაღლე: ხვადი 37-41 სმ; ძუ 35-39სმ

ლეკვების რაოდენობა: 3-8 ლეკვი

სიცოცხლის ხანგრძლივობა: 13-15 წელი

იაგდტერიერი პატარა ტანის ძაღლია, თუმცა თავისი ზომის მიუხედავად საკმაოდ ძლიერი სხეული აქვს, კარგად განვითარებული კუნთებით. მას მოგრძო და ვიწრო თავის მოყვანილობა აქვს, მუქი ფერის ღრმად ჩამჯდარი თვალები და სამკუთხა ფორმის გადმოკეცილი ყურები. იაგდტერიერს ძალიან ძლიერი ყბები აქვს, ასევე ძლიერი და ბასრი კბილები. კუდის ⅓-ს ხშირად აჭრიან. ამ ჯიშისთვის დამახასიათებელი შეფერილობაა: შავი, მუქი ყავისფერი ან მოსერო შავი ყავისფერი, ყვითელი ან მოწითალო ლაქებით წარბებზე, დრუნჩზე, გულმკერდსა და ფეხებზე. დაშვებულია მცირე ზომის თეთრი ლაქებიც თათებსა და გულზე. მისი სქელი ბეწვი კარგად იცავს ძაღლს სიცივისგან და ნესტისგან. არსებობს უხეშბეწვიანი და გლუვბეწვიანი იაგდტერიერი. მათ შორის მხოლოდ ვიზუალური სხვაობაა.

იაგტერიერი

ადაპტაცია
⭐⭐⭐
გაწვრთნადი
⭐⭐⭐
ადამიანზე მიჯაჭვულობა
⭐⭐
ვარჯიშის საჭიროება
⭐⭐⭐⭐⭐
სოციალიზაცია
⭐⭐⭐⭐
გრუმინგი
ყეფის ტენდეცია
⭐⭐⭐
ბეწვის ცვენა
⭐⭐
მოგობრობა კატებთან
ჯანმრთელობა
⭐⭐⭐⭐
მეგობრობა ბავშვებთან
⭐⭐
ინტელექტი
⭐⭐⭐⭐
მეგობრობა ძაღლებთან
⭐⭐
თამაშის სიყვარული
⭐⭐⭐⭐
მეგობრობა უცხოებთან
⭐⭐
ტერიტორიალური
⭐⭐⭐⭐
ბინაში ცხოვრება
⭐⭐⭐
მოდარაჯე
⭐⭐⭐⭐⭐

ისტორია

იაგდტერიერის ჯიში შეიქმნა გერმანიაში XX საუკუნის დასაწყისში. ამ პერიოდში გერმანიაში ფოქს ტერიერების ბუმი იყო. სელექციონერები ცდილობდნენ ამ ჯიშის სრულყოფას და უნივერსალური მონადირე ძაღლების შექმნას. გერმანელებს სურდათ თავიანთი ეროვნული ძაღლის ჯიში ჰყოლოდათ, რომელიც ძლიერი და შეუპოვარი მონადირე იქნებოდა. მათ მიაღწიეს კიდეც მიზანს. გერმანული იაგდტერიერების შექმნა უკავშირდება ფოქს ტერიერების კლუბის წევრების: ვალტერ ცანგერბერგის, კარლ ერიკ გრუნევალდის და რუდოლფ ფრისის სახელს. ცანგერბერგი და გრუნევალდი კინოლოგები იყვნენ, ფრისი კი - ტყის რეინჯერი. სამივეს კი ნადირობის სიყვარული აერთიანებდა და უხეშბეწვიანი და მუქი შეფერილობის ფოქს ტერიერების პოპულაციას უჭერდნენ მხარს.

1923 წელს ფოქს ტერიერების საშენში გაჩნდნენ განსხვავებული შეფერილობის, შავი მოწითალო ლაქებიანი ლეკვები. ამ განსხვავებული ვიზუალის გამო ისინი დაბრაკეს. ცანგერბერგისთვის კი ეს შესანიშნავი საშუალება იყო შეექმნა მისთვის სასურველი ჯიში, მან შეიძინა ეს ლეკვები და დაიწყო მათი შეჯვარება. თავიდან ამ ლეკვებს ერთმანეთთან აჯვარებნენ, მაგრამ ამან არც ისე კარგი შედეგი გამოიღო, ამიტომ დაიწყეს მათი შეჯვარება ძველი შავი ფერის ფოქს ტერიერებთან, ასევე მათ შოტლანდიური ტერიერების სისხლიც შეურიეს. რამდენიმე წლის შემდეგ საბოლოოდ  მიიღეს სასურველი პატარა ზომის, მუქი შეფერილობის, იდეალური მონადირის ინსტიქტებით დაჯილდოებული ძაღლი ჯიში. 1926 წელს ცანგერბერგის ინიციატივით ოფიციალურად დაარსდა გერმანული იაგდტერიერების კლუბი.

--RELATED--

ხასიათი

იაგდტერიერი წარმოადგენს ნამდვილ მონადირე ძაღლს. ის შეუპოვარი, მამაცი, ამაყი, საკუთარ თავში დარწმუნებული და დაუღალავია. საკმაოდ აგრესიულია ცხოველების მიმართ და დაუფიქრებლად შეუძლია გაიწიოს თავისზე გაცილებით დიდ ცხოველზე. სწორედ ამიტომ ის შესანიშნავი მონადირე, მაგრამ არა საოჯახო ძაღლია. იაგდტერიერს საკმაოდ ფიცხი, ჯიუტი და მიმწოლი ხასიათი აქვს. პატრონის მიმართ ძალიან ერთგულია, ის ხშირად ერთ მეპატრონეს ირჩევს და მხოლოდ მას ემორჩილება. ოჯახის სხვა წევრები მიმართ აგრესიული არ არის, თუმცა დამორჩილებასთან დაკავშირებით შესაძლოა პრობლემები იყოს. ეს ჯიში არ არის შესაფერისი სხვა ცხოველებით და/ან პატარა ბავშვებით სავსე ოჯახისთვის. ადრეული სოციალიზაციისა და სწორი აღზრდის შემთხვევაში ერთ ოჯახში გაზრდილ ცხოველებთან, ასევე ბავშვებთან შესაძლოა იმეგობროს, თუმცა ბოლომდე სანდო არ არის და  მათი ურთიერთობა მაინც მეთვალყურეობის ქვეშაა რეკომენდებული, რადგან იაგტერიერი შეიძლება სწრაფად გაღიზიანდეს ხმაურზე, სწრაფ მოძრაობაზე და ა.შ.

გერმანული იაგდტერიერი ძალიან ენერგიული ძაღლია და საჭიროა მისი აქტიური დატვირთვა. საჭიროა მისი ხშირი ვარჯიში და ადრეული გაწვრთნა. ეს ჯიში საკმაოდ ჭკვიანია, თუმცა სიჯიუტის და დამოკიდებელი ხასიათის გამო არც ისე იოლი გასაწვრთნელია და მტკიცე ხელი სჭირდება. იაგდტერიერს მკვეთრად გამოხატული ნადირობის სურვილი აქვს და თუ ნადირობის მოყვარული არ ხართ და ამასთან, ძაღლის აღსაზრდელად სათანდო მტკიცე ხასიათი არ გაქვთ, ეს ჯიში თქვენთვის არ არის, აჯობებს არჩევანი სხვა ძაღლზე შეაჩეროთ.

ნადირობის მოყვარულთათვის კი იაგტერიერი შესანიშნავი კომპანიონია, ის ნადირობს ნებისმიერ ამინდში თითქმის ყველანაირ ცხოველსა თუ ფრინველზე. უშიშარ, აგრესიულ, შეუპოვარ, მებრძოლ და დიდი გულის მქონე იაგდტერიერს მხოლოდ ზომამ შეიძლება შეუშალოს ხელი გარკვეულ პირობებში სანადიროდ, მაგალითად, დიდ თოვლში ან დიდ ბალახებში.

გერმანული მონადირე ტერიერი

მოვლა

იაგდტერიერის მოვლის მთავარი პრინციპი მის ენერგიულობას და ნადირობის ინსტიქტებს უკავშირდება. მას სჭირდება ამ ენერგიის დახარჯვა, რათა აგრესია სხვა რამეზე არ გადაიტანოს. დაუშვებელია უხეში მოპყრობა, ამან შეიძლება კიდევ უარესად გააღიზიანოს და საერთოდ უკონტროლო გახდეს.

იაგტერიერის უხეში და დაბალი ბეწვი იოლი მოსავლელია, საკმარისია დავარცხნა კვირაში ერთხელ, ბანაობა საჭიროებისამებრ.

ეცადეთ კვებოთ ხარისხიანი საკვებით, მიეცით საკვები 2-ჯერ დღეში, დილას და საღამოს, ერთსა და იმავე დროს. საკვების მოცულობა საჭიროა განისაზღვროს ინდივიდუალურად ძაღლის ასაკის, წონის, მეტაბოლიზმის, აქტივობის, ჯანმრთელობის და სხვა პირობების გათვალისწინებით.

გერმანული მონადირე ტერიერი საკმაოდ ჯანმრთელი ძაღლია. იშვიათად შესაძლოა შეგვხვდეს პირველადი თვალის ბროლის ლუქსაცია. იაგდტერიერები ცოცხლობენ 13-15 წელი და ნაკლებად აწუხებთ ჯანმრთელობის პრობლემები.



 

აქვე გაიცანით ძლიერი და ჭკვიანი როტვეილერი


20607 ნახვა



მსგავსი პოსტები

15 ცნობილი გამონათქვამი კატებზე

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 15 ციტატას კატების შესახებ: &...

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...