ძაღლის ჯიშები: დოგო არგენტინო
February 23, 2018 22:54 Kate Katel

დოგო არგენტინო, იგივე არგენტინული დოგი და იგივე არგენტინული მასტიფი ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური, ენერგიული და ძლიერი ძაღლის ჯიშია. სხვადასხვა სტატისტიკის მიხედვით, ის ხშირად ყველაზე საშიშ ძაღლების ათეულში შედის. მისი ყოლა აკრძალულიც კია ზოგიერთ ქვეყანაში. შესაბამისი გაწვრთნის პირობებში დოგო არგენტინო შესანიშნავი კომპანიონი, მცველი და პატრონის ერთგული ძაღლია, ასევე უნივერსალური მონადირე.
ჯიშის ზოგადი მახასიათებლები
წარმოშობის ქვეყანა: არგენტინა
დანიშნულება: დაცვა, ნადირობა, სამუშაო
წონა: ხვადი 36-45 კგ; ძუ 36-43 კგ
სიმაღლე: ხვადი 62-68 სმ; ძუ 60-65 სმ
ლეკვების რაოდენობა: 4-8 ლეკვი
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-12 წელი
არგენტინული დოგი დიდი ზომის ძაღლია ძლიერი, დაკუნთული სხეულით. მას განიერი გულმკერდი, ძლიერი კისერი და დაკუნთული ფეხები აქვს. მისი თავი ფართო და დიდია, განიერი შუბლით. არგენტინული დოგს ყურები სამკუთხა ფორმის გადმოკეცილი აქვს, როელსაც უმეტესად კუპირებას უკეთებენ. მას ძლიერი ყბები და ასევე ძლიერი კბილები აქვს მაკრატლისებური თანკბილვით. დოგო არგენტინოს თვალები ოვალური ფორმის თაფლისფერი, ღია ან მუქი ყავისფერი, ცხვირი კი შავი აქვს. მას დაბალი თეთრი ფერის ბეწვი აქვს. ბეწვზე რაიმე ლაქა უმეტესად ნაკლად ითვლება და ბევრი კინოლოგიური კავშირი არ აღიარებს. მას შეიძლება ჰქონდეს შავი ლაქა ცხვირთან, თვალზე ან ყურთან, რასაც “Pirata”-ს (ესპ. მეკობრე) ეძახიან და დაშვებულია არგენტინის კინოლოგიური ფედერაციის მიერ.
დოგო არგენტინოს ხშირად ამსგავსებენ ამერიკულ პიტ ბულ ტერიერს, თუმცა პიტ ბული გაცილებით პატარაა მასთან შედარებით.
ადაპტაცია |
⭐⭐⭐ |
გაწვრთნადი |
⭐⭐ |
ადამიანზე მიჯაჭვულობა |
⭐⭐⭐ |
ვარჯიშის საჭიროება |
⭐⭐⭐⭐ |
სოციალიზაცია |
⭐⭐⭐ |
გრუმინგი |
⭐ |
ყეფის ტენდეცია |
⭐⭐ |
ბეწვის ცვენა |
⭐⭐ |
მოგობრობა კატებთან |
⭐ |
ჯანმრთელობა |
⭐⭐⭐ |
მეგობრობა ბავშვებთან |
⭐⭐ |
ინტელექტი |
⭐⭐⭐ |
მეგობრობა ძაღლებთან |
⭐⭐ |
თამაშის სიყვარული |
⭐⭐⭐ |
მეგობრობა უცხოებთან |
⭐ |
ტერიტორიალური |
⭐⭐⭐⭐⭐ |
ბინაში ცხოვრება |
⭐ |
მოდარაჯე |
⭐⭐⭐⭐⭐ |
ისტორია
არგენტინული დოგი გამოიყვანეს არგენტინაში 1920-იან წლებში. ამ ჯიშის ჩამოყალიბება დაიწყო ანტონიო მარტინესმა. მას სურდა შეექმნა კომპანიონი ძაღლის ჯიში, რომელიც ასევე შესანიშნავი მცველი და საშიშ და დიდ ცხოველებზე მონადირე იქნებოდა. საოცნებო ძაღლის მისაღებად ანტონიომ თავის ძმასთან, აუგუსტინთან ერთად დაიწყო კორდობის მებრძოლი ძაღლების (ამჟამად გადაშენებულია) შეჯვარება სხვადასხვა ჯიშებთან. დოგო არგენტინოს მისაღებად უამრავი ძაღლის ჯიში გამოიყენეს, მათ შორის: ბულ ტერიერი, ბულდოგი, ბოქსიორი, გერმანული დოგი, ირლანდიური მგლის მახრჩობელა ძაღლი, პირენეული მთის ძაღლი, ბორდოული დოგი, პოინტერი და ესპანური მასტიფი. ანტონიო მარტინესმა 1928 წელს დაწერა არგენტინული დოგის ჯიშის სტანდარტი. სამხრეთ ამერიკაში მონადირეებმა დაიწყეს მისი გამოყენება ტახზე, იაგუარზე და პუმაზე სანადიროდ. მას ასევე იყენებდნენ ძაღლების ორთაბრძოლებში, რაც ჯერ კიდევ პოპულარულია ზოგიერთ ქვეყანაში.
არგენტინის კინოლოგიურმა ფედერაციამ არგენტინული დოგი ცალკე ჯიშად 1964 წელს აღიარა, საერთაშორისო კინოლოგიურმა ფედერაციამ (FCI) კი - 1973 წელს.
დღესდღეობით, დოგო არგენტინოს ნადირობასთან ერთად, აქტიურად იყენებენ დაცვის, საპოლიციო, სამძებრო და სამაშველო სამსახურში.
ხასიათი
დოგო არგენტინო ძალიან ერთგული და თავდადებული ძაღლია თავისი ოჯახის მიმართ. თავისი ტერიტორიალური ხასიათის გამო, ის შესანიშნავი მოდარაჯე და მცველია. არგენტინული დოგი უშიშარი, ძლიერი და ენერგიული ძაღლია, ის არასდროს დაიხევს უკან საფრთხის წინაშე.
არგენტინულ დოგს საკმაოდ ჯიუტი და თავნება ხასიათი აქვს, ამიტომ მას გამოცდილი, მტკიცე ხასიათის პატრონი სჭირდება, რომელმაც იცის ძაღლის სწორი აღზრდა და მასთან ურთიერთობა. ძაღლების ახალბედა მოყვარულებს ამ ჯიშის აყვანას არ ურჩევენ. ყველა ძაღლის სწორი და დროული აღზრდა ძალიან მნიშვნელოვანია, დოგო არგენტინოს შემთხვევაში კი ეს კიდევ უფრო აუცილებელია. მისი გაწვრთნა ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოთ, მას სჭირდება აქტიური ვარჯიში თავისი უსაზღვრო ენერგიის დასახარჯად. დოგო არგენტინო შესანიშნავი კომპანიონი იქნება აქტიური, ძლიერი ნებისყოფის ადამიანისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია მისი ადრეული სოციალიზაცია, ლეკვობიდან უნდა მიაჩვიოთ ადამიანებს და სხვა ძაღლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა აგრესია გამოიჩინოს და შემდეგ გაგიჭირდეთ მისი გაკონტროლება. ზოგადად, არგენტინული დოგის ყოლა სხვა ცხოველებთან არ არის რეკომენდირებული, თუმცა შესაბამისი წვრთნის პირობებში, თუ ეს ლეკვობის ასაკიდან დაიწყება, შეიძლება მეგობრულად იცხოვრონ სხვა შინაურ ცხოველებთან და ფრინველებთან. ძაღლების მიმართ აგრესიას უფრო მეტად ხვადი დოგოები იჩენენ. დროთა განმავლობაში შემჯვარებლები ამ ჯიშში აგრესიის შემცირებაზე მუშაობდნენ და ბოლო პერიოდში საკმაოდ იშვიათია მათი ადამიანებზე თავდასხმის ფაქტები.
არგენტინული დოგი მიუხედავად სიჯიუტისა, საკმაოდ ჭკვიანია და შესანიშნავად ითვისებს ყველაფერს. მას სჭირდება აქტიური ფიზიკური და მენტალური დატვირთვა. ისინი ასევე საჭიროებენ ხშირ კონტაქტს ოჯახთან, მათ უყვართ თავიანთ პატრონებთან ჩახუტება და მათ მუხლებზე მოკალათება (ზომის მიუხედავად )), არ უყვართ დიდ ხანს მარტო ყოფნა და თუ გსურთ, რომ მავნე ჩვევები არ ჩამოუყალიბდეს და დაუმორჩილებელი არ გახდეს, ხშირად გაატარეთ დრო მასთან ერთად.
მოვლა
დოგო არგენტინოს მოვლა პირველ რიგში ითვალისწინებს ბევრ ვარჯიშს, ფიზიკურ და გონებრივ დატვირთვას. მომავალ პატრონს კარგად უნდა ჰქონდეს გათავისებული რა დროის, ენერგიისა და ნებისყოფის დახარჯვა მოუწევს დოგოს მოვლასა და გაზრდაზე. რეკომენდირებული არ არის მისი ყოლა ბინაში. მის უზღვავ ენერგიას სათანადოდ სჭირდება დახარჯვა, უმჯობესია იყოლიოთ დიდ ეზოიან სახლში, სადაც კარგად დაცული ღობე იქნება.
დოგო არგენტინოს დაბალი ბეწვი აქტიურ გრუმინგს არ საჭიროებს. საკმარისია კვირაში 1-2 ჯერ დავარცხნა ჯაგრისით. ის ბეწვს იცვლის სეზონურად და ამ დროს ხშირია ბეწვის ცვენა, ამიტომ ამ პერიოდში ყოველდღე ან დღეში ორჯერაც შეიძლება დაჭირდეს დავარცხნა. აბანავეთ 3 თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ. სხვა ძაღლების მსგავსად, დოგოსაც სჭირდება კბილების გახეხვა მინიმუმ ორჯერ კვირაში და ფრჩხილების დაჭრა, თუ მისი ცვეთა ბუნებრვად არ ხდება. ამ პროცედურებს ადრეული ასაკიდან მიაჩვიეთ.
არგენტინული დოგის კვება დიდი ზომის, ენერგიული ძაღლებისთვის შესაბამისი უნდა იყოს. საჭიროა კარგად დაბალანსებული, მაღალი ხარისხის საკვების მიცემა. უმჯობესი იქნება კვების რაციონი თქვენს ვეტერინართან ერთად შეადგინოთ. საკვების მოცულობა საჭიროა განისაზღვროს ინდივიდუალურად ძაღლის ასაკის, წონის, მეტაბოლიზმის, აქტივობის, ჯანმრთელობის და სხვა პირობების გათვალისწინებით.
რეგულარულად შეუმოწმეთ თქვენს ძაღლს თვალები, ყურები, ცხვირი, პირი და კანი. ცვლილების დროული შემჩნევა დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის საშუალებას მოგცემთ.
არგენტინული დოგი საკმაოდ ჯანმრთელი ძაღლია. ამ ჯიშის წარმომადგენლების დაახლოებით 10%-ს ახასიათებს ერთი ან ორივე ყურით სიყრუე, ეს თანდაყოლილი სიყრუე დაკავშირებულია პიგმეტაციაზე და ასევე ვრცელდება დალმატინელებში, ბოქსიორებსა და თეთრ ბულ ტერიერებში. სხვა დაავადებები შეიძლება იყოს: ჰიპერთირეოზი, მენჯ-სახსრის დისპლაზია, მეტეორიზმი, ლარინგეალური დამბლა, გლაუკომა, ალერგია, დემოდეკოზი.
შეგასხენებთ, რომ ყოველწლიური პროფილაქტიკური ვიზიტი ვეტერინართან საშუალებს მოგცემთ დროულად აიცილოთ თავიდან შემდგომი გართულებები.