ძაღლის ჯიშები: დობერმან პინჩერი
December 22, 2017 20:06 Kate Katel

დობერმან პინჩერი, იგივე დობერმანი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და ინტელექტუალი ძაღლის ჯიშია. მისი ზომის, სიძლიერის, უცხოებისადმი არასანდო დამოკიდებულების და მკვეთრად გამოხატული მცველის ინსტიქტების გამო მას ხშირად საშიშ ძაღლად მიიჩნევენ. ამ ჯიშის გამოყვანის მიზანი სწორედ ის იყო, რომ საშიში, შეუპოვარი და კარგი მცველი ყოფილიყო. არასათანადო აღზრდის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ის შეიძლება ძალიან საშიში იყოს, თუმცა იგივე შეიძლება ითქვას სხვა ძაღლებზე. მათი აგრესია აღზრდაზეა დამოკიდებული. თავისი ჭკუისა და ინტელექტის წყალობით დობერმანის გაწვრთნა ძნელი არ არის. ის უაღრესად ერთგულია თავისი პატრონის მიმართ. ამ ჯიშს ხშირად იყენებენ მცველად, ასევე სამძებრო, საპოლიციო და საომარ ძაღლად.
ჯიშის ზოგადი მახასიათებლები
წარმოშობის ქვეყანა: გერმანია
დანიშნულება: სამუშაო
წონა: ხვადი 40-45 კგ; ძუ 32-35 კგ
სიმაღლე: ხვადი 66-72 სმ; ძუ 61-68 სმ
ლეკვების რაოდენობა: 6-10 ლეკვი
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-12 წელი
დობერმან პინჩერი დიდი ზომის ძაღლად ითვლება. მას ძლიერი და დაკუნთული სხეული აქვს, პროპორციული გულმკერით. დობერმანს გრძელი და დაკუნთული ფეხები აქვს, კუდს და ყურებს უმეტესად აჭრიან (გარდა იმ ქვეყნებისა, სადაც ეს აკრძალულია), სახე წვრილი და წაგრძელებული, თვალები ნუშისებრი, თაფლისფერი ან ყავისფერი. ბეწვი დაბალი და დაწვენილი აქვს. დობერმანი შეიძლება იყოს შავი, ყავისფერი, ჟანგისფერი, წითური, მონაცრისფრო-ლურჯი, ჩალისფერი და თეთრი (ალბინოსი) შეფერილობის.
ადაპტაცია |
⭐⭐⭐⭐⭐ |
გაწვრთნადი |
⭐⭐⭐⭐⭐ |
ადამიანზე მიჯაჭვულობა |
⭐⭐⭐⭐⭐ |
ვარჯიშის საჭიროება |
⭐⭐⭐⭐⭐ |
სოციალიზაცია |
⭐⭐⭐⭐ |
გრუმინგი |
⭐ |
ყეფის ტენდეცია |
⭐⭐ |
ბეწვის ცვენა |
⭐⭐ |
მოგობრობა კატებთან |
⭐⭐⭐ |
ჯანმრთელობა |
⭐⭐⭐⭐ |
მეგობრობა ბავშვებთან |
⭐⭐⭐ |
ინტელექტი |
⭐⭐⭐⭐⭐ |
მეგობრობა ძაღლებთან |
⭐⭐ |
თამაშის სიყვარული |
⭐⭐⭐⭐ |
მეგობრობა უცხოებთან |
⭐ |
ტერიტორიალური |
⭐⭐⭐⭐⭐ |
ბინაში ცხოვრება |
⭐⭐⭐ |
მოდარაჯე |
⭐⭐⭐⭐⭐ |
ისტორია
დობერმან პინჩერი XIX საუკუნის მიწურულს გერმანიში გამოიყვანეს. მისი გამომყვანი იყო გერმანელი გადასახადების ამკრეფი კარლ ფრიდრიხ ლუის დობერმანი. მისი სამსხური საკმაოდ საშიში იყო, რადგან ხშირად უწევდა დამნაშავეებთან შეხვედრა. ამიტომ დობერმანს სურდა გამოეყვანა ისეთი ძაღლი, რომელიც მას დაეხმარებოდა თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში, იქნებოდა კარგი მცველი, ერთგული, ჭკვიანი, უშიშარი და საკამოდ საშიში. როგორც ცნობილია, დობერმან პინჩერის ჯიშის შესაქმნელად გამოიყენეს როტვეილერის, გერმანული პინჩერის, ვეიმარანერის, გრეიჰაუნდის, მანჩესტერული ტერიერის და სხვა ჯიშები.
1894 წელს, კარლ დობერმანის სიკვდილის შემდეგ, მის საპატივსაცემოდ უწოდეს ამ ჯიშს დობერმან პინჩერი. ჯიშის სრულყოფა შემდეგ სხვა მომშენელებმა გააგრძელეს. დობერმან პინჩერი ცალკე ჯიშად 1900 წელს ოფიციალურად აღიარა გერმანულმა კენელ კლუბმა.
1908 წელს დობერმანი პირველად მოხვდა აშშ-ში. ევროპაში I და II მსოფლიო ომის დროს ამ ჯიშის ძაღლების რაოდენობა ძალიან შემცირდა. ბევრი თვლის, რომ დობერმანის ჯიშის გადარჩენა მისი ამერიკაში გავრცელების წყალობით მოხერხდა.
ხასიათი
დახვეწილი, ელეგანტური დობერმან პინჩერი ძალიან ჭკვიანი, ინტელექტუალი, გაბედული, ერთგული და სანდო ძაღლია. ის ძალიან მოსიყვარულე და დამჯერია პატრონის მიმართ. დობერმანი ბუნებით დამცველია, ის დაუფიქრებლად იმოქმედებს თავისი ოჯახის დასაცავად, თუ რაიმე საფრთხე იგრძნო. უმიზეზოდ იშვიათად გამოხატავს აგრესიას.
დობერმანს საკმაოდ საშიში და აგრესიული ძაღლის რეპუტაცია აქვს. როგორც აღვნიშნეთ, თავდაპირველად ამ ჯიშის შექმნის მიზანი სწორედ ის იყო, რომ ღონიერი, ძლიერი და საშიში ყოფილიყო, რომელიც ბანდიტების შეშინებას შეძლებდა. თუმცა ამავდროულად, მას ზუსტად უნდა შეესრულებინა პატრონის ბრძანებები და მითითებები. დროთა განმავლობაში, მომშენებლები ამ ჯიშში აგრესიის შემცირებაზე მუშაობდნენ. თანამედროვე დობერმან პინჩერი შესანიშნავი კომპანიონი ძაღლია, ნაკლებად გამოხატავს აგრესიას, განსაკუთრებით უმიზეზოდ.
დობერმან პინჩერი საჭიროებს აქტიურ ფიზიკურ და მენტალურ დატვირთვას. მან უნდა დახარჯოს ენერგია ვარჯიშით, რათა მავნე ჩვევები არ ჩამოუყალიბდეს. შესანიშნავი ჭკუის წყალობით ის იოლად ითვისებს ყველაფერს და მისი გაწვრთნა სიძნელეებთან არ არის დაკავშირებული. სტენლი კორენის წიგნში "ძაღლების ინტელექტი", ყველაზე ჭკვიან ძაღლებს შორის მას მეხუთე ადგილი უჭირავს.
ყველა სხვა ძაღლის მსგავსად, დობერმანისთვისაც აუცილებელია ადრეული სოციალიზაცია. აუცილებელია ლეკვობიდან შეაგუოთ ქუჩას, ხმაურს, ხალხმრავალ ადგილებში სიარულს, ბავშვებს, ძაღლებს და სხვა ცხოველებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიანებით შესაძლოა აგრესია გამოავლინოს. დობერმანი ისეთ ჯიშს მიეკუთვნება, რომელიც დიდი მეგობრობით არ გამოირჩევა სხვა ძალებისა და ცხოველების მიმართ, ამიტომ საჭიროა ნელ-ნელა გააცნოთ და შეაგუოთ სხვა ცხოველები.
დობერმანი შესანიშნავი მოდარაჯე და მცველია. იგი არ ენდობა უცნობებს, სახლში უცხო ვერ შემოეპარება. ხალხმრავალ ადგილებში კი აუცილებელია სიფრთხილე გამოიჩინოთ და აკონტროლოთ თქვენი ძაღლი. კარგად გაწვრთნილი დობერმანი ემორჩილება პატრონს და მის მითითებებს ასრულებს, ამიტომ საჭიროა მისი სწორი აღზრდა ლეკვობიდან.
მოვლა
თუ დობერმანის აყვანას გადაწყვეტთ, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, რომ მას აქტიური ვარჯიში და სეირნობა სჭირდება. ასევე, საჭიროა ოჯახურ გარემოში იზრდებოდეს, მისთვის მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობა. ეზოში მარტო გაზრდილი დობერმანი საკმაოდ აგრესიულ ძაღლად შეიძლება ჩამოყალიბდეს. უნდა შეძლოთ მისი ადრეული ასაკიდან გაწვრთნა, ლეკვობიდან უნდა ასწავლოთ მითითებების შესრულება.
დობერმან პინჩერს საკამრისი ადგილი უნდა ჰქონდეს საცხოვრებლად, მისი ყოლა პატარა ბინაში მიუღებელია. ასევე, თავისი და სხვა ადამიანების და ცხოველების უსაფრთხოებისთვის საჭიროა მყარი ღობე გქონდეთ ეზოში, საიდანაც ვერ გაიქცევა. ამ საკმაოდ დიდი ზომის ძაღლს უზღვავი ენერგია აქვს, რომელსაც დახარჯვა სჭირდება.
დობერმანის დაბალი და დაწვენილი ბეწვი რთული მოსავლელი არ არის. ის საკმაოდ სუფთა ძაღლია, დიდად არც ცუდი სუნი ახასიათებს. შეგიძლიათ გაწმინდოთ სველი პირასახოცით, საჭიროების შემთხვევაში აბანავეთ ძაღლის შამპუნით. აქტიურ გრუმინგს არ საჭიროებს, სპეციალური ჯაგრისით ან ხელთათმანით დავარცხნეთ კვირაში ერთხელ. ბეწვის ცვენა მას სეზონურად ახასიათებს, ამ დროს უმჯობესია უფრო ხშირი ვარცხნა.
სხვა ძაღლების მსგავსად, დობერმანსაც სჭირდება კბილების გახეხვა მინიმუმ ორჯერ კვირაში და ფრჩხილების დაჭრა, თუ მისი ცვეთა ბუნებრვად არ ხდება. ამ პროცედურებს ადრეული ასაკიდან მიაჩვიეთ.
საკვები მიეცით 2-ჯერ დღეში ერთსა და იმავე დროს. საკვების მოცულობა საჭიროა განისაზღვროს ინდივიდუალურად ძაღლის ასაკის, წონის, მეტაბოლიზმის, აქტივობის, ჯანმრთელობის და სხვა პირობების გათვალისწინებით.
რეგულარულად შეუმოწმეთ თქვენს ძაღლს თვალები, ყურები, ცხვირი, პირი და კანი. ცვლილების დროული შემჩნევა დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის საშუალებას მოგცემთ.
დობერმანებში გავრცელებული დაავადებებია: მენჯ-ბარძაყის დისპლაზია, ჰიპოთიროიდიზმი, დილატაციური კარდიომიოპათია, ვობლერის სინდრომი (ხერხემლის მალების არამდგრადობა), ფონ ვილებრანდის დაავადება (სისხლის შედედების დარღვევა) და სხვ.
შეგასხენებთ, რომ ყოველწლიური პროფილაქტიკური ვიზიტი ვეტერინართან საშუალებს მოგცემთ დროულად აიცილოთ თავიდან შემდგომი გართულებები.
ნახეთ, როგორ გამოიყურება ყველაზე ჭკვიანი ძაღლების ათეული - petario.com/kvelaze-chkviani-zaglebi-stenli-korenis-mixedvit