ძაღლის ჯიშები: გერმანული ნაგაზი
October 6, 2017 19:16 Kate Katel

გერმანული ნაგაზი თავისი უამრავი დადებითი თვისების გამო მრავალფუნქციურ ჯიშად ჩამოყალიბდა. მას ასევე უწოდებენ გერმანულ მეცხვარეს, დიდ ბრიტანეთში კი -ელზასელს. ჩვენთან რატომღაც "ავჩარკას" :)). ის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი, გონიერი და იოლად გაწვრთნადია. სწორედ ამიტომ ძალიან გავრცელებული ჯიშია მთელს მსოფლიოში. მას აქტიურად იყენებენ პოლიციის სამსახურში, ჯარში, სამძებრო და სამაშველო სამუშაოებისთვის, ფართოდ გავრცელებულია გამყოლი ძაღლის სახით.
ჯიშის ზოგადი დახასიათება
წარმოშობის ქვეყანა: გერმანია
წონა: მამრი 30-40 კგ; მდედრი - 22-32 კგ
სიმაღლე: მამრი - 60-65 სმ; მდედრი 55-60სმ
ბეწვი: ორმაგი, საშუალო ან გრძელი; შავ-წითური (მოყავისფრო), შავ-ნაცრისფერი, შავი
ლეკვების რაოდენობა: 4-10 ლეკვი
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 9 -13წელი
გერმანული ნაგაზისთვის დამახასიათებელია ვიწრო თავი, აწეული ყურები, პატარა მანძილი ყურებს შორის, ნუშისებრი, ღრმად ჩამჯდარი თვალები, გრძელი ბეწვით დაფარული კუდი, საშუალო სიგრძის კისერი კარგად განვითარებული კუნთებით. მშვიდ მდგომარეობაშიც კი ძაღლს ყურადღება გამახვილებული აქვს და ენერგიითაა სავსე.
ადაპტაცია |
⭐⭐⭐⭐ |
ბეწვის ცვენა |
⭐⭐⭐⭐ |
ადამიანზე მიჯაჭვულობა |
⭐⭐⭐⭐ |
გრუმინგი |
⭐⭐⭐ |
ყეფის ტენდენცია |
⭐⭐ |
ჯანმრთელობა |
⭐⭐⭐⭐ |
მეგობრობა კატებთან |
⭐⭐⭐ |
ვარჯიშის საჭიროება |
⭐⭐⭐⭐⭐ |
მეგობრობა ძაღლებთან |
⭐⭐⭐ |
გაწვრთნადი |
⭐⭐⭐⭐⭐ |
მეგობრობა ბავშვებთან |
⭐⭐⭐⭐⭐ |
ტერიტორიალური |
⭐⭐⭐⭐⭐ |
მეგობრობა უცხოებთან |
⭐ |
ინტელექტი |
⭐⭐⭐⭐⭐ |
ისტორია
გერმანული ნაგაზი, როგორც დასახელებიდანაც ჩანს, გამოიყვანეს გერმანიაში მე-19 საუკუნეში. თავდაპირველად გერმანიაში სხვადასხვა მეცხვარე ჯიშები გამოჰყავდათ ცხვრების მწყემსვისა და მათი მტაცებლისგან დასაცავად. ამ ძაღლებს ჰქონდათ საერთო თვისებები, როგორიცაა სისწრაფე, გონიერება და კარგი ყნოსვა. მაგრამ ისინი მაინც განსხვავდებოდნენ თავიანთი უნარითა და შესახედაობით ერთმანეთისაგან. სწორედ ამ განსხვავებების აღმოსფხვრელად 1891 წელს შეიქმნა ფილაქსის საზოგადოება. თუმცა საზოგადეობა მალე დაიშალა ინტერესთა კონფლიქტის გამო. ზოგიერთი წევრი მიიჩნევდა, რომ წინა პლანზე გარეგნობა უნდა ყოფილიყო, ზოგი კი ძაღლის სამუშაო თვისებების განმტკიცებას უჭერდა მხარს.
მოგვიანებით, ფილაქსის საზოგადოების ყოფილმა წევრმა, მაქს ფონ შტეფანიცმა განაგრძო მუშა ძაღლის ჯიშის გამოყვანაზე ზრუნვა. მან 1899 წლის ძაღლების გამოფენაზე ნახა ძაღლი, სახელად ჰეკტორ ლინკსრაინი, რომელიც სრულიად აკმაყოფილებდა მის წარმოდგენას თუ როგორი უნდა ყოფილიყო სამუშაო ძაღლი. ძაღლის შეხედულებით, გონიერებით, სიძლიერით და სხვა თვისებებით მოხიბლულმა შტეფანიცმა 200 ოქროს მარკად შეიძინა ეს ძაღლი და მას ჰორანდ ფონ გრაფრატი უწოდა. მალევე დააარსა გერმანული ნაგაზის საზოგადოება, რომლის პირველი წევრი სწორედ ჰორანდი გახდა. სწორედ ეს ძაღლი გამოცხადდა პირველ გერმანული ნაგაზის ძაღლად. გერმანულმა ნაგაზმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, სადაც უკვე აქტიურად იყენებდნენ ამ ჯიშს სხვადასხვა დავალების შესასრულებლად.
ხასიათი
გერმანული ნაგაზი საოცრად გონიერი და ჭკვიანი ძაღლია. სტენლი კორენის წიგნში ”ძაღლების ინტელექტი”, მას მესამე ადგილი უჭირავს ბორდერ კოლისა და პუდელის შემდეგ. გერმანულ ნაგაზს საკმაოდ გაწონასწორებული ფსიქიკა აქვს. უცხოების მიმართ არც ისე მიმნდობია, თუმცა თუ ერთხელ დაგიმეგობრდათ მის ერთგულებაში ეჭვს ვეღარ შეიტანთ. გერმანული ნაგაზი ძალიან ერთგული, უშიშარი, საუკეთესო დამცველი და ადვილად გაწვრთნადია. ამიტომ მას ხშირად იყენებენ სამძებრო, სამაშველო, საპოლიციო და სხვა სამსახურში. საკმაოდ ძლიერ გერმანულ ნაგაზს აქტიური ვარჯიში და ენერგიის დახარჯვა სჭირდება. არასწორი აღზრდის შედეგად მან შეიძლება აგრესია გამოიჩინოს და საშიში გახდეს. როგორც ყველა ძაღლს, მასაც სჭირდება ადრეული სოციალიზაცია. ლეკვობიდან უნდა მიეჩვიოს სხვა ცხოველებს, ადამიანებს, ხმაურს. მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში იცის ყეფა. ერთადერთი რასაც ის ვერ იტანს მარტო ყოფნაა. ნუ დატოვებთ დიდი ხნით მარტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ცუდი ჩვევები ჩამოუყალიბდეს და ფსიქიკაზეც იმოქმედოს. ასევე, ფსიქიკის და ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება გააჩნდეს არასწორი შეჯვარების შედეგად, ამიტომ შეძენისას აუცილებლად მოითხოვეთ მშობლების პასპორტი. თუ ლეკვის არასათანადო ქცევას შენიშნავთ, მაშინვე უნდა დაუწყოთ მკურნალობა და ქცევის კორექცია. გერმანული ნაგაზი კარგად იტანს ტრანსპორტირებას, უყვარს სირბილი, თამაში, ცურვა , ამიტომ ატარეთ თქვენთან ერთად ხშირად. ის შესანიშნავი კომპანიონი იქნება.
მოვლა
გერმანული ნაგაზის მოვლა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. მთავარია გქონდეთ საჭირო დრო იმისთვის, რომ ხშირად ასეირნოთ და ავარჯიშოთ. მისთვის აუცილებელია ენერგიის დახარჯვა. ნუ გამოკეტავთ სახლში, მოწყენილი ნაგაზისთვის ყეფა, ნივთების ღრღნა და ღეჭვა ჩვეულებრივ ამბად იქცევა. საჭიროა ლეკვობის ასაკიდან მიაჩვიოთ ბრძანებების შესრულებას. თავისი გონიერების წყალობით ის ადვილად ითვისებს ყველაფერს და სპეციალისტის დახმარება იშვიათადაა საჭირო, მთავარია ძაღლს აგრძნობინოთ, რომ თქვენ ხართ მისი პატრონი და არა პირიქით.
ბეწვის დავარცხნა კვირაში რამდენჯერმე საკმარისია. სეზონური ბეწვის ცვლის დროს კი უფრო ხშირი ვარცხნაა საჭირო. დაბანა ხშირად არ არის რეკომენდებული. აბანავეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ან გაწმინდეთ მშრალი შამპუნით.
თუ ძაღლი ძირითადად სახლში გყავთ, თვეში ერთხელ დააჭერით ფრჩხილები. ადრეული ასაკიდან მიაჩვიეთ კბილების გახეხვას, რაც ხელს შეუწყობს ჯანმრთელი პირის ღრუს შენარჩუნებას.
გერმანული ნაგაზისთვის დამახასიათებელი დაავადებებია: მენჯ-ბარძაყის დისპლაზია, ართრიტი, დეგენერაციული მიელოპათია (ზურგის ტვინის დაავადება), ალერგია, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ვილებრანდის დაავადება (მემკვიდრეობითი, სისხლის შედედების დარღვევა).
გერმაული ნაგაზის კვება შეგიძლიათ როგორც ნატრურალური, ასევე მზა საკვებით. კვების რაციონი და რაოდენობა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს ძაღლის წონის, ასაკის, მეტაბოლიზმის, აქტივობის და სხვა მახასიათებელბის გათვალისწინებით.