ბლოგი / ეს საინტერესოა

ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობაზე კანონის გამკაცრება იგეგმება




ცხოველთა უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტში წარადგინეს საკანონმდებლო ინიციტივა, რომელიც ითვალისწინებს კომპანიონი ცხოველების შესახებ კანონის გამკაცრებას. ამ კანონპროექტთან ერთად წარმოდგენილია “სისხლის სამართლის კოდექსისა” და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატანი ცვლილებებიც.

რა სახით დაისჯება დამნაშავე და რა ჯარიმები იქნება დაწესებული - იხილეთ აქ

კომპანიონი ცხოველი - ცხოველი, რომელიც ადამიანს ჰყავს ესთეტიკური თუ სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ექვემდებარება ადამიანის მიერ მოვლას და რომელსაც არ იყენებენ სურსათის (მათ შორის, ხორცის, რძისა და კვერცხის), ბეწვის, ბუმბულის, ტყავის და სხვა ნებისმიერი ცხოველური პროდუქტის საწარმოებლად.

ამ კანონის მიზანია კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობის უზრუნველყოფა და მათი დაცვა, აგრეთვე ადამიანისა და კომპანიონი ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო გარემოს შექმნა და ამასთან დაკავშირებული რისკების შეფასება და მართვა, კომპანიონი ცხოველის მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, აპრობირებული და ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა.

წარმოდგენილი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, ყველა კომპანიონ ცხოველს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა იარსებოს ბიოლოგიური წონასწორობის პირობებში. დაუშვებელი იქნება მისი მიტოვება ან უმიზეზოდ, გაუმართლებლად მოკვლა, მკვდარ კომპანიონ ცხოველთან კი უკადრისად მოპყრობა. კომპანიონი ცხოველების გამრავლება დარეგულირებული იქნება კანონმდებლობით და სისხლის სამართლის კოდექსით იქნება დასჯილი ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართული იქნება რომელიმე სახეობის განადგურებისაკენ.

კანონი ცხოველთა შესახებ

კანონპროექტით განსაზღვრული კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობა მოიცავს:

  1. სათანადო კვებასა და დაწყურვებას;
  2. საძილე ადგილის გამოყოფა-მოწყობას, დათბუნებასა და განათებას;
  3. გასეირნებასა და სათანადო ფიზიკური აქტივოვებით დატვირთვას;
  4. დროულ და სათანადო ვეტერინერულ მომსახურებას;
  5. სათანადო ჰიგიენურ-სანიტარული პირობების შექმნას;
  6. კომპანიონი ცხოველისთვის საჭირო საწვრთნელი საშუალებების ხელმისაწვდომობას და მათ სოციალიზაციას.
--RELATED--

კომპანიონი ცხოველის ყოველი მესაკუთრე პასუხისმგებელი იქნება მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, ასევე საჭირო იქნება განახორციელოს ყველა ქმედება კომპანიონი ცხოველის გაქცევისა და დაკარგვის თავიდან ასაცილებლად.

აკრძალული იქნება კომპანიონი ცხოველის მუდმივად დაბმა ან/და მოკლე საბელის ხანგრძლივი გამოყენება. მეპატრონეს უფლება ექნება საკუთარ ნაკვეთზე თავისუფლად გაუშვას ცხოველი, თუ მიღებული იქნება ყველა ზომა, კომპანიონი ცხოველის მიერ ტერიტორიის მიღმა მყოფი პირების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაზიანებისაგან თავის ასარიდებლად.

დაუშვებელი იქნება 18 წლამდე ასაკის პირზე ან 18 წლამდე ასაკის პირის მიერ კომპანიონი ცხოველის გაჩუქება, მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე.

დაუშვებელი იქნება კომპანიონი ცხოველის საკვებად გამოყენება ან/და მისგან პრეპარატებისა და ქიმიური საშუალებების დამზადება. აკრძალული იქნება ასევე ცხოველის გადაცემა ჯილდოს ან პრიზის სახით.

ავტოსაგზაო შემთხვევისას გაუფრთხილებლობით დაშავებული კომპანიონი ცხოველის გადაყვანა უახლოეს ვეტერინარულ დაწესებულებაში მძღოლის ვალდებულება იქნება, მას დაეკისრება ვეტერინარული მომსახურების ფინანსური უზრუნველყოფა.

კომპანიონი ცხოველის გვამი უნდა დაიმარხოს სპეციალურ გამოყოფილ ადგილზე, მოთავსდეს ბიოთერმულ ორმოში ან მოხდეს კრემაცია.

აკრძალული იქნება პირის მფლობელობაში 10 კომპანიონ ცხოველზე მეტის ყოლა.

ძაღლების გასეირნება საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა, უნდა მოხდეს მოკლე საბელით ან ალიკაპითა და საბელით. მათ მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში, პატრონს დაევალება მისი დასუფთავება.

კომპანიონ ცხოველებს უფლება აქვთ ისარგებლონ ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათი გადაყვანა უნდა მოხდეს მოკლე საბელითა და ალიკაპით ან სპეციალური კონტეინერით.

მეპატრონე ვალდებული იქნება კომპანიონ ცხოველს ჩაუტროს ყოველწლიური ვეტერინერული შემოწმება, მკურნალობა საჭიროებისამებრ და იმუნიზაცია.

კომპანიონი ცხოველის პატრონი ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის ვეტერინალურ დაწესებულებას ან უფლებამოსილ ორგანოს, საკუთრებაში მყოფი კომპანიონი ცხოველის მიერ ადამიანის ან/და ცხოველის დაკბენის/დაკაწვრის ფაქტის შესახებ და წარადგინოს კომპანიონი ცხოველი ვეტერინალურ დაწესებულებაში.  

აკრძალული იქნება არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების მიზნის გარეშე კომპანიონი ცხოველისთვის კუდის მოჭრა, ყურების დაჭრა, სმენის დაქვეითება, ნისკარტის, ბიბილოსა და ფრთების მოჭრა, კბილების და ეშვების ამოღება, ხმის იოგების გადაჭრა.

აკრძალული იქნება კომპანიონი ცხოველის მიმართ  სასტიკი მოპყრობა და წამება, მსგავსი ქმედების მოწოდება ან/და ნებისმიერი სახით ხელშეწყობა. სასტიკი მოპყრობასა და წამებაში იგულისხმება:

  1. კომპანიონი ცხოველის ცემა გაწვრთნის მიზნით ან ისეთი ქმედება, რომელიც გამოიწვევს მის მენტალურ ტანჯვას, ფიზიკურ ტრავმას ან/და დასახიჩრებას;
  2. კომპანიონი ცხოველის გაგდება და მიტოვება;
  3. კომპანიონი ცხოველის გამოყენება სამიზნეებად;
  4. კომპანიონი ცხოველისთვის საჭიროების შემთხვევაში ვეტერინარული დახმარების აღმოუჩენლობა;
  5. კომპანიონ ცხოველებზე ანესთეზიის გარეშე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციები;
  6. ვეტერინარული პროცედურები, რომლთა მიზანია ცხოველის გარეგნობის ან ფიზიოლოგიური ფუნქციის შეცვლა, ასევე მათი სხეულის ნაწილის, რბილი ქსოვილის ან/და ძვლების სტრუქტურის შეცვლა. გამონაკლისია, კომპანიონი ცხოველის კასტრაცია და სტერილიზაცია, ასევე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კომპანიონი ცხოველის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ვეტერინარრის გადაწყვეტილებით განხორციელებული პროცედურები;
  7. კომპანიონი ცხოველის წვრთნის პროცესში მისი აგრესიისკენ მოწოდება თავისი სახეობის, სხვა ცხოველის ან/და ადამიანის საწინააღმდეგოდ;
  8. კომპანიონი ცხოველების გამოყენება რეკლამებში, კინოგადაღებებში, ფოტოგრაფიაში, გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში, სადაც კომპანიონ ცხოველს მიადგება ტკივილი, შიში, სტრესი, ტანჯვა.
  9. კომპანიონი ცხოველების ყოლა ისეთ პირობებში, რომლებიც არ შეესაბამება მათ სახეობას, ასაკს ფიზიოლოგიურ და ბუნებრივ ქცევას;
  10. ზოოფილური აქტები კომპანიონ ცხოველებთან;
  11. მათი გამოყენება სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის და მათზე ლაბორატორიული ცდების ჩატარება, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა;
  12. სხვა ქმედებები, რომლებიც იწვევს კომპანიონი ცხოველის ტანჯვას.

კანონი ცხოველთა კეთილდღეობაზე

კომპანიონი ცხოველთა მოკვდინება დასაშვები იქნება მხოლოდ ჰუმანური მეთოდებით, მათთვის ფიზიკური ტკივილის და ფსიქოლოგიური ტანჯვის გარეშე, სპეციალური მედიკამენტების გამოყენებით. მათი მოკვდინება კი დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვეტერინარი ან/და კინოლოგი დაუდგენს აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა კომპანიონი ცხოველის თანარსებობის საშუალებას ადამიანთან ან/და სხვა ცხოველებთან, საშიშ უკურნებელ დაავადებას, ძლიერ ტრამვებს ან/და დაზიანებებს, რომლებიც არათავსებადია სიცოცხლესთან, დამბლას და ა.შ.

აკრძალული იქნება კოპანიონი ცხოველების ორთაბრძოლების ორგანიზება და ჩატარება, მასში ნებისმიერი სახით მონაწილეობა და ხელშეწყობა, ასევე ორთაბრძოლის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გავრცელება.

ამ კანონით დარეგულირებული იქნება ასევე, კომპანიონ ცხოველთა მოშენება, უმეთვალყურეო კომპანიონ ცხოველთა მართვა და კონტროლი, თავშესაფრების მოწყობა, კომპანიონი ცხოველების მიმკედლებეთა უფლება-მოვალეობები, კომპანიონი ცხოველების რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის მოვალეობანი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ამჟამად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის და რაც აუცილებელია კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობის დაცვისათვის.

აღნიშნული კანონპროექტი განხილვისა და დამტკიცების შემთხვევაში ძალაში 2018 წლის 1 სექტემბრიდან შევა.


უფრო დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ საქართველოს პარლამენტის ვებსაიტზე გაეცნოთ - https://info.parliament.ge/#law-drafting/14697

 

წაიკითხეთ ძაღლის შესახებ, რომელიც ქუჩაში დაიბადა - petario.com/jofreis-istoria


5968 ნახვა



მსგავსი პოსტები

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...

ზღვის გოჭის სახეობები

ზღვის გოჭები, იგივე გვინეური გოჭები პოპულარული დეკორატიული შინაური ცხოველები არიან. დღესდღეობით მსოფლიოში მათი უამრ...