ბლოგი / ეს საინტერესოა

ყველაზე საშიში ძაღლის ჯიშები




მსოფლიოში არსებობს უამრავი ძაღლის ჯიში, მათი ნაწილი ბუნებრივად ჩამოყალიბდა, ნაწილი კი ადამიანებმა სხვადასხვა ჯიშის შეჯვარებით გამოიყვანეს. დღესდღეობით ზოგიერთი ჯიში საშიშად ითვლება და ბევრ ქვეყანაში მათი ყოლა აკრძალულია ან დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები. აკრძალვები ადგილობრივი კანონმდებლობებით რეგულირდება. ძაღლის აგრესია ხშირ შემთხვევაში არასწორი აღზრდის და არასათანადო მოპყრობის შედეგად ყალიბდება და ამაში უმეტესად მეპატრონე არის დამნაშავე. ამიტომ არასწორი იქნება ამა თუ იმ ჯიშის ყველა ძაღლი ერთნაირად საშიშად ჩავთვალოთ, თუმცა მაინც გამოირჩევა რამდენიმე ჯიში, რომლებიც სხვაზე მეტად არიან შემჩნეული აგრესიასა და ზიანის მიყენებაში.

წარმოგიდგენთ ათ ყველაზე საშიშ ძაღლის ჯიშს:

1. ამერიკული პიტბულ ტერიერი

ამერიკული პიტბულ ტერიერი

ეს ჯიში გამოიყვანეს მე-19 საუკუნეში ამერიკაში სპეციალურად ძაღლების ჩხუბისთვის. მას წარმატებულად იყენებდნენ დათვებთან და სხვა ცხოველებთან საბრძოლველადაც. არასწორი აღრზდის გამო ძალიან აგრესიულები შეიძლება იყვნენ ადამიანის მიმართაც. ამიტომ დაწესებულია აკრძალვები მათ ყოლასთან დაკავშირებით მრავალ ქვეყანაში. ეს ქვეყნებია: ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, გერმანია, დანია, ესპანეთი,იტალია, პორტუგალია, საფრანგეთი, პოლონეთი, შვეიცარია, ისრაელი, თურქეთი, სინგაპური, ვენესუელა, პუერტო რიკო, ეკვადორი, უკრაინა,რუმინეთი, ბელარუსი. ასევე აკრძალვებია აშშ-ს და კანადის ზოგიერთ შტატში.

2. ამერიკული სტაფორდშირ ტერიერი

ამერიკული სტაფორდშირ ტერიერი

ეს ჯიში ცნობილია, როგორც ამსტაფი ან უბრალოდ სტაფის სახელწოდებით. მას აქვთ ძლიერი ტემპერამენტი, საჭიროებს აქტიურ წვრთნასა და ვარჯიშს ლეკვობის ასაკიდან. საკმაოდ ამტანია და შეუპოვარად იბრძვის, ამიტომ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ძაღლად არის მიჩნეული.თუმცა  სწორად გაწვრთნის შემთხვევაში ძალიან ერთგული და მოსიყვარულეა. აკრძალვები ამ ჯიშთან დაკავშირებით დაწესებულია შემდეგ ქვეყნებში: გერმანია, დანია, ესპანეთი, პორტუგალია, შვეიცარია, ნორვეგია, ისრაელი, რუმინეთი, უკრაინა, რუსეთი, სინგაპური, აშშ.

3. ტოსა ინუ

ტოსა ინუ

ეს ჯიში გამოიყვანეს იაპონიაში მე-19 საუკუნეში, სხვადასხვა იაპონური მოჩხუბარი ძაღლებისა და ბულდოგების, ტერიერების, მასტიფისა და სხვა ჯიშების შეჯვარებით. ეს ჯიში ცუდად ეგუება ქალაქის პირობებს, სხვა ცხოველებს და ბავშვებს. მისი გაწვრთნა საკმაოდ რთულია და დიდ დატვირთვას მოითხოვს. ამიტომ საპატიოდ არის მიჩნეული საშიშ ჯიშად. აკრძალვებია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის: აშშ, ავსტრალია, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, დანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ნორვეგია, ისრაელი, თურქეთი, სინგაპური, მალტა.

4. ფილა ბრაზილიერო

ფილა ბრაზილიერო ბრაზილიური მასტიფი

ფილა ბრაზილიერო , იგივე ბრაზილიური მასტიფი გამოყვანილია ბრაზილიაში მე-19 საუკუნეში, სანადიროდ და მეძებრად. ის საკმაოდ ერთგულია მეპატრონის მიმართ, მაგრამ საკმაოდ საშიში უცნობებისთვის. ის ცნობილია აგრესიულობით, თავისი კვალის აღების ნიჭით და ულმობელი და ძლიერი ტემპერამეტით. ამიტომ მრავალ ქვეყანაში აკრძალულია მისი ყოლა ან შეზღუდვებია დაწესებული. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, დანია, ესპანეთი, იტალია, ნორვეგია, ისრაელი, თურქეთი, პორტუგალია, მალტა, სინგაპური, აშშ-ს ზოგიერთი შტატი.

--RELATED--

5. არგენტინული დოგი

არგენტინული დოგი დოგო არგენტინო

ცნობილი ასევე, როგორც არგენტინული მასტიფი გამოიყვანეს არგენტინაში მე-20 საუკუნის დასაწყისში. მისი მთავარი დანიშნულება დიდ ცხოველებზე ნადირობა იყო. შემდეგ აქტიურად იყენებდნენ ძაღლების ჩხუბისთვის. არგენტინული დოგი ძალიან უშიშარი და  გამძლე ძაღლია. ამიტომ, ერთ-ერთი ყველაზე საშიშიც. მისი გაწვრთნა რთულია, საჭიროებს დიდ დატვირთვას. ძალიან პატარა ასაკიდან უნდა ქონდეს შეხება სხვა ცხოველებთან. ძნელად ეგუება ქალაქს, სხვა ძაღლებს და ბავშვებს. აკრძალვები მოქმედებს შემდეგ ქვეყნებში: ავსტრალია, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, ნორვეგია, რუმინეთი, უკრაინა, ბელარუსი, მალტა, ისრაელი, თურქეთი.

6. როტვეილერი

როტვეილერი

ეს ჯიში გამოყვანილია მე-19 საუკუნის დასაწყისში გერმანიაში. ძლიერი სხეულისა და ყბების მქონე როტვეილერს ძირითადად სანადიროდ იყენებდნენ. ის ძალიან გონიერი, უშიშარი, თავდაჯერებული, ერთგული და მამაცი ძაღლია. პატარა ასაკიდან საჭიროა მისი სწორად გაწვრთნა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება აგრესიული გახდეს და პრობლემები შეექმნას სხვა ძაღლებთან. მისი გაწვრთნა არ არის ძალიან რთული, თუმცა უპასუხისმგებლო მეპატრონის ხელში შეიძლება ძალიან საშიშ ძაღლად ჩამოყალიბდეს. შეზღუდვებია: აშშ-ში, ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, ისრაელში, რუმინეთში, უკრაინასა და ბელარუსში.

7. ბურბული

სამხრეთ აფრიკული მასტიფი ბურბული

ეს ჯიში ცნობილია ასევე,  როგორც სამხრეთ აფრიკული მასტიფი. ბურბული გამოიყვანეს სამხრეთ აფრიკაში ძირითადად სახლისა და ფერმის დასაცავად. ის ძალიან ძლიერი ძაღლია და კარგი მოდარაჯეა. ძალიან ერთგულები არიან მეპატრონის მიმართ. ამ ჯიშის ძაღლები საკმაოდ აქტიურები არიან და ხშირი ვარჯიში სჭირდებათ. ლეკვობის ასაკიდან უნდა გაიწვრთნას სწორად, წინააღმდეგ შემთხვევაში საკმაოდ აგრესიულები არიან სხვა ცხოველებისა და უცნობების მიმართ. მის ყოლაზე აკრძალვები მოქმედებს: რუმინეთში, ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურში, შვეიცარიაში, რუსეთსა და უკრაინაში.

8. მგლის ძაღლი

მგლის ძაღლი მგელძაღლა

ეს ჯიში გამოიყვანეს სხვადასხვა შინაური ძაღლის და მგლის შეჯვარებით. ისინი საკმაოდ ფრთხილები და კარგი დარაჯები არიან, თუმცა არაპროგნოზირებადი ხასიათი აქვთ. ამიტომ საკმაოდ საშიშები არიან. მათი გაწვრთნა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. შეზღუდვებია ნორვეგიაში, ფინეთსა და უკრაინაში

9. კანარის დოგი

კანარის დოგი დოგო კანარიო

კანარის დოგი გამოიყვანეს კანარის კუნძულებზე საბრძოლველად. მას მებრძოლი ძაღლისთვის დამახასიათებელი აღნაგობა აქვს. ძლიერი დაკუნთული სხეულით, მაგარი ძვლებით, სქელი კანით და განსაკუთრებულად ძლიერი ყბებით მეტად გამძლეა და მსხვერპლისთვის დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. მისი გაწვრთნა არც ისე იოლია, ძნელად ეგუება სხვა ძაღლებსა და ბავშვებს. აკრძალვებ მოქმედებს შემდეგ ქვეყნებში: იტალია, ავსტრალია, ბელარუსი, უკრაინა, რუმინეთი და აშშ-ს ზოგიერთი შტატი.

10. დობერმან პინჩერი

დობერმან პინჩერი

დობერმან პინჩერი ან უბრალოდ დობერმანი გამოიყვანეს გერმანიაში მე-19 საუკუნეში, როგორც მოდარაჯე ძაღლი. ის მართლაც საუკეთესო დამცველია. იოლად სწავლობენ პატრონის პატივისცემას და ერთ-ერთ ყველაზე დამჯერ და ინტელექტუალურ ძაღლად არის მიჩნეული. თუმცა თავისი დიდი ზომის, უშიშარი და უცნობებისთვის უნდობი ხასიათის გამო პოტენციურ საშიშ ძაღლად ითვლება. დობერმანი ძალიან აქტიურია და მუდმივად საჭიროებს ვარჯიშს და დატვირთვას. სწორი აღზრდის შედეგად შესანიშნავი ერთგული და გონიერი კომპანიონი გეყოლებათ. ზოგიერთ ქვეყანაში მაინც არის შეზღუდვები მის ყოლასთან დაკავშირებით. ეს ქვეყნებია: ირლანდია, რუმინეთი, უკრაინა, ბელარუსი და აშშ-ს ცალკეული შტატები.

--RELATED--

როგორ გამოიყურება ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიშების ათეული - Petario.com/kvelaze-chkviani-dzaglebi-stenli-korenis-mixedvit


13363 ნახვა



მსგავსი პოსტები

15 ცნობილი გამონათქვამი კატებზე

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 15 ციტატას კატების შესახებ: &...

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...