რატომ გვიკვირს ძალადობა?!
December 7, 2017 13:16 Nika Todua

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ამ ბოლო დროს ბევრი შემაძრწუნებელი ფაქტი მოხდა. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ მხოლოდ ცხოველებზე ძალადობას, ვგულისხმობთ ადამიანების ძალადობას ადამიანებზეც. ბევრისთვის შეიძლება ეს ორი ტიპის ძალადობა ერთმანეთთან კავშირში არაა, თუმცა ასე ნამდვილად არ არის. ეს საკითხი ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ და ახლა ამ ძალადობის შედეგებზე და მისგან გამომდინარე აჟიოტაჟზე ვთქვათ ორი სიტყვით…
დღევანდელ დღეს, როდესაც უკვე უამრავი საშინელი ფაქტი მოხდა, ახალგაზრდებმა, უფრო კონკრეტულად კი, სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთი სასიკვდილოდ გაიმეტეს, დანით მიაყენეს ერთმანეთს არაერთი ჭრილობა და გამოავლინეს საშინელი სისასტიკე, ყველა ამ თემაზე ვსაუბრობთ, სოციალურ ქსელებში, ტელევიზიაში, ყველგან ეს თემა შუქდება და უამრავი “ექსპერტი” ცდილობს დაადგინოს რამ გამოიწვია ეს ყველაფერი და რამ აღძრა ბავშვებში ამხელა ძალადობა… თუმცა, ისმის კითხვა - რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს შემაძრწუნებელი ამბავი არ მომხდარიყო? ჩვენ არ შევქმენით ეს არაჯანსაღი გარემო? ჩვენ არ ვხუჭავთ თვალს ძალადობაზე? ჩვენი ქვეყნის შესაბამისი ორგანოები არ უდგებიან არასერიოზულად სხვადასხვა ძალადობრივ ფაქტებს? ჩვენი მედია არ თვლის არაპრიორიტეტულად სხვადასხვა სასტიკ ფაქტს? ვიღაცეები ალბათ შეგვედავებიან... თუმცა, ყურადღბით წაიკითხეთ პოსტი…
ძალადობის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს, ეს შეიძლება იყოს სოციალური მდგომარეობა, არასწორი აღზრდა, განათლების სისტემა და სხვა… ადამიანი ამ სისტემების გაუმართავი მუშაობის შედეგად ძალადობას სხვადასხვანაირად წარმოაჩენს, ეს შეიძლება იყო აგრესია ოჯახის წევრების მიმართ, ძალადობა თანატოლების მიმართ(ბავშვებში), ძალადობა სუსტების მიმართ, ძალადობა ცხოველების მიმართ… ყველა ჩამოთვლილის პრევენცია ხდება, კარგად თუ ცუდად, გარდა ბოლო ტიპისა, ჩვენს ქვეყანაში ცხოველებზე ძალადობა არ ისჯება. ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის ეს უკანასკნელი ყოველთვის მეასე ხარისხოვნად რჩება. ხშირად გავიგებთ გამონათქვამს, რა დროს ცხოველებია, როდესაც ამდენი ადამიანი არის გასაჭირშიო. თითქოს ეს ორი ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს. თითქოს ერთი პრობლემის მოგვარება, მეორე პრობლემის მოუგვარებლობას ნიშნავს.
მაშინ, როდესაც ევროპულ და ამერიკულ ოჯახებში თავშესაფრიდან აყავთ ცხოველი, იმ მიზეზით, რომ მას სიცოცხლე აჩუქონ და ასწავლონ ბავშვებს მზრუნველობა, დაუცველი და დაჩაგრული არსებების მოვლა, ჩვენთან ბავშვობაშივე უნერგავენ ბავშებს, რომ ქუჩის დაუცველ ცხოველს არ მიუახლოვდნენ, არ მოუარონ, არ მიიყვანონ სახლში, არ აჭამონ, რადგან ბეწვი არ გადაეყლაპოთ და სხვა უამრავ მიზეზს იშველიებენ, ისეთ მიზეზებს, რომლებიც თვითონაც არ იციან მართალია თუ არა. რას აკეთებს განათლების სისტემა ამ მხრივ? რომელიმე პროექტი განუხორციელებია ამ კუთხით? სკოლაში ზოგადი განათლება ამ კუთხით უსწავლებია ვინმესთვის? თუ მხოლოდ ვაშლების დარიგებით მოგვარდება ეს პრობლემა? ამაზე პრიორიტეტული არაფერია? როგორ სჯიან ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ცხოველებზე მოძალადეებს? ხშირად სასაცილოდაც არ ჰყოფნით, როდესაც ცხოველებზე ძალადობის ფაქტზე უწევთ საქმის წარმოება… რას აკეთებს მედია ამისთვის? იშვიათი გამონაკლისების გარდა გვინახავს ტელევიზორში გადაცემა, რომელიც ჩვენს მომავალ თაობას ცხოველების მოვლას ასწავლის? ასწავლის ელემენტარულ მოქცევის და მოპყრობის წესებს? ან გინახავთ გადაცემა, რომელიც ცხოველზე ძალადობას სერიოზულად მიუდგებოდა (აქაც იშვიათი გამონაკლისების გარდა)? და რაზე გვაქვს საუბარი, ჩვენს ქვეყანაში ხომ არ არსებობს კანონი, რომელიც ცხოველებს დაიცავს... უამრავი პეტიცია გროვდება, უამრავი კამპანია ტარდება, თუმცა უშედეგოდ… არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაციების გარდა, ამ თემებს წინა პლანზე არავინ წევს. ნუთუ ამდენი რამ სჭირდება იმ ელემენტარულს, რასაც ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონის მიღება ჰქვია… ალბათ ბევრი წაიკითხავს ამ პოსტს და არ დაგვეთანხმება, მაგრამ ჩვენ ფაქტებით გესაუბრებით…
ეს ვიდეო ჩვენი ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების წარმოჩინების კარგი მაგალითია… ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ძაღლი უნდა მოეკლა, იმის გამო, რომ აგრესიული იყო და უბრალოდ ასე უნდოდა, იქცევა შემდეგნაირად… მიჰყავს დაბმული თოკით ძაღლი (კარგად ჩანს ძაღლის აგრესიულობა, როდესაც მორჩილად მიჰყვება “პატრონს”), კლავს მძიმე ბლაგვი საგნის დაუნდობლად ჩარტყმით და აბრუნებს ძველ ტერიტორიაზე მის გვამს… ამ ვიდეოში იმის გარდა, რომ ჩანს ამ “ადამიანის” არაადამიანური საქციელი, ასევე ვხედავთ სხვა რამესაც… თუ კარგად დავაკვირდებით, ე.წ. “ბესეტკაში” სხედან “მამაკაცები”, რომლებიც აგრძელებენ საუბარს მშვიდად მთელი ამ პროცესის განმავლობაში… არც ერთ მადგანს არ გაუჩნდა პროტესტის შეგრძნება.. არც ერთ მათგანს არ შეეცოდა ცოცხალი არსება… თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარიყოს… ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ამ საშინელ სურათს, ხომ შეიძლება ბავშვები შესწრებოდნენ? და დიდი ალბათობით ამ დროს ეზოში ბავშები აუცილებლად იქნებოდნენ. ნუთუ ეს მათში აგრესიას არ გააღვიძებდა? დღეს ეს “მამაკაცები” დარწმუნებული ვარ, გაკვირვებულები საუბრობენ სკოლის მოსწავლეების მიერ ჩადენილ დანაშაულზე… ნეტავ რამ გამოიწვია ამ ბავშვებში ამხელა სისასტიკე? ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ერთმა ადამიანმა, რომელიც ზემოდან უყურებდა ამ საშინელ ფაქტს გამოიძახა პოლიცია და საქმე აღიძრა.. თუმცა, რად გინდა… გაინტერესებთ როგორ დაისაჯა მკვლელი? მხოლოდ 500 ლარით… დიახ, 500 ლარით… ასე მუშაობენ ჩვენი სამართალდამცავები. თითქოს ის არ იქნებოდა საკმარისი, რომ არ გვაქვს შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც ცხოველებს დაიცავს, დამნაშავეს არსებული 259 მუხლის მინიმალური სასჯელი შეუფარდეს… პრობლემები აქ არ მთავრდება… გაშუქდა თუ არა ტელევიზიაში ეს საშინელი ფაქტი? დიახ, გაშუქდა, თუმცა იმდენად მცირე დრო დაეთმო და იმდენად არამნიშვნელოვნად ჩაითვალა ეს საკითხი, გადაცემის ბოლო ბლოკში ჩატიეს და სულ რაღაც 2 წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნეს… ნუთუ ეს პრობლემა უფრო მეტ დროს არ იმსახურებდა?!
სამწუხაროდ, ეს შემთხვევა ერთადერთი არ ყოფილა…
ბავშვებმა, რომლებმაც თავისთვის მწოლიარე ლეკვი ქვებით ჩაქოლეს, ბავშვები არიან, როგორ დავსაჯოთო…
ბავშვებმა, რომლებმაც ლეკვი ჯოხით გააუპატიურეს, ბავშები არიან, როგორ დავსაჯოთო…
მამაკაცი, რომელიც მიეპარა ძაღლს, მაშინ, როდესაც წყალს სვამდა და მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა ლურსმანდამაგრებული ჯოხით, დაისაჯა 1000 ლარით…
მამაკაცი, რომელმაც კისტის თოფით მოკლა ლეკვი, იმის გამო, რომ ხმაური აწუხებდა, დაისაჯა 1000 ლარით…
თუმცა, სამწუხაროდ, არაპრიორიტეტულად ითვლება არამხოლოდ ცხოველზე ძალადობის ფაქტები, არამედ იმ ადამიანებზე ძალადობაც, რომლებიც დაუცველ ცხოველის ჩაგვრას გამოექომაგებიან. ამის კარგი მაგალითი ყველასთვის ცნობილი მატილდა მირზოევაა. მას მხოლოდ იმიტომ გაუსწორდნენ ფიზიკურად, რომ დაუცველი ცხოველის გადარჩენას ცდილობდა. დამნაშავე დაისაჯა მხოლოდ 2000 ლარით...
მაშინ, როდესაც თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ჯანმრთელ ძაღლებს არაჰუმანური მეთოდებით კლავს, უკეთებს გულში ინგლისურ მარილს, რაც იწვევს ცხოველის ტანჯვით სიკვდილს, მხოლოდ იმის გამო, რომ ძაღლის ეუთანაზიაში ნაკლები ხარჯი ჰქონდეს, ქუჩიდან ნებისმიერი მოქალაქის პრეტენზიებს აკმაყოფილებს და მიჰყავს დასაძინებლად ჯანმრთელი ძაღლები და ამის უამრავი მოწმე არსებობს და უამრავი მომჩივარი… მაშინ, როდესაც ამ სამსახურის ხელმძღვანელები კვლავ ინარჩუნებენ დაკავებულ პოზიციებს და კვლავ დაუსჯელები არიან, კიდევ გვიკვირს არსებული პრობლემების? ჩვენ ხომ დამნაშვეებს არ ვსჯით… მერე რა რომ ცხოველია.
როგორც ჩანს, ჩვენ თვითონ ვქმნით ასეთ აგრესიულ გარემოს… ჩვენ თვითონ მივუთითებთ ერთმანეთს ძალადობისკენ… ჩვენ თვითონ ვახალისებთ ძალადობას… ჩვენ თვითონ ვაფარებთ ხელს დამნაშავეებს… და სანამ ჩვენით არ შევცვლით ამ სიტუაციას უკეთესობისკენ, სანამ დაუცველი არსებების მოვლას არ ვასწავლით ჩვენს შვილებს, სანამ ბავშვებს მზრუნველობას არ ვასწავლით, ნურაფრის ნუ გაგიკვირდებათ... და ბოლოს… კიდევ ისმის კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ უნდა მივიღოთ კანონი ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ?
მიიღე კანონი!!! ჩვენ მათი ხმა ვართ!!!