ბლოგი / ეს საინტერესოა

კატის ჯიშები: სიამის კატა




სიამის, იგივე სიამური კატა ერთ-ერთი გავრცელებული ჯიშია, რომლის ისტორია სათავეს აზიიდან იღებს. როგორც ცნობილია, ეს ჯიში ტაილანდიდან გავრცელდა მსოფლიოში, აქედან მოდის მისი დასახელებაც (შუა საუკუნეებიდან 1939 წლამდე ტაილანდს სიამი ეწოდებოდა). კატის ეს ჯიში ევროპასა და ამერიკაში პოპულარული მე-19 საუკუნიდან გახდა.

სიამის კატა

ჯიშის ზოგადი დახასიათება

წარმოშობის ქვეყანა: ტაილანდი

წონა: ხვადი 4-6 კგ; ძუ 3,5-5 კგ

სიმაღლე: ხვადი 41-51 სმ; ძუ 38-49სმ

კნუტების რაოდენობა: 1-8 კნუტი

სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-15 წელი

დღესდღეობით განასხვავებენ სიამის კატის ორ ძირითად სახეობას: თანამედროვე, იგივე საგამოფენო და ტრადიციულს. მათ ძირითადად ვიზუალური განსხვავები აქვთ. თანამედროვე სიამის კატისთვის დამახასიათებელია გრძელი სხეული, კარგად განვითარებული კუნთებით. მას მაღალი კისერი და ფეხები და გრძელი კუდი აქვს. საგამოფენო სიამისთვის დამახასიათებელია სამკუთხა ფორმის თავი, ნუშისებრი თვალები, დიდი და  სამკუთხა ყურები. ამ ჯიშის წარმომადგენლებს ღია ცისფერი თვალები აქვთ, ხშირია სიელმე. ბეწვი მოკლე, დაწვენილი და პრიალა აქვს, თივთიკის გარეშე. ტრადიციული სიამი განსხვავდება უფრო მრგვალი სახის ფორმით, საშუალო ყურებით და უფრო სავსე ტანით. სიამი მიეკუთვნება ე.წ. ქოლორპოინტების ჯგუფს, მისი ბეწვი ღია ფონზე მუქი პერიფერიული შეფერილობით გამოირჩევა. მუქი, უმეტესად მუქი ყავისფერი ან მოშავო ფერის ბეწვით ძირითადად  დაფარული აქვს თავი, ფეხები და კუდი. ასეთი შეფერილობა სხეულის ტემპერატურის ცვალებადობის შედეგია. ეს ალბინიზმის ნაწილობრივ ფორმად, აკრომელანიზმად ითვლება. ბეწვი სხეულის შედარებით ცივი ნაწილებზე მუქ შეფერილობას იღებს. ამიტომ სითბოში და ზოგადად თბილი კლიმატის ქვეყნებში სიამის კატებს უფრო ღია შეფერილობა აქვთ. ასაკის მატებასთან ერთად შესაძლოა უფროდაუფრო გაუმუქდეს კატას ბეწვი. აღსანიშნავია, რომ სიამის კნუტები თეთრები ან კრემისფერები იბადებიან, 3-4 კვირიდან უჩნდებათ პერიფერიული მუქი შეფერილობა. დღესდღეობით სიამის კატას მრავალი შეფერილობა შეიძლება ჰქონდეს: ღია ფონზე კრემისფერი, მუქი ყავისფერი, იასამნისფერი, ლურჯი, ნაცრისფერი, შოკოლადისფერი, მოყვითალო-მოყავისფრო, წითელი, დარიჩინისფერი და სხვ. პოინტებით. თუმცა ბევრი ასოციაციის მიერ არ არის აღიარებული ყველა ეს ფერი.

                                                          თანამედროვე სიამის კატა                                                               

თანამედროვე სიამი

 

                                      ტრადიციული სიამის კატა                                           

        ტრადიციული სიამის კატა

სიამის ჯიშის ერთ-ერთ მახასიათებლად ადრე ითვლებოდა გატეხილი კუდი, თუმცა როგორც გაირკვა ეს არასწორი შეჯვარების შედეგი იყო. დღესდღეობით ნაკლებად გვხვდება ეს ნიშანი. მის გატეხილ კუდთან დაკავშირებით უმარავი ლეგენდაც არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, სიამის კატები ტაილანდელ პრინცებს დაჰყვებოდნენ საბანაოდ, რათა მათი ძვირფასეულობა დაეცვათ, პრინცები  ბეჭდებს აცვამდნენ კუდზე და ნასკვს უკეთებდნენ რომ არ დაკარგვოდათ. სხვა ლეგენდა პრინცესის გადარჩენას გვაუწყებს, რომელსაც ყაჩაღები გამოეკიდნენ. პრინცესა სასახლეში ჩაიკეტა, მისმა ერთგულმა კატამ კი გასაღების ჭუჭრუტანა კუდით ამოავსო, რათა ყაჩაღებს ვერ გაეღოთ. ბევრ ლეგენდაში კი სიამის კატები ბუდას განძეულობის მცველებად გვევლინებიან.

 

ადაპტაცია

⭐⭐⭐⭐⭐

ჯანმრთელობა

⭐⭐⭐

ადამიანზე მიჯაჭვულობა

⭐⭐⭐⭐⭐

გრუმინგი

მეგობრობა ბავშვებთან

⭐⭐⭐⭐

ბეწვის ცვენა

⭐⭐

მეგობრობა ძაღლებთან

⭐⭐⭐⭐⭐

ენერგიულობა

⭐⭐⭐⭐⭐

მეგობრობა უცნობებთან

⭐⭐⭐⭐⭐

ინტელექტი

⭐⭐⭐⭐⭐

სოციალიზაცია

⭐⭐⭐⭐⭐

ხმაური

⭐⭐⭐

ისტორია

სიამის კატის ზუსტი წარმოშობა უცნობია. ის ერთ-ერთი უძველესი კატის ჯიშია და როგორც ცნობილია ტაილანდიდან გავრცელდა. სიამი არ არის ხელოვნურად გამოყვანილი ჯიში, ის ბუნებრივ ჯიშებს მიეკუთვნება და მისი დამახასიათბელი შეფერილობაც ბუნებრივი, გენეტიკური მუტაციის შედეგია. მის შესახებ პირველადი ცნობები მოიპოვება ტაილანდის უძველეს ხელნაწერებში, რომელიც კატების წიგნითაა ცნობილი. მასში მოცემულია მრავალი კატის ჯიშის აღწერა და ილუსტრაცია, იქმნებოდა 1351-1767 წლებში. როგორც ცნობილია, სიამის კატას წმინდა ცხოველად თვლიდნენ და დიდ პატივს ცემდნენ ტაილანდში. ისინი ძირითადად ტაძრებში ცხოვრობდნენ დაცვის ქვეშ და მათი ყოლის უფლება მხოლოდ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს ჰქონდათ. მათ დასაცავად კანონიც კი არსებობდა იმ დროინდელ ტაილანდში. ასევე, ლეგენდის თანახმად ის ადამიანი, ვისაც სიამის კატა ჰყავდა, აუცილებლად გამდიდრდებოდა.

--RELATED--

ევროპაში მისი ოფიციალური ჩვენება 1871 წელს მოხდა ლონდონის კრისტალ პალასის კატების გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილი იქნა როგორც სიამის (ახლ. ტაილანდის) სამეფო კატა. ამერიკაში კი პირველად ის საჩუქრის სახით მოხვდა. სიამის კატა 1878 წელს აშშ-ს კონსულმა ბანკოკიდან აშშ-ს პრეზიდენტის რეზერფორდ ბირჩარდ ჰეისის მეუღლეს, ლუსი უებ ჰეისს გაუგზავნა.

დღესდღეობით სიამის კატა ყველა ფელინოლოგიური ასოციაციის მიერ არის აღიარებული და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯიშია მსოფლიოში.

სიამური კნუტები

ხასიათი

სიამის კატა არამარტო ლამაზი, არამედ ძალიან ჭკვიანი და ერთგულიცაა. მათ მაღალი  ინტელექტი და კარგი ათვისების უნარი აქვთ, შეუძლიათ ბევრი რამე ისწავლონ. ეს კატები ძალიან ეჯაჭვებიან პატრონს, საჭიროებენ ხშირ კონტაქტს ადამიანებთან და კარაგად ურთიერთობენ ოჯახის ნებისმიერი ასაკის წევრებთან. მათ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და საოჯახო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, ცოტა ეგოისტებიც არიან, თუმცა ეს ხელს არ უშლის სხვა კატებთან ან ცხოველებთან დამეგობრებაში. პირიქით, თუ დიდ დროს ვერ ატარებთ მასთან ერთად, მეორე სიამის კატა ან სხვა ცხოველი სახლში უკეთესიც კი იქნება. სიამის კატები გამოირჩევიან თავისი ენერგიით და ვოკალური მონაცემებით. მათ უყვართ აქტიური კონტაქტი, თამაში  და “ლაპარაკი” პატრონთან, ამიტომ თუ სიჩუმის მოყვარული ხართ, სავარაუდოდ ეს ჯიში თქვენთვის არ არის.

მოვლა

სიამის კატის მოვლა რთული არ არის. უბრალოდ საჭიროა საკმაო დრო გაატაროთ მასთან, გიყვარდეთ და ესაუბროთ მათ. თამაშის და ხტომის მოყვარულ სიამს ასევე უნდა ჰქონდეს საკმარისი სათამაშოები სახლში, სასურველია კატის ხეები და ასაძრომები.

მისი დაბალი ბეწვი სპეციალურ მოვლას არ საჭიროებს. საკმარისია კვირაში 2-ჯერ ჯაგრისით გასუფთავება, ბანაობა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. მათ ხშირი ბეწვის ცვენა არ ახასიათებთ, ძირითადად სეზონურად იცვლიან ბეწვს.

კარგი იქნება, თუ კნუტობიდან მიაჩვევთ კბილების გახეხვას, რადგან მათ მიდრეკილება აქვთ სტომატოლოგიური პრობლემებისკენ.

ბრჭყალების დაჭრა საჭიროა, თუ თქვენი სიამი მხოლოდ სახლში ცხოვრობს, გარეთ არ გადის და ვერ ახდენს მათ ბუნებრივ ცვეთას.

ნახეთ აქ - როგორ დავაჭრათ ფისოს ბრჭყალები

სიამის კატა არ არის პრეტენზიული საკვებთან მიმართებაში, თუმცა ფრთხილად იყავით, რომ ბევრი არ აჭამოთ, მისი მოხდენილი ტანი სიმსუქნეს ცუდად იტანს.

სიამის ფისო

სიამის კატას საკმაოდ კარგი ჯანმრთელობა აქვს, თუმცა როგორც ყველა ცხოველს, მასაც შესაძლოა ჰქონდეს მემკვიდრეობითი დაავადებები. ძირითადად შეიძლება შეგვხვდეს:  პროგრესირებადი რეტინალური ატროფია, ამილოიდოზი, გულის თანდაყოლილი დაავადებები, ფილტვების დაავადება, ასთმა და სხვ. თუმცა სათანადო მოვლის პირობებში სიამის კატა საკმაოდ დიდხანს ცოცხლობს, ამიტომ ნუ მოაკლებთ მას ზრუნვასა და სიყვარულს.

 

გაიცანით, ასევე ძალიან პოპულარული სპარსული კატის ჯიში -petario.com/katis-jishebi-sparsuli-kata 

 


17184 ნახვა



მსგავსი პოსტები

15 ცნობილი გამონათქვამი კატებზე

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 15 ციტატას კატების შესახებ: &...

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...