კატის ძილი (+ვიდეო)
November 14, 2017 09:45 Nika Gigashvili

საშუალოდ კატებს დღე-ღამეში 15 საათი სძინავთ, ზოგ მათგანს კი 20 საათამდე. ბუნებრივად გვიჩნდება კითხვა: რატომ სძინავთ მათ ამდენი ხნის განმავლობაში?
კატური ”წაძინება”
პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ კატები ძირითადად აქტიურნი არიან ღამით, რამაც შესაძლოა გაგაკვირვოთ, როდესაც პირველად მოიყვანთ სახლში ფისოს, რადგან თქვენი ძილის დროს ის მოახერხებს მრავალი თავგადასავლის პოვნასა და ხმაურის გამოწვევას. დილით, როდესაც ისაუზმებთ და მოემზადებით დღის ენერგიული სტარტისათვის კი, თქვენი კატა მოემზადება ძილისთვის.
ენერგიის დაგროვება, შენახვა კატებში
კატა მონადირე ცხოველია, კატის ნადირობა შეგიძლიათ იხილოთ მის ყველა თამაშში, მათ გენში აქვთ ნადირობის ინსტინქტი, ძირითადად ღამე, როდესაც მსხვერპლის მიერ გარემოს აღქმა არაა ისეთი მკვეთრი როგორიც თავად კატების. მიუხედავად იმისა, რომ კატა უკვე დიდი ხანია მოშინაურებულია მათ მაინც ძლიერად აქვთ განვითარებული ნადირობის ინსტინქტი, მიუხედავად მისი საჭიროების ნაკლებობისა. აქვე დავძენ, რომ მეცნიერების აზრით კატა არ მოუშინაურებია ადამიანს, არამედ თავად კატამ გადაწყვიტა ადამიანებთან ერთად ცხოვრება. შინაური კატების უმეტესობა დღე-ღამის აქტიურ ნაწილს სწორედ ნადირობაში ვარჯიშს უთმობს, ისინი თამაშობენ, დასდევენ ბურთებს, სათამაშო თაგვებს, ან სულაც საკუთარი ადამიანის ხელებს ან ფეხებს, იჭერენ მსხვერპლს და “კლავენ” მას, ამას კი დიდი რაოდენობით ენერგია სჭირდება, რომელსაც კატები სწორედ ძილის დროს აგროვებენ.
კატების ძილი ერთი გახელილი თვალით
ადამიანების მსგავსად კატებსაც ახასიათებთ ძილის განსხვავებული ფაზები. კატის ძილი შედგება ფხიზელი და ღრმა ფაზებისაგან, ფხიზელი ძილი გრძელდება 15 წუთიდან ნახევარ საათამდე ხოლო ღრმა ძილი კი საშუალოდ 5 წუთის ხანგრძლივობისაა.
როდესაც კატა ფხიზელი ძილის რეჟიმშია, წვება ისეთ პოზაში, რომ საჭიროების შემთხვევაში წამიერად შეძლოს საეჭვო ობიექტზე თავდასხმა და ხშირად ერთი თვალი ღიაც კი აქვთ. ღრმა ძილსას კი კატები თითქმის წყდებიან გარემოს, ასევე ხშირად ხედავენ სიზმარს, რაც თვალნათლივ შეიმჩნევა მათი მიმიკის ცვლილებით, თათებისა თუ კუდის მოძრაობით და ზოგჯერ ხმების გამოცემითაც კი.
კნუტებსა და ასაკოვან კატებს სძინავთ შესამჩნევად მეტი ვიდრე საშუალო ასაკის კატებს.
წვიმიანი დღეები კატებისათვის
კატები ადამიანების მსგავსად იცვლიან ქცევასა და ხასიათს ამინდის მიხედვით. ზოგადად კატის ქცევა დამოკიდებულია მის ჯიშზე, ასაკზე, ტემპერამენტზე, ჯანმრთელობაზე, ხასიათსა და მრავალ სხვა ფაქტორზე, თუმცა ამინდი მოქმედებს ნებისმიერი კატის ქცევაზე. სახლში მცხოვრები და ჰიპერაქტიური კატებიც კი მეტად მოთენთილები და მოდუნებულნი არიან მოღრუბლულ და წვიმიან ამინდში, ბევრს ამთქნარებენ და სძინავთ საგრძნობლად მეტი დროის განმავლობაში.
რომელი საათია ?
კატების ნორმალური რეჟიმის მიხედვით, ისინი ყველაზე აქტიური შებინდებისას და გამთენიისას არიან, როდესაც სხვა მტაცებლები ნაკლებად აქტიურნი არიან. ეს დრო ხელსაყრელი იმითაცაა, რომ ნადავლი უფრო მარტივი დასაჭერია, რადგან საღამოს დაღლილი ხოლო დილას კი ჯერ ისევ მოთენთილია, ღამით კი კატები შედარებით ნაკლებად აქტიურნი არიან.
რაც შეეხება სახლში მცხოვრებ კატებს, მათი სოციალურობისა და საკუთარი ადამიანების სიყვარულიდან გამომდინარე, ისინი ხშირად იცვლიან ჩვევას და ცდილობენ მეტი ეღვიძოთ იმ დროს, როდესაც პატრონი სახლშია. ასევე დიდად არის დამოკიდებული მათი ძილის რეჟიმი კვების განრიგზე, შესაბამისად თუ თქვენს ფისოს ყოველთვის არ უყრია საჭმელი, ის ეცდება მოერგოს კვების რეჟიმს და ეღვიძოს, როდესაც მას აჭმევთ. კატებს ბევრი სძინავთ, თუმცა როდესაც ღვიძავთ ცდილობენ ამ დროისგან მაქსიმუმი მიიღონ.
წყარო: http://www.petmd.com