ზღვის გოჭის სახეობები
September 4, 2018 20:58 Kate Katel

ზღვის გოჭები, იგივე გვინეური გოჭები პოპულარული დეკორატიული შინაური ცხოველები არიან. დღესდღეობით მსოფლიოში მათი უამრავი სახეობა არსებობს, ყველა მათგანი თავისებურად საინტერესო და მიმზიდველია. ისინი ძირითადად ერთმანეთისგან ვიზუალურად განსხვავდებიან. ამჯერად წარმოგიდგენთ ზღვის გოჭის 10 ყველაზე პოპულარულ ჯიშს:
1. აბისინიური ზღვის გოჭი
აბისინური ზღვის გოჭი ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გავრცელებული სახეობაა. მისი გამორჩევა სხვა ჯიშებიდან იოლად შეიძლება ბეწვის ხვეულების მიხედვით, რომლებსაც როზეტებს უწოდებენ. საშუალოდ სხეულზე ასეთი 8-10 როზეტი აქვს. ამ სახეობის გოჭუნები იოლად ეჩვევიან ადამიანს, არინ აქტიურები და ცოტა ღორმუცელები. ამიტომ მის კვებასთან დაკავშირებით მეპატრონეებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა ზედმეტმა საკვებმა შესაძლოა პრობლემები გამოიწვიოს.
2. პერუული ზღვის გოჭი
პერუული ზღვის გოჭისთვის დამახასიათებელია გრძელი და სწორი ბეწვი. ხშირად თმა თვალებზე ეფარება. ეს სახეობაც საკამოდ ძველი და გავრცელებულია. მისი გრძელი ბეწვი, რომელიც შესაძლოა 50სმ-ს აღწევდეს, ხშირ დავარცხნასა და მოვლას საჭიროებს.
-
ამერიკული ზღვის გოჭი
ამერიკულ ზღვის გოჭს დაბალი და რბილი ბეწვი აქვს. მათ არ სჭირდებათ განსაკუთრებული მოვლა, კარგი ხასიათით გამოირჩევიან და კარგად ეწყობიან ბავშვებსა და სხვა ზღვის გოჭებს. ამ თვისებების გამო ამერიკული ზღვის გოჭის სახეობა საკმაოდ გავრცელებულია.
-
ზღვის გოჭი შელტი
ეს გრძელბეწვიანი ზღვის გოჭის სახეობა ძალიან ჰგავს პერუულ გოჭს. მასაც გრძელი და სწორი ბეწვი აქვს. თუმცა მათ შორის არის ერთი ვიზულაური სხვაობა, შელტს პერუული ზღვის გოჭისგან განსხვავებით თავზე თმა ტანის მიმართულებით ეზრდება, თითქოს უკან აქვს გადავარცხნილი. ამ სახეობის გოჭსაც აქტიური გრუმინგი სჭირდება.
-
ზღვის გოჭი ტექსელი
ტექსელი მეტად განსხვავებული და დამახასიათებელი შეხედულებით გამოირჩევა. მას გრძელი და ხვეული ბეწვი აქვს, რომელიც მიდრეკილია აბურდვისკენ და შესაბამისად, ხშირი დავარცხნა და სათანადო მოვლა ესაჭიროება.
-
ზღვის გოჭი მერინო
მერინო ძალიან ჰგავს ტექსელის ზღვის გოჭს. მასაც მსგავსი გრძელი და ხვეული თმა აქვს. მერინოსთვის დამახასიათებელია თავზე გვირგვინი (როზეტი), რომელიც ზემოთ არის მიმართული.
-
ჰიმალაური ზღვის გოჭი
ჰიმალაური ზღვის გოჭი დაბალბეწვიანი სახეობაა. მისი შეფერილობა სიამის კატების შეფერილობას ჰგავს. ჰიმალაური გოჭის ტანი თეთრი ბეწვითაა დაფარული, ხოლო ყურებზე, ფეხებზე და ცხვირზე აქვს შავი ან ყავისფერი შეფერილობა. ცხელ ამინდში, მზის სხივების ზემოქმედების შედეგად მუქი პოინთები შესაძლოა გაღიავდეს.
-
ზღვის გოჭი რექსი
ამ ტიპის გვინეური გოჭისთვის დამახასიათებელია დაბალი და განსაკუთრებულად ფაფუკი ბეწვი, რაც გამოარჩევს მას სხვა სახეობის წარმომადგენლებისგან. რექსის მოვლა არ არის სირთულეებთან დაკავშირებული.
-
ზღვის გოჭი ალპაკა
ალპაკა გრძლთმიანი ზღვის გოჭების სახეობაა. მას გრძელი და ხვეული თმა აქვს. უკან ორი, ხოლო თავზე ერთი არასიმეტრიული როზეტი აქვს და პერუული ზღვის გოჭის მსგავსად, მასაც წინ ეზრდება თმა. გვირგვინები მეტად შესამჩნევი ხდება, როცა ბეწვი გარკვეულ სიგრძეს აღწევს.
-
ზღვის გოჭი სკინი
ამ სახეობის ზღვის გოჭები მე-20 საუკუნის მიწურულს გამოჩნდნენ. სკინი ზღვის გოჭის უბეწვო სახეობაა. მათ მხოლოდ სახეზე, ცხვირთან და თათებზე აქვთ დაბალი, ტალღოვანი ბეწვი. მისი კანი რბილი და ხავერდოვანია. უბეწვო ზღვის გოჭებს სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად დაახლოებით 30%-ით მეტი საკვები ესაჭიროებათ, ვიდრე სხვა სახეობებს. ასევე გარემო ტემპერატურის უფრო მაღალ გრადუსს საჭიროებენ, ოპტიმალურია 24-26 გრადუსი ცელსიუსი.
არსებობს ასევე უბეწვო გოჭის სხვა სახეობა - ბოლდუინი, რომელსაც სკინისგან განსხვავებით, საერთოდ არ აქვს ბეწვი.