ბლოგი / ჯანმრთელობა

ძაღლის კანის დაავადებები




კანის დაავადებები ძაღლებში შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზებით. თუ თქვენი ოთხფეხა მეგობრის კანისა და ბეწვის ცვლილება შენიშნეთ, უმჯობესი იქნება დროულად მიმართოთ ვეტერინარს. კანის დაავადებების მკურნალობა შეიძლება არ იყოს ძნელი, თუმცა თავისით განკურნება პრაქტიკულად შეუძლებელია. უპირველესად ზუსტი დიაგნოზის დასმაა საჭირო, რისთვისაც აუცილებელია შესაბამისი ანალიზების ჩატარება და შემდეგ სწორი მკურნალობა.

ძაღლის კანის დაავადებებიდან ყველაზე საშიშია ლეიშმანიოზი, რომლის გამომწვევი მიკროორგანიზმები ლეიშმანიებია. ლეიშმანიოზი დაავადებული კოღოს ნაკბენით გადადის. მისი მკურნალობა საკმაოდ რთულია და ხშირად უშედეგო. ეს დაავადება გადადის ადამიანზეც.

leishmaniozi dzagli

ძაღლის კანის სხვა დაავადებების ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:

ალერგია

ისევე როგორც ადამიანებს, ძაღლებსაც შეიძლება აწუხებდეთ ალერგია, მათი ასაკისა თუ ჯიშის მიუხედავად. ალერგიული რეაქციების გამომწვევი ძაღლებში შესაძლოა გახდეს: საკვები, მედიკამენტები, კოსმეტიკური საშუალებები, ქიმიური საშუალებები, მცენარეები, პარაზიტები, მწერები, სოკო, მტვერი, ბაქტერიები და ა.შ.

alergia dzaglebshi

ალერგიის სიმპტომებია: სიწითლე, ქავილი, შესიება, ბეწვის ცვენა, კანზე შეიძლება გაჩნდეს ქერტლი, ბუშტუკები და ჩირქგროვები. ასევე, ალერგიას შეიძლება თან ახლდეს ასთმური ხველა, სურდო, თვალების სიწითლე, ცრემლდენა, მეტეორიზმი და სხვ.

ბაქტერიები

ძაღლის კანის დაავადებების ერთ-ერთი გამომწვევი ბაქტერიებია. ინფეციის განვითარება ხდება მას შემდეგ, რაც ის ხელსაყრელ პირობებში მოხვდება. ბაქტერიული ინფექციის სიმპტომებია: კანის სიწითლე, აქერცვლა, ქავილი, კანის აბსცესი, თმის ცვენა ადილ-ადგილ, კონდილომები, პუსტულები და სხვა დაზიანებები.

dzaglis baqteriuli kanis daavadebebi

ბაქტერიულ კანის დაავადბებს მიეკუთვნება პიოდერმია, რომელიც მოიცავს იმპეტიგოს, ფოლიკულიტს, სტაფილოკოკს და სხვ.

სოკოვანი ინფექცია

სოკოვანი ინფექციებიდან განსხვავებენ:

მკრეჭელი ლიქენი 

dzagis mkrecheli liqeni

ძაღლის მკრეჭელი ლიქენი (ასევე უწოდებენ: მიკროსპორია, დერმატომიკოზი, დერმატოფიტია) ყველაზე გავრცელებული სოკოვანი დაავდებაა ძაღლებში. დერმატოფიტიისთვის დამახასიათებელია მრგვალი უბეწვო სიწითლეები კანზე, უფრო ხშირად ჩნდება ცხოველის თავზე, ყურებზე, კუდსა და თათებზე. შესაძლოა გამოიწვიოს ბრჭყალების დაზიანებაც. მკრეჭელი ლიქენი იოლად გადამდები და გავრცელებადია ცხოველებს შორის და ასევე ადამიანებშიც.

საფუარი სოკო (მალასეზია)

 zaglis malasezia safuari soko

ამ სახეობის სოკოვანი ინფექციისთვის დამახასიათებელია წითელი, ქერცლოვანი კანი, შეიძლება გახდეს უფრო ცხიმიანიც. ახასიათებს თავისებური სუნი. იწვევს ქავილს და ამის შედეგად ჭნდება ნაკაწრები. ინფექციის განვითრება უმეტესად იწყება ძაღლის ყურში, თათებზე, ანალურ და ვაგინალურ არესთან, შემდეგ შესაძლოა მთელს სხეულზე გავრცელდეს.

 

ბლასტომიკოზი

dzaglis soko blastpmikozi

საკმაოდ იშვიათი სისტემური ინფექციაა. გამომწვევია სოკოვანი ინფეცქიები ბლასტომიცეტები, რომლებიც ბინდარობენ ლპობად ხესა და ნესტიან ნიადაგში. იწვევს სასუნთქი გზების პრობლემებს, ახასიათებს სისუსტე, უმადობა, წონაში კლება, დაზიანებები კანზე, რომლების შესაძლოა იყოს სველი, ჩიქროვანი ან ფუფხით დაფარული. რთულ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სიბრმავე, კოჭლობა, სათესლე ჯირკვლების ანთება, ლიმფური კვანძების გადიდება და სხვა.

 

ჰისტოპლაზმოზი

ბლასტომიკოზის მსგავსად, ესეც იშვიათი და სისტემური ინფეცქიაა. გავრცელებულია ძირიტადად ტროპიკულ ქვეყნებში და ნიადაგში ბინადრობს. ჰისტოპლაზმოზს ახასიათებს წონის კლება, ხველა, ცხელება, დიარეა. იწვევს ლიმფური ჯირკვლების გადიდებას, შეიძლება გაჩნდეს იარები კანზე.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როცა ძაღლი ახველებს

პარაზიტები

ტილები, რწყილები და ტკიპები იწვევენ სხვადასხვა კანის დაავადებებს ძაღლებში, ძირითადი დაავადებებია:

 სარკოპტოზი

sarkoptpzi zaglis tkipa

სარკოპტოზი, იგივე ძაღლის მუნი გამოწვეულია კანქვეშა ტკიპის ერთ-ერთი სახეობის (Sarcoptes scabiei) მიერ. ის იოლად ვრცელდება ძაღლებში და შეიძლება გადაედოს ადამიანსაც, თუმცა ადმიანზე პარაზიტი დიდხანს ვერ ცოცხლობს, დაახლოებით 2-5 დღეში იღუპება, მაგრამ ამ პერიოდში ძლიერ ქავილს იწვევს. სარკოპტოზი ძაღლებში იწვევს ძლიერ ქავილს, კანის სიწითლეს, თმის ცვენას. კანი ხდება უფრო სქელი და მუქი, ხშირი ქავილისგან შესაძლოა გაჩნდეს იარები. უფრო მეტად ვრცელდება ცხოველის სახეზე, ყურებზე, ფეხებსა და მუცლის არეში, თუმცა შესაძლოა მთელ ტანზეც გადავიდეს.

დემოდეკოზი

demodikozi dzaglebshi

დემოდეკოზი (წითელი მუნი, ფოლიკულური მუნი) კანის დაავდებაა, რომელსაც იწვევს კანქვეშა პარაზიტი, დემოდექსის ტკიპა ( Demodex canis). ამ ტიპის პარაზიტის მრავალი სახეობა არსებობს და შესაძლოა ცხოველის ორგანიზმზე შეუმჩნევლად და ზიანის მოტანის გარეშე იცოცხლოს. ბევრია დამოკიდებული ძაღლის იმუნურ სისტემაზე. დემოდექსის ტკიპა ცხოვრობს თმის ფოლიკულებში, იწვევს თმის ცვენას, სიწითლეს, შეიძლება ახასიათებდეს ქავილი, მაგრამ შეიძლება ძლიერი ქავილის გარეშეც მიმდინარეობდეს პროცესი. პირველ რიგში დაავადება შესამჩნევი ხდება ცხოველის სახეზე, თვალებისა და პირის გარშემო, შემდეგ მუცელზე, ფეხებზე და შესაძლოა გავრცელდეს მთელს სხეულზე. თავიდან შეიძლება აღენიშნებოდეს ბუდობრივი თმის ცვენა, გაჩნდეს მრგვალი უთმო ადგილები, შემდეგ ნელ-ნელა ირღვევა ცხიმის გამოყოფა, კანი სქელდება, მუქდება, ნაოჭდება, იქერცლება და ჩნდება იარები, ახასიათებს ცუდი სუნი. ძაღლებში დემოდეკოზის გამომწვევი კონკრეტული პარაზიტი ადამიანზე არ გადადის.

ოტოდექტოზი

dzaglis otodekozi

ამ დაავადების გამომწვევია ყურის ტკიპა (Otodectes cynotis). ოტოდექტოზი მარტივად გავრცელებადია ცხოველებს შორის, ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. პარაზიტი ცხოვრობს ყურის ნიჟარასა და სასმენ მილში, იკვებება ეპიდერმისით. ოტოდექტოზის მანიშნებელია ძლიერ ქავილი, თავის ქნევა, ყურში აღინიშნება შავი ნადები. ყურის ტკიპა საკმაოდ გავრცელებულია, მისი მკურნალობა რთული არ არის, მაგრამ უყურადღებობის შემთხვევაში დიდი ზიანის მოტანა შეუძლია.

ჰორმონალური დარღვევები

ჰორმონალური დისბალანსიც შეიძლება  კანის დაავადებების მიზეზი გახდეს. ორგანიზმის მიერ ჰორმონების არასათანადო რაოდენობით გამომუშავება ხშირად აისახება ცხოველის კანსა და ბეწვზე.  

დაავადებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ძაღლი დროულად დაამუშაოთ ჰელმინთებზე და პარაზიტებზე, აბანაოთ სპეციალური შამპუნით და დასველების შემდეგ კარგად გააშროთ, რადგან ნესტი ბაქტერიების და სოკოს გავრცელების ხელსაყრელ გარემოს ქმნის. საჭიროა აგრეთვე რეგულარული დავარცხნა და ყურების გაწმენდა. ასევე ნუ დაგავიწყდებათ, რომ მყარი იმუნიტეტის მქონე ძაღლები იშვიათად ავადდებიან და დაავადების შემთხვევაში უფრო მარტივად ინკურნებიან. იმუნური სისტემისთვის მნიშვნელოვანია სწორი, კარგად დაბალანსებული კვება, რათა ორგანიზმმა საჭირო მინერალები და ვიტამინები მიიღოს.

როგორც ხედავთ, კანის დაავადებები მრავალგვარია და მათი გამომწვევი მიზეზიც შესაძლოა ბევრი რამ იყოს. ყველა დაავადების მკურნალობა კი პირველ რიგში, სწორი დიაგნოზის დასმით უნდა დავიწყოთ. დაავადებებს შეიძლება ერთმანეთის მსგავსი ნიშნები ჰქონდეთ, ამიტომ დაუშვებელია თვითმკურნალობა. ამით შეიძლება საფრთხე შეუქმნათ თქვენი ოთხფეხა მეგობრის სიცოცხლეს.

 

--RELATED--




35376 ნახვა



მსგავსი პოსტები

კატის კანის დაავადებები

კანის დაავადებები კატებში, სამწუხაროდ, არც ისე იშვიათი მოვლენაა. ფისოს კანის პრობლემების გამომწვევი ...

ზაზუნას მოვლა და ზაზუნას ჯანმრთელობა - რჩევები

როგორ ვეთამაშოთ ზაზუნას და როგორ ხდება ზაზუნას გრუმინგი ? ზაზუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარდიო ვარჯიშე...

5 რჩევა ძაღლის კატისა და სხვა ცხოველების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

ვისაც ოდესმე ჰყოლია კატა ან ძაღლი ყოველთვის ერთ რამეს ნატრობს, რომ მის საყვარელ ცხოველს ჯანმრთელი და გრძელი ცხოვრება ჰქონდეს. გთავაზობთ 5 რჩევას თქ...