ბლოგი / ჯანმრთელობა

ძაღლის ვაქცინაცია. როდის უნდა გავუკეთოთ ლეკვს აცრა?!




ლეკვის ვაქცინაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია მეპატრონისთვის. რა არის საჭირო პატარა ოთხფეხა მეგობრისთვის და რა არა, ხომ არ არის საშიში ვაქცინაცია?!

ძაღლებს, ისევე როგორც ადამიანებს შესაძლოა სხვადასახვა დაავადება შეხვდეთ, რომელთაგანაც ზოგიერთს სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია ახალგაზრდა და ძლიერი ძაღლისთვისაც კი. ვირუსები ყველგანაა - მიწაზე, ბალახზე, ჰაერში, ჩვენს ტანსაცმელსა თუ ფეხსაცმელზე. როგორ ფრთხილადაც არ უნდა იყოს პატრონი და როგორც არ უნდა ზრუნავდეს თავის მეგობარზე, ძაღლი მაინც დაუცველია თუ საშიში ვირუსების მიმართ იმუნიტეტი არ აქვს, რომლის გამომუშავება კი დროული და სწორი ვაქცინაციით არის შესაძლებელი.

ქვემოთ მოცემულია ყველაზე გავრცელებული და საშიში დაავადებები, რომლითაც შესაძლოა დაავადდეს ძაღლი:

  • ცოფი. დაავადება ყველა შემთხვევაში ცხოველის სიკვდილით მთავრდება. გადამდებია ადამიანისთვის. ვაქცინაცია სავალდებულოა;
  • პაროვირუსული ენტერიტი. ვრცელდება დაავადებული ცხოველისგან ან გადამტანი მწერებისაგან. დაავადების სიმპტომებია: უმადობა, ღებინება , ფაღარათი, რომლის დროსაც ფეკალური მასა ყვითელი ან რუხი ფერისაა, ხშირად სისხლიც ახლავს თან. ღებინება და ფაღარათი იწვევს ცხოველის დეჰიდრატაციას, რაც უმეტესად ფატალურად მთავრდება. ეს დაავადება განსაკუთრებით საშიშია ლეკვებისთვის.
  • ჭირი. ეს დაავადება ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით, ხასიათდება ციებ ცხელებით, პნევმონიით, ლორწოვანი გარსების ანთებით, კანის ეგზანთემით, ნერვული სისტემის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნციის მოშლით. რთულია მისი მკურნალობა, ამიტომ ძაღლების დიდი ნაწილი იღუპება.
  • პარაგრიპი. ვირუსი ზემოქმედებს ცხოველის ზედა სასუნთ გზებზე. ძაღლს აღენიშნება ხველა, გამონადენი ცხვირიდან. დაავადება სასიკვდილო არ არის, თუმცა შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
  • ლეპტოსპიროზი. მწვავე დაავადებაა, რომელსაც თან ახლავს ციებ-ცხელება, ღებინება, წყულოვანი სტომატიტი, ტკივილი მუცლის არეში. გადაედება დაავადებული ცხველებისგან, მათ შორის მღრღნელებისა და მტაცებლებისგან. გადამდებია ადამიანისთვისაც.
  • ლაიმის დაავადება, იგივე ბორელიოზი, რომელსაც ტკიპის ნაკბენი იწვევს. ლაიმის დაავადება ხასიათდება კანის, გულის, ნერვული სისტემისა და სახსრების დაზიანებით. ტკიპის ნაკბენის შემდეგ რამდენიმე თვე ცხოველს აქვს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და ტკივილები სახსრებსა და კუნთებში. არასწორი მკურნალობით  ეს შესაძლოა ლეტალურადაც დასრულდეს.
  • კორონავირუსი (კორონავირუსული ენტერიტი). მიმდინარებს უმადობით, ძილიანობით, უხასიათობით და ფაღართით. გადაედება დაავადებული ცხოველისგან ან მათი ფეკალიებიდან.

ვეტერინართან შეგიძლიათ მიიღოთ რეკომენდაციები რომელ დაავადებზეა საჭირო აცრის გაკეთება.

 

 მზადება ვაქცინაციისთვის ძაღლის აცრა

შინაური ცხოველების ვაქცინაციისთვის არსებობს საერთო წესები, რომელთა დაცვაც აუცილებელია ყველასთვის:

  1. ვაქცინაცია შესაძლოა ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლეკვი (ძაღლი) სრულიად ჯანმრთელია;
  2. აცრამდე 10-12 დღით ადრე აუცილებლად უნდა ჩატარდეს დეჰელმენტიზაცია, რადგან ჰელმინთების არსებობა ორგანიზმში ასუსტებს იმუნიტეტს და არაეფექტურს ხდის ვაქცინაციას;
  3. აღნიშნული პროცედურის ჩატარება არ არის სასურველი სარძევე კბილების მოცვლის პერიოდში;
  4. აცრამდე არ შეიძლება ლეკვის გაყვანა სასეირნოდ, მოარიდეთ სხვა ცხოველებთან კონტაქტს.
  5. უზრუნველყავით ლეკვის (ძაღლის) სწორი და სრულფასოვანი კვება.

 

როდის უნდა გავუკეთოთ ლეკვს ვაქცინაცია?

ლეკვის ვაქცინაციის ჩატარება ჩვეულებისამებრ ხდება 8-12 კვირის განმავლობაში. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ დედა ვაქცინირებული იყო და ლეკვი დედის რძით იკვებებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ლეკვს სათანადო იმუნიტეტი ვერ ექნება გამომუშავებული და მისი აცრა შეიძლება 4-6 კვირის ასაკში სპეციალური ვაქცინით. ინექციის შემდეგ დაუშვებელია ლეკვის ბანაობა, გარეთ გაყვანა. პირველი ვაქცინაციის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება და მოფრთხილება სჭირდება მას. ამ დროს შესაძლოა ცხოველს აღენიშნებოდეს ტემპერატურის მატება, დიარეა, სისუსტე.

მეორე ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს 2-3 კვირაში. როგორც წესი, მეორე აცრის შემდეგ ძაღლი უკეთესად გრძნობს თავს, თუმცა 10-12 დღის განმავლობაში მაინც უნდა მოარიდოთ გარეთ გაყვანას, ცხოველებთან კონტაქტს, გაციებას.

მესამე ვაქცინაცია ტარდება მას შემდეგ, რაც ლეკვი მოიცვლის სარძევე კბილებს. დაახლოებით 6-7 თვის ასაკში. მესამე კომპლესურ ვაქცინაცასთან ერთად ან მის შემდეგ უკეთდება ცოფის საწინააღმდეგო აცრაც.

შემდეგ ძაღლს როგორც კომპლექსური, ასევე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უტარდება 1 წლის შემდეგ და ასე მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

 

--RELATED--

ვაქცინაციის შედეგები

ყველა ძაღლის ორგანიზმი ინდივიდუალურია, ამიტომ ზოგიერთ მათგანს ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა მცირე გართულებები აღენიშნებოდეს. რეაქცია შეიძლება გამოიხატოს ტემპერატურის მატებაში, უხასიათობაში, უმადობაში და სხვა. ამ დროს არ შეიძლება ლეკვის შეწუხება, ჭამის დაძალება. სუფთა წყალი კი აუცილებლად უნდა მიიღოს ცხოველმა. ვაქცინაციის შემდგომი სიმპტომები ჩვეულებრივ 1-3 დღეში გადის, მაგრამ თუ მეტ ხანს გაგრძელდა ან ძაღლის მდგმარეობა გართულდა, ნუ გადადებთ ვეტერინართან ვიზიტს.

ინექციის ადგილზე შესაძლოა გაჩნდეს შეშუპება ან სიმაგრე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არასწორად მოხდა ინექციის გაკეთება. დროთა განმავლობაში სიმაგრე თავისთავად გაიწოვება, მაგრამ თუ გარკვეული დროის განმავლობაში ეს არ მოხდა შესაძლოა ქირურგიული ჩარევა ან მედიკამენტოზური მკურნალობა დაჭირდეს. შესაძლოა კანქვეშ ინფექცია იყოს განვითარებული.

თუ აცრის შემდეგ ლეკვს შეენიშნება გახშირებული ნერწყვდენა, ქშენა და კანის სილურჯე, დიდი ალბათობით ვაქცინამ ალერგიული რეაქცია გამოიწვია. ასეთ შემთხვევაში მედიკამენტური ჩარევის გარეშე ვერ გამოხვალთ. ალერგიამ დრული ჩაურევლობის შემთხვევაში შეიძლება ცხოველის სიკვდილიც კი გამოიწვიოს, ამიტომ სასწრაფოდ წაიყვანეთ ან დარეკეთ ვეტერინართან. შეგიძლიათ ზეპირი კონსულტაციაც მიიღოთ, რათა დრო არ დაკარგოთ ცხოველის კლინიკაში გადაყვანაზე. როგორც წესი, ძაღლებსაც ადმიანისთვის განკუთვნილი ანტიჰისტამინური მედიკამენტებით მკურნალობენ. ძირითადად ესენია ტავეგილი და სუპრასტინი. მაინც დააზუსტეთ ვეტერინართან კონკრეტული მედიკამენტი და მიღების წესი.

თუ ალერგიული რეაქცია დაფიქსირდა, შემდეგ ვაქცინაციამდე საჭირო იქნება ანტიალერგიული მკურნალობის ჩატარება.

 

განსაკუთრებული შემთხვევები

ორსული ძაღლების ვაქცინაცია არ შეიძლება. აცრა უნდა ჩატარდეს შეჯვარებამდე ან მშობიარობის შემდეგ, როცა ლეკვებს 12 კვირა შეუსრულებდათ. ვაქცინირებული დედისგან ჯანმრთელი და მყარი იმუნიტეტის მქონე ლეკვები იბადებიან, იშვიათად ავადდებიან, დაავადების შემთხვევაში კი მალევე გამოდიან მდგომარეობიდან. ამიტომ არავაქცინირებული ძაღლის შეჯვარება რეკომენდებული არაა.

სუსტი ან ავადმყოფი ცხოველის აცრა დაუშვებელია. ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს მას შემდეგ, რაც ძაღლი სრულად გამოჯანმრთელდება. ზუსტი პერიოდი მკურნალმა ვეტერინარმა უნდა განსაზრვროს. სუსტი იმუნიტეტის შემთხვევაში ორგანიზმი ვაქცინას ვერ გაუმკლავდება და ძაღლი შესაძლოა უფრო რთული ფორმებით დაავადდეს. უკეთეს შემთხვევაში კი უბრალოდ არაეფექტური იქნება ვაქციანცია.

ასაკოვან ძაღლებს (8 წლის შემდეგ) კომპლექსურ აცრას წელიწადში ორჯერ უკეთებენ, ცოფის საწინააღმდეგოს კი - ერთხელ.

ქუჩიდან ან თავშესაფრიდან აყვანილი ძაღლის აცრა მხოლოდ ვეტერინარის კონსულტაციის შემდეგ შეიძლება. ის განსაზღვრავს ცხოველის ასაკს და ვაქციაციის სქემას. შესაძლოა ანტისხეულებზე სისხლის ანალიზის ჩატარება გახდეს საჭირო, რათა გაირკვეს აცრილი იყო თუ არა ძაღლი.

ლეკვის ვაქცინაცია

დროულ და სწორ ვაქცინაციას შეუძლია თქვენი საყვარელი მეგობრის ჯანმრთელობის შენარჩუნება და მისი სიცოცხლის გახანგრძლივება. ამიტომ ნუ დატოვებთ უყურადღებოდ ამ თემას.

 

  აქვე შეიტყვეთ მეტი ძაღლების პარადონტიტის შესახებ


33244 ნახვა



მსგავსი პოსტები

კატის კანის დაავადებები

კანის დაავადებები კატებში, სამწუხაროდ, არც ისე იშვიათი მოვლენაა. ფისოს კანის პრობლემების გამომწვევი ...

ზაზუნას მოვლა და ზაზუნას ჯანმრთელობა - რჩევები

როგორ ვეთამაშოთ ზაზუნას და როგორ ხდება ზაზუნას გრუმინგი ? ზაზუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარდიო ვარჯიშე...

5 რჩევა ძაღლის კატისა და სხვა ცხოველების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

ვისაც ოდესმე ჰყოლია კატა ან ძაღლი ყოველთვის ერთ რამეს ნატრობს, რომ მის საყვარელ ცხოველს ჯანმრთელი და გრძელი ცხოვრება ჰქონდეს. გთავაზობთ 5 რჩევას თქ...