ძაღლისა და კატის დეჰელმინთიზაცია ანუ ჭიაზე დამუშავება
January 10, 2018 20:03 Kate Katel

დეჰემინთიზაცია გულისხმობს ცხოველის ორგანიზმიდან ჭიების, პარაზიტების გამოდევნას. აღნიშნული პროცედურა ძალიან მნიშვნელოვანია ძაღლისა და კატის სწორად მოვლის საკითხში. არ აქვს მნიშვნელობა ცხოველი სულ სახლში გყავთ თუ არა, დაჭიანების შანსი ყველა შემთხვევაში ძალიან დიდია. დეჰელმინთიზაცია საჭიროა როგორც სამკურნალო, ასევე პროფილაქტიკური მიზინით. საქმე იმაშია, რომ ზოგჯერ შეიძლება ცხოველს არ აღენიშნებოდეს დაჭიანების აშკარა ნიშნები, ზოგჯერ შეიძლება ანალიზშიც კი არ გამოჩნდეს პარაზიტები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ჭია არ ჰყავს. პარაზიტები ნელ-ნელა ანადგურებენ ცხოველის ორგანიზმს, მის იმუნიტეტს და უამრავ გართულებას იწვევენ, ამიტომ საჭიროა ანტიჰელმინთური წამლების მიცემა პროფილაქტიკისთვის. თანამედროვე ანტიჰელმინთური საშუალებები ცხოველებს ჭიის გარდა, ექინოკოკისგანაც იცავენ, რაც ძალიან სახიფათოა როგორც ცხოველისთვის, ისე ადამიანისთვისაც. ხშირად ექიკოკოკის გამო მიიჩნევენ ცხოველის ბეწვს ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშად. ასე რომ, თუ კი დროულად ჩაუტარებთ თქვენს ფუმფულა მეგობრებს დეჰელმინთიზაციას, ამ პრობლემისგანაც დაცული იქნებით. გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელი ცხოველის ბეწვი ადამიანისთვის საშიში არ არის.
რა ასაკიდან უნდა დავამუშაოთ ჭიაზე ძაღლი და კატა
ძაღლისა და კატის ჭიაზე დამუშავება 3 კვირის ასაკიდან უნდა დაიწყოთ. აუცილებლად შეარჩიეთ მათი ასაკის შესაბამისი უსაფრთხო მედიკამენტი, რადგან წამლების ნაწილი მხოლოდ ზრდასრული ცხოველებისთვის არის განკუთვნილი. დეჰელმინთიზაციისთვის გამოიყენეთ კნუტებისთვის და ლეკვებისთვის განკუთვნილი წამალი.
რა სიხშირით უნდა ჩავუტაროთ ცხოველს დეჰელმინთიზაცია
როგორც წესი, 3 კვირიდან - 3 თვემდე ლეკვებსა და კნუტებს ყოველ 3 კვირაში უნდა გაუმეოროთ ჭიის წამალი. 3 დან-6 თვემდე კი - თვეში ერთხელ. 6 თვის შემდეგ საჭიროა ყოველ 3 თვეში ერთხელ ჩაუტაროთ პროფილაქტიკური დეჰელმინთიზაცია.
თუ ძაღლს ამ კატას პირველად ასმევთ ჭიის წამალს, მაშინ საჭიროა მისი გამეორება 10-14 დღეში. რადგან წამლების უმეტესობა მხოლოდ ზრდასრულ ჭიებს კლავს, ჭიის კვერცხები და ლავრები ისევ რჩება და 10 დღის შემდეგ ისევ ყალიბდებიან ჭიებად. გამონაკლისია ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამეორებას არ საჭიროებს, მაგალითად, დრონტალი და კანივერმი. თუმცა თუ ძლიერი დაჭიანება აღენიშნება ცხოველს და ეჭვი ჩნდება, რომ შეიძლება ისევ ჰყავდეს ჭიები, ეს წამლებიც 21 დღეში უნდა გამეორდეს.
გეგმიური დეჰელმინთიზაციის გარდა, ჭიის წამლის მიცემა საჭიროა ვაქცინაციის წინ და შეჯვარებამდე 10 დღით ადრე.
რა დოზით უნდა მივცეთ ძაღლს და კატას ჭიის წამალი
პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს დამოკიდებულია კონკრეტულ მედიკამენტზე. არ არსებობს ერთი კონკრეტული დოზა, რომელიც საერთო იქნება ყველა ცხოველისთვის. ყველა წამალი აუცილებლად წონის მიხედვით ეძლევა ძაღლსა და კატას. ზოგი წამალი განკუთვნილია 4 კგ. სხეულის მასაზე, ზოგი -6კგზე და ზოგი 10კგზე. ამიტომ ყოველთვის კარგად დააზუსტეთ კონკრეტული წამლის დოზა. არასწორმა დოზამ შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს თქვენს ოთხფეხა მეგობრებს. ნაკლები დოზის შემთხვევაში წამალი არაეფექტური იქნება და ვერ მოაშორებს ცხოველს პარაზიტებს, დიდმა დოზამ კი შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. ამიტომ, დეჰელმინთიზაციის წინ აუცილებლად აწონეთ ცხოველი და მისი მასის შესაბამისი დოზა მიეცით.
ჭიის საწინააღმდეგო წამლის მიცემა უმჯობესია დილით. ზოგი წამალი საჭიროა უზმოზე დაალევინოთ, ზოგს კი არ სჭირდება სპეციალური დიეტის დაცვა.
როდის არ შეიძლება კატისა და ძაღლის დეჰელმინთიზაცია
ზოგიერთ შემთხვევაში მკურნალობის ნაცვლად ჭიის წამალმა შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ერთგულ მეგობარს.
არ შეიძლება დასუსტებული ძაღლის/კატის დეჰელმინთიზაცია. თუ ცხოველი ძალიან გამხდარია, აღენიშნება ფაღართი, თვალებიდან და ცხვირიდან გამონადენი, ამ შემთხვევაში საჭიროა ჯერ მოვაძლიეროთ იგი და შემდეგ მივცეთ ჭიის წამალი.
რეკომენდებული არ არის ჭიის წამლის მიცემა ასევე, ორსული და მეძუძური ცხოველისთვის. თუ მაინც აუცილებელი გახდა, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან და შეარჩიეთ ასეთი პერიოდისთვის უსაფრთხო მედიკამენტი.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ჭიის წამლის ყიდვის დროს
1. აუცილებლად შეიძინეთ კონკრეტული ცხოველისთვის განკუთვნილი წამალი. არ მისცეთ ძაღლს კატის ჭიის წამალი ან პირიქით, კატას - ძაღლის. შესაძლოა ზოგი წამალი ორივესთვის იყოს განკუთვნილი, მაგრამ აუცილებლად დააზუსტეთ;
2. დააზუსტეთ წამლის დოზა. ზოგჯერ ერთი და იგივე დასახელების მედიკამენტებს სხვადასხვა შეფუთვა აქვთ და მათი დოზებიც განსხვავდება. ამიტომ კარგად წაიკითხეთ რას ყიდულობთ;
3. რა თქმა უნდა, გეცოდინებათ, რომ ვადაგასული ყველაფერი საზიანოა. ჭიის წამლის შემთხვევაშიც აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ვადას. ზოგჯერ ვეტაფთიაქში აბებით ყიდულობენ წამალს, მიაქციეთ ყურადღება, რომ შეფუთვაზე ვარგისიანობის ვადა იყოს აღნიშნული;
4. ნუ იქნებით მხოლოდ გამყიდველის კომპეტენციის იმედზე. მოითხოვეთ წამლის ანოტაცია ან/და ინტერნეტში მწარმოებლის გვერდზე გადაამოწმეთ წამლის მოხმარების წესები.
რა თქმა უნდა, ყველაზე უსაფრთხო იქნება თუ დეჰელმინთიზაციას ვეტკლინიკაში ჩაუტარებთ თქვენს ერთგულ მეგობარს. ასე უფრო აიცილებთ თავიდან შესაძლო გართულებებს.