ბლოგი / ჯანმრთელობა

ცისტიტი ძაღლებში

June 13, 2018 17:53 by Kate Katel


ცისტიტი, იგივე შარდის ბუშტის ანთება ძაღლებში არც ისე იშვიათად გვხდება. თუმცა ბევრმა მეპატრონემ შესაძლოა არც კი იცოდეს მის შესახებ და ზოგადად, იმის შესახებ, რომ ადამიანებისთვის დამახასიათებელი დაავადებები შეიძლება მათ ფუმფულა მეგობრებსაც შეხვდეთ.

ამ სტატიაში გაგაცნობთ ძაღლის შარდის ბუშტის ანთების ძირითად მიზეზებს, ნიშნებს, მკურნალობისა და პროფილაქტიკის ზოგად გზებს.

ცისტიტის გამომწვევი მიზეზები

ძუძუმწოვრების შარდის ბუშტი არსებითად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომ მისთვის დამახასიათებელი დაავადებების გამომწვევი მიზეზებიც ხშირად ერთია ყველა წარმომადგენლისათვის. მაგალითად, ძაღლის ცისტიტის გამომწვევი მიზეზები იგივეა, რაც კატის შემთხვევაში და ასევე ემთხვევა ადამიანურ მიზეზებს.

სიცივე

შარდის ბუშტის ანთების გამომწვევი ყველაზე ხშირად არის გაციება. არ არის აუცილებელი ძაღლმა დიდი დრო გაატაროს წვიმაში, ყინვაში ან ქარში. გადაციება შეიძლება გამოიწვიოს ბეტონზე ან სველ ზედაპირზე დიდხანს ჯდომამ ან წოლამ, ორპირმა ქარმა და სხვ.

ინფექციები

ცისტიტი ძაღლებში შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიებმა, რომლებისთვისაც შარდის ბუშტი გამრავლების იდეალური გარემოა. პათოგენური მიკროორგანიზმები შეიძლება მოხვდნენ სისხლიდან, ლიმფიდან. პირდაპირი გზით ბაქტერიები შარდის ბუშტში შესაძლოა მოხვდნენ არასტერილური კათეტერიზაციის შედეგად.

ხშირად ანთებითი პროცესი შარდის ბუშტში ვრცელდება სხვა ახლოს მდებარე ორგანოებისაგან.

ამასთან, ცისტიტი შესაძლოა თავად იყოს ერთ-ერთი ნიშანი სხვა ვირუსული ან/და ინფექციური დაავადებისა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ძაღლის ვიზიტი ვეტექიმთან და დროული მკურნალობა. თავისთავად მისი განკურნება ფაქტობრივად შეუძლებელია.

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა

ძაღლებში და არამარტო, მეტაბოლიზმის ცვლილება აუცილებლად ხდება შესამჩნევი. მისი შენელების დროს ცუგა იმატებს წონას და ხშირად შეიძლება შაქრიანი დიაბეტიც გაუჩნდეთ. თუმცა უფრო ხშირად, ასეთ ძაღლებს შარდკენჭოვანი დაავადებები აწუხებთ.

შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ კენჭები იწვევენ ცისტიტს. ისინი აფერხებენ შარდის სადინარებში გამოყოფას, რის შედეგადაც შარდის ბუშტი დროულად ვერ თავისუფლდება და იქნება ხელსაყრელი გარემო პათოგენური მიკროორგანიზმების წარმოქმნისა და გამრავლებისთვის. ასევე, კენჭებმა შეიძლება დააზიანონ ლორწოვანი გარსი, გაკაწრონ და შედეგან წარმოიქმნას შარდში სისხლი, რაც მტკივნეულთან ერთად მეტად მიდრეკილია ბაქტერიების გავრცელებისკენ.

არასწორი კვება და წყლის მიღება

არასწორი და არასათანადო კვების გამო ძაღლებს ერღვევათ ნივთიერებათა ცვლა, რაც როგორც უკვე ვთქვით, ერთ-ერთი მთავარი დაავადების გამომწვევი მიზეზია. ასევე, ზოგიერთი საკვები ხელს უწყობს უშლელი მარილების წარმოქმნას, რაც თავის მხრივ იწვევს კენჭების წარმოქმნას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი, კარგად დაბალანსებული და ხარისხიანი საკვების მიღება თქვენი ერთგული მეგობრისთვის.

რაც შეეხება წყალს, აუცილებელია ძაღლს მუდმივად ჰქონდეს წვდომა ახალ, სუფთა წყალთან. შედარებით მეტი წყალი უნდა მიიღოს იმ ძაღლებმა, რომლებიც მშრალ საკვებს მიირთმევენ. მნიშვნელოვანია ასევე წყლის კონცენტრაცია. მარილებისა და მეტალის იონების შემცველი წყალი ასევე ცუდად აისახება ძაღლის ჯანმრთელობაზე.

ცისტიტის ნიშნები ძაღლებში

ცისტიტის ნიშნები ძაღლებში უმეტესად სპეციფიური და აშკარაა, თითქმის ყველა მეპატრონე იოლად შენიშნავს. ძირითადი ნიშნებია:

გახშირებული შარდვა  ძაღლის ცისტიტი

შესაძლოა შენიშნოთ, რომ ძაღლი ხშირად ითხოვს გარეთ გასვლას ან მოულოდნელად შარდავს სახლში ან სხვა შეუფერებელ ადგილებში, რაც ადრე მისთვის არ იყო დამახასიათებელი. შარდის დღიური გამოყოფა რაოდენობრივად შეიძლება არ გაიზარდოს, თუმცა აუცილებლად იმატებს სიხშირე და გამოიყოფა მცირე რაოდენობით. ზოგჯერ წვეთ-წვეთადაც კი გამოყოფს შარდს.

ტკივილი მოშარდვისას

ტუალეტში გასვლისას ცუგა შეიძლება წკმუტუნებდეს, კვენსოდეს, მონაცვლეობით დგებოდეს სხვადასხვა თათზე, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ძაღლს შარდის გამოყოფა უძნელდება და დიდ ტკივილს გრძნობს. თუმცა იგივე სიმპტომი შეიძლება შარდკენჭოვანი დაავადების მანიშნებელიც იყოს, კენჭები ხშირად კაწრავენ შარდსასქესო ორგანოების კედლებს, რაც ასევე ძალიან მტკივნეულია.

სისხლი შარდში

სისხლის წარმოქმნა ისევ ლორწოვანი გარსის დაზიანების შედეგია. თუმცა აუცილებელი არ არის ეს კენჭების ან ქვიშის გამო მოხდეს. კონცენტრირებული შარდი ძლიერად აღიზიანებს შარდის ბუშტის გარსს, რასაც მოჰყვება სისხლძაღვების რეაგირება.

მუქი, მღვრიე შარდი

სისხლის გარდა შარდში შეიძლება შეინიშნებოდეს ჩირქი და ლორწო, რაც იწვევს მისი ფერისა და კონსისტენციის შეცვლას. ასევე დამახასიათებელია სპეციფიური, ძალიან ცუდი სუნი. ზოგჯერ ძაღლი საერთოდ ვერ ახერხებს მოშარდვას, რაც ძალიან სახიფათოა. ასეთ დროს აუცილებელია კათეტერიზაცია, საჭიროა ხელოვნურად დაიცალოს შარდის ბუშტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმის ინტოქსიკაცია მოხდება და ძაღლის გადარჩენის ძალიან მცირე შანსი რჩება.

--RELATED--

უმადობა, საერთო სისუსტე

ცისტიტის დროს ძაღლს ხშირად ეცვლება ხასიათი. შეიძლება უარი თქვას საკვებზე, იყოს მოწყენილი და მოთენთილი. შესაძლებელია ტემპერატურის მატება, ჩირქოვანი ცისტიტის დროს ხშირია ასევე ციებ-ცხელება.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმეს შენიშნავთ, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს, რათა დაისვას სწორი დიაგნოზი და დროულად დაუწყოთ მკურნალობა.

ძაღლის ცისტიტის მკურნალობა

ცისტიტის მკურნალობა ძაღლებში

პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ცისტიტისგან განკურნების ერთი წამალი არ არსებობს, აუცილებელია კომპლექსური მკურნალობა. შეიძლება ძაღლს მოვუხსნათ ტკივილი და დროებით დაავადების ნიშნებიც გაუქრეს, მაგრამ თუ ანთების გამომწვევ მიზეზს არ დაადგენთ და მის აღმოფხვრაზე არ იზრუნებთ, ცისტიტი აუცილებლად დაბრუნდება. აღნიშნული დაავადების რეციდივი გვხვდება დაახლოებით 90% შემთხვევაში.

მაშ ასე, რა უნდა გააკეთოთ, როცა ძაღლს ცისტიტი აქვს?

მოვლის პირობები

პირველ რიგში, რაც უნდა გაითვალისწინოთ ეს სწორი მოვლაა. აუცილებლად მოარიდეთ თქვენი ოთფეხა მეგობარი სიცივეს, ქარს, ყინვას, ორპირ ქარს. არ მისცეთ საშუალება დაწვეს იატაკზე, დაუფინეთ თბილი საფენი, სახლში უნდა იყოს სითბო. თუმცა არავითარ შემთხვევაში არ დაუთბუნოთ უშუალოდ შარდის ბუშტი, ეს კიდევ უფრო გაუარესებს მდგომარეობას,  გაამძაფრებს ბაქტერიების გამრავლებას და მკურნალობაც მეტად გაძნელდება.

ანტიბიოტიკები

ცისტიტის მკურნალობა ანტიბიოტიკების გარეშე წარმოუდგენელია. უპირატესობა ენიჭება კუნთში ინექციას, ვიდრე აბებს. რადგან აბები შედარებით გვიან ახდენენ მოქმედებას.

კათეტერიზაცია და შარდის ბუშტის გამორეცხვა

აუცილებელია შარდის ბუშტის გათავისუფლება დაგროვებული შარდისგან. ეს ხელს შეუწყობს ერთის მხრივ, ინტოქსიკაციის რისკის შემცირებას და მეორეს მხრივ, შარდის ბუშტის გათავისუფლებას პათოგენური მიკროორგანიზმებისგან. შედეგად, ლორწოვანი გარსის გაღიზიანება მნიშვნელოვნად მცირდება, ეს კი ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯია გამოჯანმრთელებისკენ. ამ პროცედურას თავად ვერ ჩაატარებს, აუცილებლად დაგჭირდებათ ვეტერინარის დახმარება. ვეტექიმი კათეტერის საშუალებით ძაღლს გამოურეცხავს შარდის ბუშტს ანტისეპტიკური ხსნარით.

სპაზმოლიტები

სპაზმოლიტები ხელს უწყობს ძაღლის კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, რაც ასევე მნიშვნელოვანია ცისტიტის მკურნალობის დროს. ამ ტიპის პრეპარატები ამცირებს შეშუპებას, შედეგად ფართოვდება საშარდე გზები და შარდი მარტივად, მეტი რაოდენობით გამოიყოფა. სპაზმოლიტებს ახასიათებს ასევე ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

კვება

ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია კვების რაციონის გადახედვა და დიეტის შედგენა თქვენს ვეტერინართან ერთად. ცისტიტის დროს რაციონიდან უნდა ამოიღოთ ხორცი. ამ დროს კარგია რძემჟავა პროდუქტები (მაგ. მაწონი, ხაჭო), რადგან ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის აღდგენას. დამატებით შეიძლება ვეტერინარმა დაუნიშნოს პრებიოტიკები ან ენტეროსორბენტები, რაც ახდენს ნაწლავების სასარგებლო მიკროორგანიზმების სტიმულირებას.

ცისტიტის დროს ძაღლს არ უნდა შეეზღუდოს სუფთა წყალი. წყლის დიდი რაოდენობა ხელს უწყობს შარდში მავნე ნივთიერებების განეიტრალებას.

არსებობს ცისტიტის მკურნალობის ხალხური მეთოდები, მაგრამ ეს საკმაო რისკთანაა დაკავშირებული და გირჩევთ ვეტერინარის გარეშე თვითმკურნალობას არ ეცადოთ. ყველა ცხოველს შესაძლოა სხვადასხვა მიზეზი და პრობლემა ჰქონდეს, ამიტომ ნუ იხელმძღვანელებთ სხვების გამოცდილებით და რჩევებით. აუცილებელია სწორი დიაგნოზის დასმა და შემდეგ მკურნალობა. დიაგნოზის დასამელად საჭირო ქნება შარდისა და სისხლის ანალიზი, ექოსკოპია და ასევე დამატებით სხვა გამოკვლევები, რასაც ვეტერინარი მიიჩნევს საჭიროდ.

ცისტიტის პროფილაქტიკა ძაღლებში

სწორი მოვლით მარტივად შეგიძლიათ აარიდოთ თქვენს ერთგულ მეგობარს ეს დაავადება. ძაღლის ხშირად შარდავს

  1. პირველ რიგში სახლში მოერიდეთ ორპირ ქარს. დაიცავით ძაღლი სიცივისგან, დასველებისა და გაყინვისგან, ნუ მისცემთ ცივ იატაკზე დიდხანს წოლის საშუალებას;
  2. სწორად შეურჩიეთ საკვები. არ შეიძლება მხოლოდ ცილოვანი საკვები მიღება;
  3. დროულად ჩაუტარეთ ვაქცინაცია. აცრებს შეუძლია იმუნინეტი გამოუმუშავოს ძაღლს ცისტიტის გამომწვევი თუ მაპროვოცირებელი ბაქტერიებისა და ვირუსების მიმართ;
  4. მაქსიმალურად ეცადეთ თავიდან ააცილოთ ტრამვებს. დაზიანების შემთხვევაში აუცილებლად წაიყვანეთ ვეტერინართან, რათა შიდა სისხლდენა ან ორგანოების დაზიანება გამოირიცხოს;
  5. სასმელი წყალი ყოველთვის მისაწვდომი უნდა იყოს ცუგასთვის. წყალი აუცილებლად სუფთა და გაფილტრული უნდა იყოს. რაც უფრო მეტ წყალს სვამს ძაღლი, მით უფრო კარგად იწმინდება თირკმელი და შარდის ბუშტი. თუმცა თუ გადამეტებულ წურვილს ატყობთ თქვენს ოთფეხა მეგობარს აჯობებს ვეტერინარს აჩვენოთ, რადგან ეს შეიძლება რომელიმე დაავადების მანიშნებელი იყოს (მაგ. დიაბეტი).
  6. მნიშვნელოვანია ყოველწლიური პროფილაქტიკური შემოწმება ვეტერინართან, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ძაღლს ერთხელ უკვე ჰქონდა ეს დაავადება.

 

--RELATED--

714 ნახვა