როგორ ამოვურეცხოთ კუჭი ძაღლს
August 7, 2017 15:59 John Smith

თუ თქვენს ოჯახში გაჩნდა ძაღლი, მაშინ მზად უნდა იყოთ სხვადასხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. ერთ-ერთი საყურადღებო ფაქტია ის, რომ ლეკვებს სჩვევიათ ყველაფრის ჭამა, რასაც იატაკზე ან ქუჩაში იპოვიან. ზრდასრულ ძაღლებს უფრო ნაკლებად აქვთ ეს პრობლემა, თუ რა თქმა უნდა, მისი გაწვრთნა სწორად მოხდა. თუმცა მოწამვლისგან არც ისინი არიან სრულიად დაცულები. ძაღლის თუ ლეკვის მოწამვლის მიზეზი შეიძლება გახდეს ისეთი “დელიკატესების” მირთმევა, როგორიცაა შავი შოკოლადი, ყურძენი, ქიშმიში, სხვადასხვა აბები, საოჯახო ქიმია, ქაღალდი, პოლიეთილენის პარკი, მწერების ან მღრღნელების საწამლავი და უამრავი სხვა რამ. ასეთ შემთხვევებში მეპატრონეს უნდა შეეძლოს პირველადი დახმარების გაწევა.
თუ ძაღლმა რაიმე ჯანმრთელობისთვის სახიფათო შეჭამა, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება სასწრაფოდ ვეტკლინიკაში წაიყვანოთ. საწამლავების უმეტესობა ერთი საათის შემდეგ გაიწოვება ორგანიზმში, ამიტომ დროული დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ახლომახლო ვეტერინარი არ არის, საჭირო იქნება თავად ამოურეცხოთ კუჭი თქვენს ოთხფეხა მეგობარს. კუჭის ამოსარეცხად ცხოველს გული უნდა აარევინოთ. სახლის პირობებში დახმარების დროს, აუცილებლად იქონიეთ სატელეფონო კონტაქტი ვეტერინართან, აღუწერეთ ყველა უმნიშვნელო დეტალიც კი. ეს საშუალებას მისცემს მას სწორი რეკომენდაციები მოგცეთ. საქმე იმაშია, რომ ყველანაირი მოწამვლის დროს არ შეიძლება კუჭის ამორეცხვა. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ეს სავალალო აღმოჩნდეს.
როდის არ შეიძლება ძაღლისთვის ღებინების გამოწვევა:
- თუ უკვე ძაღლს მოწავლის სიმპტომები აღენიშნება, მაშინ გულის არევა უკვე დაგვიანებულია;
- თუ ძაღლს აქვს რაიმე ჯანმრთელობის პრობლემები, შეიძლება გულისრევის გამოწვევამ გააუარესოს მისი მდგომარეობა;
- გონების დაკარგვის ან კრუნჩხვების დროს;
- თუ უკვე თავად აღებინა ძაღლმა, აღარ მისცეთ გულის ასარევი საშუალებები;
- თუ ძაღლი აღებინებს მოშავო ან წითელი ფერის მასას. ასეთ შემთხვევაში შეიძლება გააძლიეროთ სისხლდენა;
- დაუშვებელია გულის არევა ძაღლისთვის, თუ ბასრი საგანი გადაყლაპა;
- ნავთობპროდუქტებით მოწამვლის დროს - ბენზინი, დიზელი, ნავთი, მაზუთი ან სკიპიდარი.
- ტუტე და მჟავა პროდუქტებით მოწამვლის დროს. აქ შედის თითქმის ყველა სახის საოჯახო ქიმია;
- სწრაფად შეწოვადი ნივთიერებებით მოწმავლისას, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ნერვულ სისტემაზე. ესენია - ბარბიტურატები (ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი, ძილის მომგვრელი, კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედების პრეპარატები) და ნარკოტიკული საშუალებები.
თუ არ იცით რითი მოიწამლა ძაღლი, ნუ დაპანიკდებით. დამშვიდდით და კარგად დაფიქრდით, მოძებნეთ სახლში გახსნილი საოჯახო ქიმია, დააკვირდით გაქრა თუ არა რაიმე ნივთი. დაყნოსეთ ძაღლს პირის გარშემო. ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეთ რითი მოიწამლა თქვენი ფუმფულა მეგობარი.
როგორც უკვე ვთქვით, კუჭის ამორეცხვა ეფექტურია მოწამვლიდან ერთი საათის განმავლობაში. ეს პროცედურა არც ისე სასიამოვნოა ძაღლისთვის, ამიტომ აჯობებს ვინმე დაიხმაროთ.
ამოსარეცხად შეგიძლიათ გამოიყენოთ კალიუმის პერმანგანატის (მარგანცოვკა) ძალიან სუსტი, ღია მოვარდისფრო ხსნარი. მცირე რაოდენობის კალიუმის პერმანგანატი კარგად გასხენით წყალში, ისე რომ კრისტალები არ დარჩეს, შემდეგ სპეციალური შესასხურებლით, ან მოზრდილი შპრიცით (ნემსის გარეშე) შეასხით პირში ფრთხილად, მცირე ნაკადებით, რათა გადაყლაპვა მოასწროს და არ გაიგუდოს. პროცედურის შედეგად ძაღლს უნდა აერიოს გული.
ხსნარის რაოდენობა დამოკიდებულია ძაღლის სხეულის მასაზე და მერყეობს 300 მლ -დან - 3 ლიტრამდე.
ასევე, ღებინების გამომწვევი, ყველაზე უსაფრთხო და რეკომენდირებული პროდუქტი სახლის პირობებში არის 3%-ანი წყალბადის ზეჟანგი. მისი მიღების დოზაა 1 ჩაის კოვზი (5მლ) 4,5 კგ წონაზე. თუ პირველი მიღებიდან, ძაღლს ღებინება არ აღენიშნება, 10-15 წუთის შემდეგ შეიძლება გაუმეოროთ პროცედურა მხოლოდ ერთხელ.
წყალბადის ზეჟანგის მიცემის შემდეგ, კარგი იქნება თუ ძაღლს ატარებთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ეს ხელს შეუწობს წყალბადის ზეჟანგის მოქმედებას.
მოწმავლის შემთხვევაში, არსადროს მისცეთ ძაღლს რძე. ეს არ ანეიტრალებს საწამლავს, პირიქით ბევრი ნივთიერებით მოწავლისას რძე აჩქარებს საწამლავის მოქმედებას და სისხლში გადასვლას.
ჩვენ რეკომენდაციას არ ვუწევთ ღებინების გამოწვევას შემდეგი მეთოდებით:
- მდოგვის გამოყენებით;
- მარილის გამოყენებით (მარილი ცხოველებისთვის ხშირად მომწავლელია);
- ხელით კისერზე ფიზიკური დაწოლით ღებინების პროვოცირებას.
ღებინების შემდეგ შესაძლებელია ცხოველს მისცეთ სორბენტები. ეს შეიძლება იყოს ენტეროსგელი, პოლისორბი ან გააქტიურებული ნახშირი. ეს პრეპარატები წარმოადგენს ტოქსინების შემწოვ ნივთიერებებს. გააქტიურებული ნახშირის დოზაა ჩვეულებრივ 1 აბი 10 კგ. სხეულის წონაზე, თუმცა მაინც დააზუსტეთ ვეტერინართან.
როგორც აღვნიშნეთ, თუ უკვე ძაღლს შეენიშნება მოწამლის ნიშნები, პირველადი დახმარება უკვე დაგვიანებულია და საჭიროა მისი დაუყოვნებლივ გადაყვანა ვეტკლინიკაში.
მოწამვლის ნიშნები შეიძლება იყოს:
- სისუსტე, ლეთარგია;
- ნერწყვდენა, ლორწოვანი გარსის უფერულობა;;
- უმადობა, საჭმელსა და წყალზე უარის თქმა;
- ღებინება, დიარეა;
- მუცლის ტკივილი;
- უჩვეულო სუნი პირის ღრუდან;
- ფეკალური მასის უჩვეულო ფერი და სუნი;
- სხეულის ტემპერატურის დაცემა;
- კიდურების სისუსტე, კრუნჩხვები;
- გონების დაკარგვა, კომა.
თუმცა ჩამოთვლილი სიმპტომები შესაძლებელია სხვა დაავადების მაჩვენებელიც იყოს, ამიტომ სჭიროა კარგად დააკვირდეთ სხვა თანმხლებ ნიშნებსაც.
კუჭის ამორეცხვა ძაღლისთვის მნიშვნელოვნად ამცირებს მოწავლის უარყოფით შედეგებს. მიუხედავად ამისა, პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ძაღლის გადაყვანა ვეტერინართან მაინც აუცილებელია. ზოგჯერ არ არის საკმარისი მხოლოდ კუჭის ამორეცხვა იმისთვის, რომ ძაღლის ორგანიზმი მთლიანად გათავისუფლდეს მომწამვლელი ნივთიერებისგან, შესაძლებელია აუცილებელი იყოს ანტიდოტის შეყვანა. ამიტომ, ნუ გარისკავთ თქვენი ერთგული მეგობრის ჯანმრთლობას და დროულად წაიყვანეთ ვეტკლინიკაში.
აუცილებელია, ასევე ყოველთვის დაიცვათ უსაფრთხოების ზომები და მეთვალყურეობის ქვეშ გყავდეთ თქვენი ძაღლები, განსაკუთრებით ლეკვობის პერიოდში. მაქსიმალურად აიღეთ საშიში პროდუქტები მათთვის ხელმისაწვდომი ადგილიდან.