ბლოგი / ჯანმრთელობა

კატის კანის დაავადებები

November 30, 2018 14:01 by Kate Katel


კანის დაავადებები კატებში, სამწუხაროდ, არც ისე იშვიათი მოვლენაა. ფისოს კანის პრობლემების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს: პარაზიტები, სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციები, ალერგია, სტრესი, ჰორმონალური დისბალანსი და ა.შ. კანის დაავადებები შეუმჩნევლად არ მიმდინარეობს, ამ დროს დამახასიათებელია: ზედმეტი ბეწვის ცვენა, შეწითლებული ან აქერცლილი კანი, გამომშრალი და მტვრევადი ბეწვი, ქავილი, გამონაყარი, თავის ქნევა და სხვ.

კატის ყველაზე გავრცელებული კანის დაავადებებია:

1. კატის აკნე

katis akne აკნე კატებში

ერთ-ერთი გავრცელებული კანის პრობლემა კატებში აკნეა, რომელიც ნიკაპსა და პირის გარშემო ვლინდება. ეს შავი წერტილები მართალია ფისოებს ისე არ ანაღვლებთ, როგორც ადამიანებს, მაგრამ მაინც საჭიროებს ყურადღებას. მისი გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს სტრესი, არასათანადო გრუმინგი, რეაქცია საკვებსა თუ მედიკამენტზე, ასევე პლასტმასის ჯამები. კატის აკნეს მოსაშორებლად ძირითადად გამოიყენება სპეციალური შამპუნები ბენზოილის ზეჟანგის შემცველობით, ასევე შესაძლებელია ქლორჰექსიდინის ხსნარის გამოყენებაც. თუ აკნეს ბაქტერიული ინფექციაც ახლავს, ვეტერინარმა შესაძლოა ანტიბიოტიკებით მკურნალობაც დანიშნოს. ასეთ დროს შეიძლება  სასარგებლო იყოს ომეგა 3-სა და ომეგა 6-ის მიცემა კატისთვის, თუმცა აუცილებლად ვეტექიმის დანიშნულებით.

 2. პიოდერმია , იგივე ბაქტერიული ინფექცია

კატის პიოდერმია

ხშირ შემთხვევაში ბაქტერიული ინფექცია კატებში კანის სხვა დაავადების შედეგად ვითარდება. როდესაც ფისოს ალერგიის, სოკოს, პარაზიტების ან სხვ. პრობლემის გამო ქავილი აწუხებს, ზიანდება კანი და წარმოიქმენა ბაქტერიული ინფექციების განვითარების ხელსაყრელი პირობები. პიოდერმიას მკურნალობენ ანტიბიოტიკებით, ამასთან ერთად აუცილებლად უნდა გამოვლიდეს და აღმოიფხვრას მისი გამომწვევი მიზეზი.

3. საფუარა სოკოს ინფექციები

კატის სოკო საფუარა სოკო

კატებში სოკოვანი ინფექციები არც ისე იშვიათი მოვლენაა, ხშირად თავს იჩენს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან ერთად, როცა ცხოველის იმუნიტეტი დასუსტებულია. კატის სოკოვანი ინფექციის სიმპტომებია: ბეწვის ცვენა, ცხიმიანი, აქერცლილი ან წითელი კანი, მუქი წერტილები კანზე, უსიამოვნო სუნი, უხასიათობა, უმადობა და ა.შ. ბეწვის ცვენა უმეტესად ყურებისა და თვალების ირგვლივ იწყება და შემდეგ შეიძლება გავრცელდეს მთელს სხეულზე. სოკოს სახეობის მიხედვით განასხვავებენ საფუარა სოკოვან ინფეცქიებს, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება კატებში: კანდიდოზი, მალასეზია, ბლასტომიკოზი.

მკურნალობა მიმდინარეობს სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტების, მალამოების ან/და სპეციალური შამპუნებისა და სპრეების დახმარებით. აუცილებლად უნდა ჩატარდეს ანალიზი და ვეტერინარმა დასვას ზუსტი დიაგნოზი, სხვადასხვა ტიპის სოკოზე შესაძლოა სხვადასხვა მედიკამენტი იყოს ეფექტური, ამიტომ მნიშვნელოვანია კონკრეტულად რომელ სოკოვან ინფექციასთან გვაქვს საქმე.

4. დერმატომიკოზი, იგივე დერმატოფიტია

დერმატომიკოზი რინგვორმი

დერმატომიკოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სოკოვანი დაავადებაა კატებში. უმეტესად ის 1 წლამდე ასაკის კატებში გვხვდება. ეს დაავადება მაღალი კონტაგიოზურობით გამოირჩევა, შეიძლება გადაედოს როგორც სხვა ცხოველებს, ისე ადამიანს. მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმის ხარისხზე, ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად მიაქციოთ ყურადღება.

5. სპოროტრიქოზი

სპოროტრიქოზი კატებში

სპოროტრიქოზი კატებში ერთ-ერთი იშვიათი სოკოვანი დაავადებაა. ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაზიანება, დაზიანებული ზედაპირიდან შეიძლება სითხე გამოდიოდეს. დროული დიაგნოზი და მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სპოროტრიქოზი გადამდებია და  შეიძლება დაავადდეს სხვადასხვა შინაური თუ გარეული ცხოველი და ასევე ადამიანი. განსაკუთრებით მოსალოდნელია დაავადება სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამინებში.

6. ალერგიული დერმატიტი

ალერგიული დერმატიტი კატებში

კატები შეიძლება იყვნენ ალერგიულები საკვების, მედიკამენტების, ჰიგიენური საშუალებების, პარაზიტების ნაკბენების მიმართ და ა.შ. თავისა და ყელის არეში ქავილი ხშირად კვებით ალერგიაზე მიუთითებს. ალერგიამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და ბეწვის ცვენა სხეულის ნებისმიერ ადგილზე. არსებობს მკურნალობის განსხვავებული მეთოდები, თუმცა ყველზე მნიშვნელოვანია ალერგიის გამომწვევი მიზეზის დადგენა და თავის არიდება.

7. ალოპეცია

ალოპეცია კატებში

ფუმფულა ფისოების ნებისმიერი მეპატრონე შეგუებული უნდა იყოს გარკვეული რაოდენობის ბეწვის არსებობას სახლში. ასევე ნორმალურია სეზონური ბეწვის ცვენაც. თუმცა თუ კი თქვენს ოთხფეხა მეგობარს ბეწვი ჩვეულებრივზე მეტად სცვივა, სჯობს ვეტერინარს მიმართოთ. კატებში ალოპეციის მიზეზი შეიძლება იყოს არასათანადო კვება, ვიტამინების ნაკლებობა, სტრესი, სუსტი იმუნიტეტი, სხვადასხვა დაავადება და ა.შ.

--RELATED--

8. ეოზინოფილური გრანულემა

ეოზინოფილური გრანულომა კატებში

თუ თქვენს კატას ცხვირ-ტუჩის არეში წყლულები,დაზიანებები და შეშუპება შეენიშნება, შესაძლოა მას ეოზინოფილური გრანულემა აწუხებდეს. ეს დაავადება შესაძლოა სხეულის სხვა ნაწილებზეც გამოვლინდეს, თუმცა ყველაზე ხშირია სახესა და თათებზე. კატებში ეოზინოფილური გრანულემას გამომწვევი ზუსტი მიზეზები დადგენილი არაა, თუმცა ზოგიერთი კვლევის თანახმად, ალერგიულ დაავადებად იქნა მიჩნეული. დაავადების მაპროვოცირებელი იშვიათად შეიძლება იყოს საკვები და პარაზიტები, უმეტესად კი ბაქტერიული ინფექციების შედეგად ვითარდება. დიაგნოზირება ძირითადად კლინიკური ნიშნებითა და მიკროსკოპის ქვეშ დაკვირვებითაა შესაძლებელი, შეიძლება საჭირო გახდეს ასევე ბიოფსიის გაკეთებაც. მკურნალობა დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, გამომწვევ მიზეზზე და ამის მიხედვით გამოიყენება ანტიპარაზიტული, ანტიალერგიული პრეპარატები, სტეროიდები და ა.შ.

9. კანის სიმსივნე

კატის კანის სიმსივნე

კანის სიმსივნე შეიძლება გამოხატული იყოს კატის სხეულზე წითელი, შეშუპებული და ამობურცული ადგილით, საიდანაც შესაძლოა გამოდიოდეს სისხლი ან სითხე. ფისოს კანზე შეშუპება, რა თქმა უნდა, ყოველთვის არ არის სიმსივნე, მაგრამ აუცილებელია ვეტერინართან ვიზიტი და ამ დაავადების გამორიცხვა. კანის სიმსივნისკენ მიდრეკილნი არიან უმეტესად ასაკოვანი და თეთრი შეფერილობის კატები. დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ბიოფსიის ჩატარება. თუკი შეშუპებული ადგილი, სიმაგრე პატარაა, შესაძლოა ის მხოლოდ ოპერაციით მოიკვეთოს და შემდგომი მკურნალობა აღარც გახდეს საჭირო. მდგომარეობიდან გამომდინარე ვეტერინარმა შეიძლება დანიშნოს ქიმიო ან/და სხივური თერაპია.

10. ოტოდექტოზი იგივე ყურის ტკიპა

კატის ყურის ტკიპა ოტოდექტოზი

ოტოდექტოზი კატებში ერთ-ერთი გავრცელებული დაავადება, რომელსაც ცხოველის ყურში მცხოვრები მცირე პარაზიტი იწვევს. ამ დაავადების დროს კატა ხშირად იქავებს ყურებს, აქნევს თავს, ყურის ნიჟარაში აღინიშნება უსიამოვნო სუნი, შავი ნადები და ზოგჯერ ქავილის შედეგად სისხლიც შეიძლება იყოს. როგორც წესი, დაავადება ორივე ყურში ვითარდება. ოტოდექტოზის დიაგნოსტირება ხდება მიკროსკოპის ქვეშ, მკურნალობა კი დამოკიდებულია დაავადების გამწვავების ხარისხზე. ყურის ტკიპა გადამდებია სხვა ცხოველებზე, ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

11. დემოდეკოზი იგივე კანქვეშა ტკიპა

დემოდეკოზი კატებში 

დემოდეკოზი კანის პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც დემოდექსის ტკიპა იწვევს. დემოდეკოზი უფრო ხშირად ძაღლებში გვხვდება, ვიდრე კატებში, თუმცა არსებობს ორი სახეობის დემოდექსის ტკიპა, რომელიც ფისოებს აავადებს, ესენია: Demodex cati და Demodex gatoi. პირველი ტიპის ტკიპა უმეტესად თმის ძირის ფოლეკულებში ბინადრობს და იწვევს ბეწვის ცვენას, კანის აქერცვლას, ქერქებს და ანთებას, ზოგჯერ იწვევს ქავილს, შეინიშნება უმეტესად სახის, თავისა და კისრის არეში, შესაძლებელია გახდეს ყურის ინფექციების მიზეზიც. მეორე ტიპის კანქვეშა ტკიპა კი კანის ზედაპირზე ცხოვრობს. იწვევს ძლიერ ქავილს, წარმოქმნის ქერქებს ტანსა და კიდურებზე, ზოგჯერ შეიძლება გაჩნდეს წყლულებიც. ამ ტიპის დემოდეკოზი ხშირად კანის ალერგიულ დაავადებებში ეშლებათ.

როგორც წესი, დემოდეკოზის დიაგნოსტირება ხდება მიკროსკოპის ქვეშ კანის ანაფხეკის დათვალიერებით, ზოგჯერ კი შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი ანალიზები. ძაღლის კანქვეშა ტკიპა კატებს არ გადაედება და პირიქით. გადამდები არ არის ასევე ადამიანისთვისაც. ამასთან Demodex cati Demodex gatoi-სგან განსხვავებით, გადამდები არ არის არც სხვა კატებზე. ამ დაავადების მკურნალობის დროს მნიშვნელოვანია იმუნიტეტის ამაღლება, გამოიყენება სხვადასხვა ორალური თუ გარეგანი გამოყენების  მედიკამენტები.

12. მშრალი, ქერტლიანი კანი

კატის ქერტლი მშრალი კანი

ადმიანების მსგავსად, კატასაც შეიძლება ქონდეს მშრალი კანი და ქერტლი, განსაკუთრებით ზამთარში. ეს ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და საგანგაშო არ არის, თუმცა უმჯობესია ვეტერინარმა ნახოს და შეაფასოს ფისოს მდგომარეობა. ქერტლი და კანის სიმშრალე შესაძლოა გამოწვეული იყოს არასათანადო კვებით ან გრუმინგით. პრობლემის გამოსწორება შეიძლება  სპეციალური საშუალებებით, შესაბამისი შამპუნებით და ასევე ომეგა 3-ით, რასაკვირველია, ვეტერინარის კონსულტაციის შესაბამისად.

13. კომპულსური გრუმინგი

კომპულსური გრუმინგი კატებში

ფისოების სისუფთავისკენ მიდრეკილება ყველასთვის ცნობილია, თუმცა ზოგჯერ ისინი გადამეტებულად ისუფთავებენ თავს, რასაც კომპულსიური გრუმინგი ან ფსიქოგენური ალოპეცია ეწოდება. გადაჭარბებულმა ლოკვამ და ღეჭვამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, ინფექციის განვითარება და ბეწვის ცვენა. კატის ასეთი ქცევა შეიძლება დაკავშირებული იყოს სტრესთან და ასევე ზოგიერთ დაავადებასთან, მაგ. ართრიტთან.

14. პარაზიტები

კატის პარაზიტები 

სამწუხაროდ პარაზიტები არც თუ ისე იშვიათად სტუმრობენ და უსიამოვნებებს უქმნიან  ჩვენს საყვარელ მეგობრებს. რწყილებისა და ტილების ნაკბენისგან შესაძლოა განვითარდეს ალერგია, გაღვივდეს ინფექცია ქავილის შედეგად და გამოიწვიონ სხვა გართულებები. უმჯობესი იქნება თუ პროფილაქტიკისთვის რეგულარულად დავამუშავებთ კატებს ანტიპარაზიტული საშუალებებით. თუ უკვე გაჩენილი პარაზიტების მოშორება გვსურს, არ დაგავიწყდეთ ფისოს საწოლის და ზოგადად სახლის დამუშავებაც.

15. კუდის ჯირკვლების ჰიპერპლაზია

კატის კუდის ჰიპერპლაზია

ფისოს კუდის ჯირკვლები ზოგჯერ ზედმეტ ცხიმებს გამოიმუშავებენ, შედეგად კუდზე წარმოიქმნება ფუფხები, ქერტლი, ზოგჯერ კომედონები და მუწუკები, ბეწვი ხდება ცხიმიანი და იწყებს ცვენას. კუდის ჰიპერპლაზია შეიძლება გამოწვეული იყოს არსათანადო ჰიგიენით, ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, არასათანადო კვებით, ჰორმონალური დისბალანსით დ ა.შ. უმეტეს შემთხვევაში ეს პრობლემა არაკასტრირებულ ხვად კატებს აწუხებთ.  

რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი ოთხფეხა მეგობრის კანისა და ბეწვის მდგომარეობა და მის ცვლილებას ნუ დატოვებთ უყურადღებოდ. გახსოვდეთ, რომ დროული მკურნალობა ყველა დაავადების შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია!

--RELATED--




194 ნახვა