ბლოგი / ჯანმრთელობა

დიარეა კატებში

February 14, 2018 18:16 by Kate Katel


დიარეა, იგივე ფაღარათი კატებში ვლინდება ხშირი და შეთხელებული დეფეკაციით. ეს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის მოშლაზე მიუთითებს. დიარეა რაიმე დაავადების ან ორგანიზმის დარღვევის მანიშნებელია. ფაღარათი შესაძლოა იყოს ერთჯერადი ან გაგრძელდეს რამდენიმე დღე ან კვირა. როგორც წესი, ერთჯერადი ფაღარათი ნაკლებ სანერვიულოა, ხოლო თუ 1 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ვეტერინარს. თუმცა ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთდღიანი დიარეის დროსაც, რადგან ამ დროსაც შეიძლება დაკარგოს კატამ ორგანიზმისთვის აუცილებელი სითხე და მინერალები, რაც მის დასუსტებას გამოიწვევს.

ფაღართის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:

  1. არასწორი კვება;

  2. საკვების აუტანლობა;

  3. ბეწვის გროვები;

  4. რაციონის მკვეთრი ცვლილება;

  5. საკვების დიდი რაოდენობა;

  6. ჰელმინთების (ჭიების) არსებობა;

  7. ღვიძლისა და თირკმლის დაავადებები;

  8. მედიკამენტების აუტანლობა;

  9. ალერგიული რეაქციები;

  10. ცუდი, გაფუჭებული საკვები;

  11. ინტოქსიკაცია (მედიკამენტური, ქიმიური ან სხვა მომწამვლელი ნივთიერებებით);

  12. ვირუსული ან/და ბაქტერიული ინფექციები;

  13. გასტროენტერიტი;

  14. დისბაქტერიოზი;

  15. საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმსივნე.

    katis fagarati diarea

დიარეის ძირითადი და ყველაზე გავრცელებული ფორმა გახშირებული და თხელი ფეკალური მასის გამოყოფით ვლინდება. ასევე შეიძლება თან ახლდეს ღებინება, მეტეორიზმი, ლორწოსა და სისხლის არსებობა ფეკალიებში, უმადობა, სისუსტე, მოთენთილობა, ტემპერატურის მატება, გაუწყლოება, მუცლის ტკივილი, წონის დაკლება. ყურადღება მიაქციეთ ფეკალური მასის ფერს, კონსისტენციასა და სუნს, ეს სწორი დიაგნოზის დასმაში  დაგეხმარებათ.

თუკი ფისოს ფეკალური მასა მოშავო ფერისაა ან სისხლნარევია, ეს შეიძლება შინაგანი სისხლდენის მანიშნებელი იყოს, ამ შემთხვევაში და ასევე თუ კატამ რაიმე მომწამვლელი ნივთიერება მიიღო, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს.

ფაღართის წარმოშობის შემთხვევაში კატას შეუზღუდეთ საკვების მიცემა 12-24 საათის განმავლობაში. ამ დროს აუცილებლად უნდა მიიღოს წყალი, რათა არ დაემართოს დეჰიდრატაცია. სითხისა და მინერალების დეფიციტის შესავსებად შეიძლება მისცეთ რეგიდრონის ხსნარი მცირე პორციებით ან გაუკეთოთ გადასხმა რინგერით. დოზების დასაზუსტებლად მიმართეთ ვეტერინარს, თუ მიყვანას ვერ ახერხებთ, იქონიეთ სატელეფონო კავშირი. შემდეგი 3-5 დღის განმავლობაში კატა გყავდეთ დიეტაზე, მიეცით მოხარშული ბრინჯი და მოხარშული ქათმის ხორცი.

განსაკუთრებით საყურადღებოა ფაღარათი კნუტებში ან/და დასუსტებულ კატებში. ამ შემთხვევაში აუცილებელია სწრაფი რეაგირება, რადგან საჭირო მინერალები და სითხე შეიძლება გაცილებით ადრე დაკარგონ, ვიდრე ზრდასრულმა ჯანმრთელმა ფისოებმა.

თუ 24 საათის შემდეგ კატას უკეთესობა არ შეენიშნება, ან თუ ძალიან დასუსტებულია და მაღალი ტემპერატურა აქვს, ნუ გადადებთ ვეტექიმთან ვიზიტს.

katis kuchis ashla da gebineba

დიარეის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დავიცვათ შემდეგი წესები:

--RELATED--
  1. დაიცავით სისუფთავე კატის სამყოფელში, ხშირად გაუწმინდეთ ტუალეტი და საჭმელი ჯამები;

  2. მიეცით კარგად დაბალანსებული, ხარისხიანი საკვები;

  3. უზრუნველყავით დროული ვაქცინაცია;

  4. ჩაუტარეთ პროფილაქტიკური დეჰელმინთიზაცია;

  5. ნუ მისცემთ რძესა და რძის პროდუქტებს, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ კატას არ აქვს მათი აუტანლობა;

  6. ნუ მისცემთ ცხიმიან საკვებს;

  7. ნუ შეუცვლით საკვებს ერთბაშად. რაციონის შეცვლა ნელ-ნელა, მცირე პორციებით დაიწყეთ და დააკვირდით ორგანიზმის რეაქციებს.

გახსოვდეთ, კატის ორგანიზმი  და მისი საჭმლის მომნელებელი სისტემა  განსხვავდება ადამიანის ორგანიზმისგან, ამიტომ ნუ მისცემთ მას ყველაფერს რასაც თქვენ მიირთმევთ. თუ თქვენი ფუმფულა მეგობარი ნატურალურ კვებაზე გყავთ, აუცილებლად წინასწარ დააზუსტეთ რამდენად უსაფრთხოა ესა თუ ის პროდუქტი მისი ჯანმრთელობისთვის. ყველა დაავადების პრევენცია უფრო მარტივია, ვიდრე შემდეგ მისი მკურნალობა.




ნახეთ ასევე რა შეიძლება იყოს კატებში ბეწვის ცვენის მიზეზი - petario.com/becvis-cvena-katebshi



1262 ნახვა