ბლოგი / ჯანმრთელობა

ბეწვის გროვები კატებში

May 15, 2018 20:32 by Kate Katel


კატებში ბეწვის დაგროვება ერთ-ერთი საყურადღებო საკითხია. ყველა ფუმფულა ფისოს მეპატრონემ უნდა იცოდეს თუ როგორ იზრუნოს ამ პრობლემაზე, რადგან ბეწვის გროვებმა შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენონ ფისოს ჯანმრთელობას.

რა იწვევს ბეწვის დაგროვებას კატებში

ბეწვის გროვების წარმოქმნა კატის თვითგრუმინგის შედეგია. როდესაც ფისო თავს ისუფთავებს, მის ხაოიან ენას ეკვრის მკვდარი ბეწვი, რომელსაც შემდეგ ყლაპავს. გადაყლაპული ბეწვის დიდ ნაწილს კატა უპრობლემოდ ინელებს, ხოლო მცირე ნაწილი რჩება და წარმოიქმნება ბეწვის გროვები. მათ მოსაშორებლად ხშირად კატები აღებინებენ.

ბეწვის გროვების წარმოქმნისკენ უფრო მეტად მიდრეკილნი არიან გრძელბეწვიანი კატები, ასევე ის კატები, რომლებსაც ძალიან სცვივათ ბეწვი ან ზედმეტად ხშირად ისუფთავებენ თავს. ბეწვის დაგროვების პრობლემა იმატებს ფისოს ასაკთან ერთად, რადგან კნუტობისას ნაკლებად სცვივათ თმა და უფრო ნაზი ენაც აქვთ, რითიც კარგად ვერ ახერხებენ ბეწვის  ალოკვას.

ბეწვის დაგროვების ნიშნები

კატები ხშირად თვითონვე ცდილობენ გათავისუფლდნენ თმის გროვებისგან. შესაძლოა შენიშნოთ თუ როგორ აკეთებს თქვენი ფისო ღებინების გამომწვევ მოძრაობებს. ბეწვის გროვების მანიშნებელი შეიძლება იყოს ასევე ბოყინი და ხველება, თითქოს რაღაც აქვს გაჩხერილი ყელში და ამოღებას ცდილობს.

კატის ბეწვის დაგროვება

ზოგჯერ კატებს უჭირთ თავად გაუმკლავდნენ ამ პრობლემას და საჭიროა დავეხმაროთ მათ. როგორც ვთქვით, ბეწვის დაგროვებამ შესაძლოა გამოიწვიოს საკმაოდ საშიში გართულებები. თუ შენიშნავთ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეს, აჯობებს სასწრაფოდ მიიყვანოთ ვეტერინართან:

  • ხშირი ღებინება ან ღებინების მცდელობა, ბეწვის ამოღების გარეშე;
  • მადის დაკარგვა;
  • ლეთარგია;
  • ყაბზობა;
  • დიარეა;
  • მუცლის შებერილობა
  • სისხლი განავალში.
--RELATED--

როგორ დავეხმაროთ კატას ბეწვის დაგროვების დროს

კატებში ბეწვის გროვების წარმოქმნის მთლიანად თავიდან აცილება შეუძლებელია. თუმცა აუცილებლად უნდა დავეხმაროთ მათ, რათა რაც შეიძლება ნაკლები ბეწვის გროვები წარმოიქმნან და იოლად შეძლონ მონელება. ბეწვის გროვებთან ბრძოლის რამდენიმე ხერხი არსებობს:

  1. აუცილებლად დავარცხნეთ თქვენი კატა რეგულარულად. განსაკუთრებით გრძელბეწვიანი კატები და პერიოდული ბეწვის ცვლის დროს. ხშირი დავარცხნა მოაშორებს ზედმეტ მკვდარ თმას და ფისო ნაკლებად გადაყლაპავს. დავარცხნა ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს უფრო ჯანსაღი და ძლიერი ბეწვის წარმოქმნას, რაც თავის მხრივ ამცირებს ბეწვის დაგროვებას.
  2. სცადეთ სპეციალური საკვები ბეწვის მოსანელებელი ფორმულით. დღესდღეობით ბაზარზე მრავლად მოიპოვება კატის ისეთი საკვები, რომელიც სპეციალურად შექმნილია მისი კუჭ-ნაწლავის გაუმჯობესებული მუშაობისა და თმის მონელებისთვის. ასეთია მაგალითად: Advance Hairball, Royal Canin Hairball Care, Purina Pro Plan Derma Plus და სხვ.
  3. გამოიყენეთ ბეწვის მოსანელებელი საშუალებები. არსებობს უამრავი ვეტერინარული პროდუქტი სპეციალურად შექმნილი ბეწვის მოსანელებლად. უმეტესად ეს საშუალებები პასტის სახით იყიდება და მას მალტ პასტას უწოდებენ. მისი მოხმარების წესი განსხვავდება კონკრეტული პროდუქტის მიხედვით და მიღებამდე გაეცანით ინსტრუქციას ან/და გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან. ფისოების უმრავლესობას მოსწონთ მისი გემო და გამოყენება პრობლემას არ წარმოადგენს. მაგ. ასეთი პროდუქტებია: Versele Laga Oropharma Anti Hairball, Beaphar Malt Paste, Canvit Hairball Control, Vitakraft Malt Paste, Nutri-Vet Hairball Paw Gel, Sentry Petromalt Hairball Relief, Tomlyn Hairball Remedy და სხვ.
  4. შესაძლოა ბეწვის დაგროვება თქვენი კატის გადამეტებული გრუმინგის შედეგი იყოს. თუ შენიშნავთ, რომ ის ზედმეტად ხშირად ილოკავს ბეწვს, ეცადეთ სხვა რამეზე გადაატანინოთ ყურადღება, ეთამაშოთ, გაართოთ და ასე მოუშალოთ ეს ჩვევა.
  5. ბეწვის მონელებაში ფისოს შესაძლოა დაეხმაროთ ასევე ბუნებრივი საშუალებებით.  მაგ. ბოჭკოთი მდიდარი საკვებით, როგორიცაა: ჯეჯილი (ხორბლის, ქერის, შვრიის) გოგრა, სატაცური და სხვ. ბუნებრივ მოსანელებელ საშუალებად იყენებენ ასევე ქოქოსის ზეთს, თუმცა მასში შემავალი ნივთიერებების გამო სიფრთხილეა საჭირო და ამისთვის ვეტთან გაიარეთ კონსულტაცია.

 

--RELATED--

1312 ნახვა