საჭიროა თუ არა ძაღლისა და კატის კასტრაცია-სტერილიზაცია
March 29, 2017 18:11 Nika Gigashvili

კასტრაცია/სტერილიზაცია გულისხმობს ცხოველის რეპროდუქციული უნარის ხელოვნურ შეწყვეტას. კასტრაცია - ეს არის მამალი ცხოველების საკვერცხე ჯირკვლების მოცილება, ხოლო სტერილიზაცია - დედალი ცხოველების საშვილოსნოს/საკვერცხეების ამოღება.
არსებობს არაერთგვაროვანი შეხედულება კასტრაცია/სტერილიზაციაზე. პირველ რიგში, კატისა და ძაღლის მეპატრონემ უნდა განსაზღვროს აპირებს თუ არა თავისი ცხოველის შეჯვარებასა და გამრავლებას. გამრავლების შემთხვევაში მან კარგად უნდა გაითავისოს თავისი პასუხისმგებლობა. თავშესაფრები და ქუჩები სავსეა უპატრონო ძაღლებითა და კატებით, ამიტომ გაჩუქება შესაძლოა არც ისე იოლი აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში მზად უნდა იყოს, რომ თავად იზრუნოს კნუტებსა და ლეკვებზე. თუ მეპატრონე ცხოველის შეჯვარებას არ აპირებს, მაშინ კასტრაცია/სტერილიზაცია ცალსახად საჭიროა. ბევრი ადამიანი ამ პროცედურას არაჰუმანურად მიიჩნევს, თუმცა ეს აზრი შეიძლება არასერიოზულადაც კი ჩავთვალოთ. ძაღლებისა და კატებისთვის შეჯვარება ინსტიქტის დონეზეა და მათთვის ამ უნარის მოკლებით არც თავმოყვარეობა ელახებათ და არც ფსიქოლოგიური პრობლემები ექმნებათ. ფსიქოლოგიური და ფიზიონომიური პრობლემები იქმნება იმ შემთხვევაში , თუ ცხოველს კატრაცია/სტერილიზაცია არ აქვს გაკეთებული და არც აჯვარებენ. ამ დროს ცხოველს გაღიზიანებასთან და დაუმორჩილებლობასთან ერთად უფრო სერიოზული საფრთხეებიც ექმნება. ბევრი მეპატრონე მიმართავს ალტერნატიულ გზას, რომელიც ცხოველის კონტრაცეფციული მედიკამენტებით "დამშვიდებას" გულისხმობს. მათი ხშირი გამოყენება ცხოველებში იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს, საკვერცხეების კისტას, სიმსევნეებს და ა.შ. განსაკუთრებით მავნებელია ეს აბები კატებისთვის.
კასტრაცია/სტერილიზაციას ბევრი დადებითი მხარე აქვს. ცხოველი ხდება უფრო შვიდი, აღარ ნიშნავს ტერიტორიას, არ გარბის სახლიდან, უმეტეს შემთხვევაში თავს არიდებს ისეთ დაავადებებს როგორიცაა: პროსტატა, სარძევე ჯირკვლებისა თუ სხვა სახის სიმსივნეები, ვენერიული დაავადებები. როგორც წესი, სტერილური ცხოველები უფრო დიდხანს ცოცხლობენ. კატრაცია/სტერილიზაციას უარყოფითი მხარეებიც გააჩნია. მაგალითად, ამის შემდეგ ცხოველებს მეტაბოლიზმი უნელდებათ და უყურადღებობის შემთხვევაში შეიძლება სიმსუქნე განუვითარდეთ. ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად საჭიროა ცხოველს სპეციალური საკვები მისცეთ ან უბრალოდ შეუზღუდოთ კალორიები. ასევე შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს ცხოველისთვის ანესთეზია. ოპერაცია ნარკოზის ქვეშ კეთდება, სუსტი ჯანმრთელობის მქონე ცხოველმა შესაძლოა ვერ გადაიტანოს ნარკოზი ან ალერგიული რეაქცია ქონდეს. თუმცა ასეთი შემთხვევა ძალიან იშვიათია. კასტრაცია/სტერილიზაციას ძირითადად აკეთებენ 6-7 თვის ასაკში, პირველ მძუნაობამდე.
შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ოპერაციის გაკეთებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ვეტერინართან.