ბლოგი / მოვლა

როგორ მოვუაროთ ზღვის გოჭს

December 7, 2017 14:20 by Kate Katel


ზღვის გოჭი, იგივე გვინეური ზღვის გოჭი ერთ-ერთი გავრცელებული შინაური ცხოველია. უცნაურია, მაგრამ დასახელების მიუხედავად, მას არანაირი კავშირი არ აქვს არც ზღვასთან, არც გოჭთან და არც გვინეასთან. ზღვის გოჭი მღრღნელების რიგის ძუძუმწოვარია, რომელიც სამხრეთ ამერიკიდან, ანდებიდან გავრცელდა. ის მე-16 საუკუნეში შემოიყვანეს ევროპაში.

ზღვის გოჭის სხეული დაახლოებით 30სმ-ია, ხოლო წონა - 0,7-1,5 კგ. მას უკუდო, მრგვალი მოყვანილობის სხეული, დიდი თავი და მსხვილი კისერი აქვს. არსებობს სხვადასხვა სახეობის ზღვის გოჭი. ძირითადად ისინი შეფერილობით, ბეწვის სიგრძითა და სტრუქტურით განსხვავდებიან.

ზღვის გოჭის მოვლა

ზღვის გოჭები საკმაოდ სოციალური არსებები არიან, ამიტომ უმჯობესია თუ ორი გოჭი გეყოლებათ, რათა ერთმანეთს ეკონტაქტონ. შესაძლებელია მათი გაწვრთნა, სახელის დაძახებაზე ხშირად ჭყვიტინით პასუხობენ. ასევე, სხვადასხვა ხმებს გამოსცემენ მოფერებისას. მათ სჭირდებათ დიდი ზომის გალია, აგრეთვე საშუალება უნდა ჰქონდეს გალიის გარეთ ირბინოს ან/და ივარჯიშოს დღეში 1 საათი მაინც. მათთვის საშიშია სიმაღლიდან ჩამოხტომა და ყურადღება უნდა მიაქციოთ. ზღვის გოჭები საკმაოდ კეთილები არიან, იშვიათად იკბინებიან და უყვართ ხელზე ჯდომა.

ზღვის გოჭის მოვლა დიდწილად დაკავშირებულია მის სწორ კვებასთან. გვინეური გოჭის ძირითადი საკვები უნდა იყოს ხარისხიანი თივა ან/და გრანულები, რომელიც სულ ექნება გალიაში. თივა ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და კბილების გალესვას. თივის შემდეგ მეორე ადგილზეა მწვანილი და შემდეგ მოდის ხილი და ბოსტნეული (კვების შესახებ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას სხვა სტატიაში შემოგთავაზებთ). აუცილებელია გალიაში ჰქონდეს წყალი სპეციალური ბურთულიანი ბოთლით. წყალი ყოველდღე უნდა შეუცვალოთ. გალია გაუსუფთავეთ ყოველ მეორე დღეს. ზღვის გოჭები ხშირად და მცირე პორციებით ჭამენ, ამიტომ ნუ მისცემთ ერთბაშად ბევრ საკვებს. ჭამის დასრულების შემდეგ გაასუფთავეთ გალია საკვების ნარჩენებისგან, რადგან დარჩენილმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს გოჭის მოწამვლა. საკვებად მიეცით კარგად გარეცხილი მწვანილი, ბალახი, ხილი თუ ბოსტნეული. უნდა გაითვალისწინოთ, რომ საჭიროა ყოველი ახალი საკვები ფრთხილად და მცირე პორციებით მისცეთ მათ, რათა ორგანიზმი ნელ-ნელა შეეგუოს.

ზღვის გოჭის გალია

ზღვის გოჭისთვის არ შეიძლება მარცვლეული. მშრალი საკვების ყიდვისას გაითვალისწინეთ, რომ არ შეიცავდეს მარცვლეულს.

ადამიანის მსგავსად, გვინეურ გოჭს არ შეუძლია C ვიტამინის თავისით გამომუშავება, ამიტომ აუცილებელია ის ხილიდან ან მედიკამენტებიდან მზა სახით მიიღოს. მათთვის საჭირო C ვიტამინის დღიური დოზა ზრდასრული გოჭისთვის დაახლოებით 25-30 მლგრამია. მედიკამენტები და დოზები აუცილებლად დააზუსტეთ ვეტერინართან. შეგიძლიათ მისცეთ ამ ვიტამინით მდიდარი ხილი: ფორთოხალი, კივი, მანდარინი, გრეიფრუტი.

--RELATED--

ზღვის გოჭი ცუდად იტანს ტემპერატურის ცვლილებას, უნდა მოარიდოთ როგორც სიცივეს, ასევე სიცხეს. მისთვის იდეალურია 20 დან - 25 გრადუსამდე ცელსიუსი ტემპერატურა.

სხვა მღრღნელებისა და კატის მსგავსად, ზღვის გოჭს ახასიათებს თავის გასუფთავება. მისი დაბანა რეკომენდებული არ არის და დიდ სტრესთანაა დაკავშირებული. თუ მაინც აუცილებელი გახდა ბანაობა, საჭიროა ეს სიფრთხილით გააკეთოთ. გამოიყენეთ მხოლოდ მღრღნელებისთვის განკუთვნილი შამპუნი, არ დაუსველოთ თავი და ყურები, ნუ მიუშვებთ შხაპს, რადგან წყლის ჭავლის ხმა შეაშინებს და კიდევ უფრო დასტრესავს. ბანაობის შემდეგ კარგად გაამშრალეთ და სითბოში გყავდეთ. არსებობს ასევე სპეციალური სველი ხელსახოცი და მშრალი შამპუნი და უმჯობესი იქნება თუ მათ გამოიყენებთ გასასუფთავებლად.

გრძელბეწვიან ზღვის გოჭებს დღეში 1-2ჯერ სჭირდებათ დავარცხნა, ხოლო დაბალბეწვიანებისთვის კვირაში 1-2ჯერაც საკმარისია. თვეში ერთხელ მაინც საჭიროა ფრჩხილების დაჭრა. არ მოაჭრათ ძირში, უნდა მოიჭრას ბრჭყალის წვერი. ძირში აქვთ ნერვული დაბოლოებები, რომელიც უფრო ვარდისფერი ფერით გამოიჩევა და მას არ უნდა შეეხოთ.

ზღვის გოჭის ფრჩხილების დაჭრა

გოჭს ბრჭყალები

ზღვის გოჭი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ შობს. მისი ორსულობა საშუალოდ 59-72 დღეს გრძელდება,  ნაშიერების რაოდენობა კი 1 - 4-ია.

სათანადო მოვლისა და კვების შემთხვევაში ზღვის გოჭები იშვიათად ავადდებიან. ისინი საშუალოდ 7-8 წელს ცოცხლობენ. ყურადღება მიაქციეთ მის ჯანმრთელობას და რაიმე ცვლილების შემთხვევაში (მაგ. თმის ცვენის გახშირება, წონის დაკლება, უმადობა, უხასიათობა) ნუ გადადებთ ვეტერინართან ვიზიტს.

 

--RELATED--

 

 


3523 ნახვა