რა უნდა იცოდეთ შინაური ცხოველის ყოლასთან დაკავშირებით ?!
March 29, 2017 19:21 Nika Gigashvili

პირველ რიგში კარგად უნდა გაითავისოთ, რომ ცხოველის აყვანა უდიდესი პასუხისმგებლობაა. ცხოველი მხოლოდ მცირე დროით გასართობი ნივთი არ არის. ყველა მათგანი მოითხოვს დროს, ენერგიას, ფულს, ყურადღებას და სიყვარულს. საჭიროა გაითვალისწინოთ რამდენიმე პუნქტი:
- შინაური ცხოველების უმეტესობას სჭირდება ყურადღება მთელი დღის განმავლობაში, ამიტომ დარწმუნდით, რომ საკმარისი დრო გექნებათ სახლში ყოფნისათვის.
- თუ ოჯახში ბავშვები გყავთ, მნიშვნელოვანია გაარკვიოთ რომელი ცხოველი იქნება მათთვის უფრო შესაფერისი.
- თუ გეგმავთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას ან სხვა ცხოვრებისეულ ცვლილებებს, აჯობებს ამ პერიოდში თავი შეიკავოთ ცხოველის აყვანისაგან , ვიდრე უფრო სტაბილური მდგომარეობა არ გექნებათ.
კარგად განსაზღვრეთ, რომელი ცხოველი იქნება თქვენი ცხოვრების სტილისთვის უფრო მისაღები. სხვადასხვა ჯიშის ძაღლიც კი განსხვავებულ მოვლა-პატრონობას საჭიროებს. ამიტომ, ნუ გააკეთებთ ბრმა არჩევანს. წინასწარ მიიღეთ ცნობები მათი მოვლისა და ქცევის შესახებ. შეგიძლიათ ზოგადი ინფორმაციით იხელმძღვანელოთ:
- ძაღლები - მიუხედავად ძაღლის ჯიშების მრავალფეროვნებისა, ყველა მათგანს სჭირდება დიდი ყურადღება, სივრცე, დრო სავარჯიშოდ და სასეირნოდ. ძაღლის მოვლა საკმაო დროსა და ენერგიას მოითხოვს.
- კატები - ის მეტად დამოუკიდებელი ცხოველია. კატის მოვლა არ არის რთული. ძაღლისგან განსხვავებით არ საჭიროებს გასეირნებას. ისინი იოლად ეჩვევიან ტუალეტს, არ სჭირდებათ ხშირი დაბანა. თუმცა მათთვისაც აუცილებელია საკმარისი დრო თამაშისთვის და მოფერებისთვის.
- მღრღნელები, ზაზუნა, ქრცვინი - ისინი გაცილებით ეკონომიურები არიან, არ სჭირდებათ დიდი სივრცე. თუმცა თავისებური სუნი ახასიათებთ.
- ხვლიკები - მათ არ სჭირდებათ დიდი ყურადღება და მოვლა, მაგრამ თუკი ავად გაგიხდათ დიაგნოზის დასმა ძალიან ძნელი იქნება.
- ჩიტები - ისინი უფრო მოუწესრიგებელი და ხმაურიანები არიან.
- თევზები - განსაკუთრებულ დროს და ენერგიას არ მოითხოვს თევზების მოვლა. მთავარია თავიდანვე სწორად შეარჩიოთ და მოაწყოთ აკვარიუმი.
აუცილებელია, სახლი მოამზადოთ ახალი წევრის მისაღებად. თქვენი სახლი უსაფრთხო უნდა იყოს ცხოველისთვის. ყურადღებით უნდა იყოთ, ძაღლი და კატა შეიძლება ქუჩაში გაიქცეს, ჩიტები ღია ფანჯრიდან ან კარიდან გაფრინდნენ და ა.შ. ამიტომ:
- შეინახეთ საკვები მათთვის მიუწვდომელ ადგილზე.
- შეინახეთ საშიში და ბასრი საგნები, ასევე, მომწამვლელი ნივთიერებები.
- თუკი ცხოველის ეზოში გაშვება გსურთ, საიმედო ღობე გააკეთეთ.
- გამოყავით ადგილი ახალი ბინადარის დასაძინებლად.
გაიარეთ კონსულტაცია ვეტმაღაზიაში და წინასწარ შეიძინეთ საჭირო ნივთები, როგორიცაა : საკვები, სათამაშოები, ჯამები, ჰიგიენური ნივთები, დასავარცხნი ჯაგრისი, მაკრატელი და სხვ.
მომზადებული შეხვდით ოჯახის ახალ წევრს და დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი ცხოვრება უფრო მხიარული და სიყვარულით სავსე იქნება.