რატომ იცვლიან კატები ფერებს?
February 19, 2018 20:23 Nika Gigashvili

თუ თქვენი კატის ბეწვი ფერს იცვლის, ნუ შეშინდებით, ეს არ არის აუცილებლად ცუდის ნიშანი. კატების გარეგნობა, ისევე როგორც ჩვენი - ადამიანების, დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე. ქვემოთ ჩამოგითვლით მიზეზებს, რომლის გამოც შეიძლება გამოწვეული იყოს ბეწვის ფერის ცვლილება.
კატის კანის ტემპერატურის ცვლილება
კატის ბეწვის ფერზე ერთ-ერთი მთავარი გავლენის წყარო მისი კანის ტემპერატურაა, შესაბამისად სეზონების ცვლილებისას კატების ბეწვის ფერი შესაბამისად იცვლება, ეს ცვლილება ზოგ ჯიშებში თვალსაჩინო, ზოგში კი ნაკლებად შესამჩნევია. კანის ტემპერატურა ასევე სხეულის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვა ფერის ბეწვის არსებობის მიზეზიცაა, მაგალითად ცნობილი სიამის კატების მუქი და ღია ფერები სხეულის სხვადასხვა ნაწილში სწორედ კანის სხვადასხვა ტემპერატურითაა განპირობებული.
ზოგადად კატის ბეწვის ფერი ურო ღიაა სითბოში და მუქი სიცივეში, ამიტომ სეზონების მიხედვით შეიმჩნევა შესაბამისი ცვლილებები ბეწვის ფერშიც.
ავადმყოფობა
კატის ბეწვი ფერს შეიძლება იცვლიდეს ავადმყოფობის გამო, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ბეწვის ცვლილებას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს და ეს აუცილებლად არ ნიშნავს ავადმყოფობას. თუ თქვენი კატა მკვეთრად იცვლის ბეწვის ფერს რამდენიმე დღე ყურადღებით დააკვირდით მის ქცევას, კვებასა და ხასიათს, ასევე სხვადასხვა დაავადების სიმპტომებს. კატის კანის ფერის ცვლილება შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი დაავადებებით: სიმსივნე, კისტა, ანთება, ჰორმონალური დარღვევები, კუშინგის დაავადება და სხვა. ამიტომ თუ თქვენმა ფისომ მოულოდნელად დაიწყო კანის ფერის ცვლილება აუცილებლად დააკვირდით დაავადებების სიმპტომებს და ნებისმიერ დაავადებაზე მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი მიიყვანეთ ვეტერინართან.
მზის სინათლე
კატის ბეწვი ადამიანის თმის მსგავსად მზეზე ღიავდება, მის გარეშე კი მუქდება. თუ თბილი სეზონების განმავლობაში თქვენი კატა დიდ დროს ატარებს მზეზე არ უნდა გაგიკვირდეთ მისი ბეწვის გაღიავება მზიანი თვეების განმავლობაში. შესაბამისად ასეთ დროს ბეწვის გაღიავების გამო არ უნდა ინერვიულოთ და საეჭვოც არაფერი ხდება, უბრალოდ თქვენი ნებიერა კატა ტკბება მზის აბაზანებით.
ასაკი
ასაკის მატებასთან ერთად კატებში შეიმჩნევა ბეწვის განაცრისფრება. ისინი მთლიანად არ ჭაღარავდებიან, თუმცა ალაგ-ალაგ შეიმჩნევა ნაცრისფერი ბეწვი, რაც ბევრის აზრით ფისოებს სოლიდურ იერსაც კი ჰმატებს.
წყარო: https://pets.thenest.com/