ბლოგი / მოვლა

ორსულობა ძაღლებში




თუკი თქვენი ძაღლის შეჯვარება გადაწყვიტეთ, საჭიროა მისი ორსულობისთვისაც მოემზადოთ. კარგი იქნება თუ გეცოდინებათ როგორ მიაქციოთ ყურადღება ძაღლს მაკეობის პერიოდში. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა იგი შეჯვარებისას ჯანმრთელი და ვაქცინირებული იყოს, რათა არც მას და არც ლეკვებს პრობლემები არ შეექმნას მომავალში. როგორც ადამიანს, ასევე ძაღლს ორსულობის დროს მეტი ყურადღება სჭირდება.

ძაღლის ორსულობა (იგივე ძაღლის მაკეობა) საშუალოდ 58-65 დღეს გრძელდება. ხანგრძლივობა შეიძლება დამოკიდებული იყოს ძაღლის ზომაზე, ჯიშზე, მის ზოგად მდგომარეობასა და ლეკვების რაოდენობაზე. აუცილებლად ჩაინიშნეთ შეჯვარების თარიღი, რადგან იცოდეთ როდის უნდა ელოდოთ ძაღლის მშობიარობას. დროზე ადრე ან პირიქით, გვიან მშობიარობა შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს როგორც დედისთვის, ასევე ლეკვებისთვის. ამიტომ, ასეთ დროს აუცილებელი იქნება კვალიფიციური ვეტერინარის დახმარება.

როგორ გავიგოთ ორსულად არის თუ არა ძაღლი? ორსულობის ნიშნები

ძაღლის ორსულობის ნიშნები დამოკიდებულია პერიოდზე. ადრეულ სტადიაზე ძნელია იმის დადსტურება ნამდვილად ელოდება თუ არა ლეკვებს ძაღლი. 3 კვირამდე ფაქტობრივად არანაირი ნიშნები არ აქვს. შესაძლოა შეეცვალოს ხასიათი, აღენიშნებოდეს ძილიანობა და აპათია ან გახდეს უფრო წყნარი და ითხოვდეს მოფერებას და ყურადღებას. 3-4 კვირის პერიოდში დილაობით შეიძლება ჰქონდეს გულის რევა და მადის შემცირება.

ძაღლის ორსულობის დადასტურება ულტრაბგერითი ექოსკოპიის საშუალებით შეგიძლიათ დაახლოებით მე-3 კვირაზე, 21-25 დღიდან. ძაღლის ორსულობა

25-30 დღისთვის შეენიშნება სარძევე ჯირკვლების ოდნავ გადიდება და ღია კანის მქონე ძაღლებში უფრო ვარდისფრად ეტყობათ. ასევე, შეიძლება შეამჩნიოთ მუცლის გაგანიერება.

ორსულობის 4-5 კვირაზე ვეტერინარს ან გამოცდილ მეპატრონეს უკვე ხელით გასინჯვით შეუძლია დაადასუროს ძაღლის ორსულობა, რა თქმა უნდა, თუ ძალიან გასუქებული არ არის მომავალი დედიკო.

მაკეობის მე-4 კვირა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პერიოდში ლეკვები შედარებით დაუცველენი არიან ტრამვებისაგან და ამიტომ საჭიროა ძაღლის აქტივობებისა და ფიზიკური დატვირთვის შემცირება. გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან კვების რაციონის ცვლილებასთან და დანამატების მიცემასთან დაკავშირებით.

მე-5 კვირაში ძაღლი საგრძნობლად იმატებს წონაში. ჩანასახებს უყალიბდებათ ბრჭყალები, ყურები და სასქესო ორგანოები. ამ პეროიდში ექოსკოპიის საშუალებით უკვე ზუსტად შეგიძლიათ გაარკვიოთ რამდენ ლეკვს უნდა ელოდოთ.

ორსულობის მე-6 კვირაში ძაღლის მუცელი უკვე კარგად შესამჩნევია და დღითიდღე იზრდება. სარძევე ჯირკვლები კიდევ ეზრდება და უმუქდება. ამ დროს ხდება ლეკვების კანის პიგმენტაცია და უყალიბდებათ ფერი. ძაღლს ორსულობის ამ პერიოდში სჭირდება კარგი კვება, შესაძლოა დამატებით ვიტამინებისა და მინერალების მიცემაც.

მე-7 კვირაში ძაღლს ეწყება ბეწვის ცვენა, განსაკუთრებით მუცლის არეში. რაც იმის მანიშნებელია, რომ ის მშობიარობისთვის ემზადება. ამ დროს თქვენც უნდა მოემზადოთ თქვენი მეგობრის დასახმარებლად. ამ პერიოდში ლეკვები თითქმის ასრულებენ ჩამოყალიბებას.

მე-8 კვირიდან უკვე ყოველ დღე უნდა ელოდოთ ლეკვებს. ამ დროს გამოცდილ დედა ძაღლს უკვე რძე უდგება სარძევე ჯირკვლებში. თუ პირველი ორსულობაა, მაშინ რძე შეიძლება მშობიარობამდე რამდენიმე საათით ადრე ან უშუალოდ მშობიარობის დროს გაუჩნდეს.

--RELATED--

მოვლა

ორსულობის დროს ძაღლს მეტი ყურადღება და გაფრთხილება სჭირდება. ორსულობის დროს აუცილებელია ძაღლის გასეირნება, მაგრამ უნდა მოარიდოთ სირბილს, ვარჯისა და ხტომას. ამ პერიოდში თუ საჭირო გახდა რწყილებზე, ჭიებზე ან სხვა პარაზიტებზე დამუშავება, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან, რათა ორსულობისთვის უსაფრთხო პრეპარატები იქნეს შერჩეული.

ორსულობის პერიოდში უნდა უზრუნველყოთ ძაღლის კარგად დაბალანსირებული კვება. მიეცით ხარისხიანი, სპეციალურად ორსული ძაღლებისთვის განკუთვნილი საკვები. დამატებით ვიტამინებთან და მინერალებთან დაკავშირებით აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან. საკვები მიეცით ხშირად და პატარა პორციებით. სუფთა წყალი კი ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ძაღლისთვის.

ორსულობის დაახლოებით მე-7 კვირიდან ძაღლმა შეიძლება უკვე ბუდის ძაბნა დაიწყოს. მოუმზადეთ სპეციალური ადგილი სამშობიაროდ წყნარ ადგილას. ამისთვის მუყაოს ყუთიც გამოგადგებათ. ყუთი უნდა იყოს საკმაოდ დიდი ზომის, რათა დედაც და ლეკვებიც კარგად მოთავსდნენ. ჩაუფინეთ რბილი ქსოვილი შიგნით და ეცადეთ მშობიარობამდე მიაჩვიოთ ძაღლი ყუთს, რათა სხვა ადგილის ძებნა არ დაიწყოს თვითონ. ყუთთან ახლოს დაუდგით საკვები და წყალი.


მშობიარობის დაწყების ნიშნები

აკონტროლეთ ძაღლის სხეულის ტემპერატურა. მშობიარობამდე დაახლოებით 24 საათით ადრე ტემპერატურა 38,5 -39 გრადუსიდან 37 გრადუსამდე ეცემა. ძაღლი შეიძლება გახდეს მოუსვენარი, უარი თქვას საკვებზე, დაიწყოს თავის თავის ლოკვა, წრეზე სიარული, ბუდის მოძებნა, მოითხოვოს მეტი ყურადღება პატრონისგან. ეს ნიშნები იმაზე მიუთითებენ, რომ მალე პატარა ლეკვები მოევლინებიან ქვეყანას.

ახალშობილი ლეკვები

ძაღლის მშობიარობა

რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ ვეტერინარი დაესწრება მშობიარობას. გაუთვალისწინებლი შემთხვევებისგან უფრო დაცული იქნებით. თუმცა რადგან ამის საშუალება ყოველთვის არ არის, საჭიროა იცოდეთ როგორ დაეხმაროთ თქვენს ძაღლს. მშობიარობის დროს არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ უყურადღებოდ, რადგან შეიძლება ნებისმიერ წამს დასჭირდეს თქვენი დახმარება. მაგრამ თუ აუცილებელი არ იქნება ჩარევა, ზედმეტად ნუ შეაწუხებთ, რადგან ამან შეიძლება გააღიზიანოს ძაღლი.

საშვილოსნოს კუმშვები შეიძლება 2 საათამდე გაგრძელდეს, თუ მეტ ხანს გაგრძელდა, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს, რადგან ძაღლს დახმარება დასჭირდება. ლეკვები შეიძლება სანაყოფე გარსით ან მის გარეშე დაიბადონ. როგორც წესი, დედა თავად აშორებს გარსს ახალშობილს, მაგრამ თუ დედა ახალბედაა და ეს ვერ გააკეთა, მის ნაცვლად ეს თავად უნდა შეძლოთ. ახლოს იქონიეთ სტერილური მაკრატელი ჭიპლარის გადასაჭრელად, სტერილური ტილოები ლეკვების გასამშრალებლად. შესაძლოა ახალშობილს სასუნთქი გზების გასუფთავებაც დაჭირდეს. ლეკვების დაბადების შორის ინტერვალი შეიძლება 15-30 წუთი იყოს. თუ მათი რაოდენობა დიდია შეიძლება 1-1,5 საათამდეც გაგრძელდეს. ხოლო თუ ინტერვალი უფრო დიდია, მაშინ შეიძლება ლეკვი დაიღუპოს, ამიტომ აუცილებელი იქნება პროფესიონალის დახმარება. თუ სანაყოფე გარსი ან დაღუპული ჩანასახი დედის სხეულში დარჩა, ძაღლი დაიღუპება.

გასუფთავების შემდეგ ლეკვებმა უნდა მიიღონ რძე, ყურადღება მიაქციეთ, რომ დედამ გამოკვებოს და ალოკოს. ლოკვით კუჭ-ნაწლავის სისტემის სტიმულირება ხდება. შედარებით სუსტმა ლეკვებმა შეიძლება ვერ მოახერხონ სათანადოდ დედის რძის მიღება და ხელოვნური კვების მიცემა გახდეს სჭირო.

მშობიარობის შემდეგ დედა ძაღლი შეიძლება გაღიზიანებული იყოს, ამიტომ ეცადეთ სიმყუდროვე შეუქმნათ სახლში. ნუ მიუშვებთ მასთან უცხოებს და ბავშვებიც მოარიდეთ. ზედმეტი შეწუხების გარეშე აკონტროლეთ, რომ შემთხვევით რაიმე ტრამვა არ მიაყენოს ლეკვებს. ლეკვებსთვის სითბო აუცილებელია, ყურადღება მიაქციეთ, რომ არ შეცივდეთ. მეძუძურ ძაღლს კარგი კვება სჭირდება, მიეცით ვიტამინებით და მინერალებით  მდიდარი საკვები.

--RELATED--

 

გაიგეთ, როგორ გაუწმინდოთ ძაღლს თვალები 


43956 ნახვა



მსგავსი პოსტები

როგორ მოვამზადოთ ძაღლი შემოდგომისთვის

როგორც ყველა ვამჩნევთ ზაფხული მიიწურა, ხალხი ქალაქს უბრუნდება და ემზადება შემოდგომისთვის, აახლებს გარდერობს, ცვლის ...

კატის ხასიათი და მისი ნიშნები

ალბათ ყველას გვაინტერესებს, თუ როგორ ხასიათზეა ჩვენი ფისო ამა თუ იმ მომენტში, სურს თუ არა მას მოფერება ან თამაში, მივაქციოთ ყურადღება თუ უბრალოდ მა...

კატის მოვლა და რამდენიმე რჩევა სანამ კატას აიყვანთ

კატები ძალიან კარგი კომპანიონები არიან, მათ იციან მეგობრობა და ზრუნვა, გრძნობენ როდის ხართ ცუდ ხასიათზე ან გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და ამ დროს...