ორსულობა კატებში
June 15, 2017 16:01 Eka Fisrt

კატა სქესობრივ მომწიფებას 7-9 თვის ასაკში აღწევს, მაგრამ ადრეულ ასაკში შეჯვარება არ არის რეკომენდებული, რადგან კნუტები შესაძლოა ძალიან სუსტები დაიბადონ ან კატის ორგანიზმმა ვერ გაუძლოს ასეთ დატვირთვას. უმჯობესია ფისო 1 წლის შემდეგ შეაჯვაროთ. კატის ორსულობა 65-67 დღე გრძელდება.
როგორ გავიგოთ ორსულად არის თუ არა კატა?
საუკეთესო გზა ამის გასარკვევად ვეტერინართან ვიზტია. მას შეუძლია იმის დადასტურება, რომ თქვენი ფისო ორსულადაა, დაახლოებით რა ეტაპზეა ორსულობა და რამდენ კნუტს ატარებს მუცლით. ამისთვის საჭიროა ვეტერინარმა ჩაატაროს ექოსკოპია ან რენტგენი.
ასევე არსებობს რამდენიმე სიმპტომი, რომლის საშუალებითაც შეიძლება თავადაც მიხვდეთ ორსულად არის თუ არა ფისო.
ძირითადი და ყველაზე შესამჩნევი სიმპტომი მუცლის ზომაა, დაახლოებით 30 დღის ორსულობისას ფისოს საგრძნობლად ეზრდება მუცელი. ასევე 2-3 კვირაზე კატას ძუძუს თავები ებერება.
მოვლა
იშვიათად, მაგრამ ორსულობის ადრეულ სტადიაზე შესაძლოა ფისოს აღენიშნებოდეს “დილის დისკომფორტი”, რომელიც გამოიხატება მადის დაქვეითებასა და ღებინებაში. ეს დაკავშირებულია ჰორმონალურ და მთლიანად ორგანიზმის ცვლილებებთან. თუ აღნიშნული მდგომარეობა გაგრძელდა რამდენიმე დღეზე მეტ ხანს, აჯობებს კატა ვეტერინარს აჩვენოთ. პირველი 2-3 კვირის განმავლობაში ჰორმონალურმა ცვლილებებმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და აქტივობის დაქვეითება.
ორსულობისას, როგორც სხვა ცხოველების შემთხვევაში, კატასაც სჭირდება დამატებითი კვება და კალორიები. ორსულობის ბოლოს ფისოს კვების რაციონი დაახლოებით 1,5-ჯერ უნდა აღემატებოდეს მის ჩვეულებრივ ნორმალურ რაციონს. ამიტომ, დარწმუნდით რომ თქვენი ფუმფულა მეგობარი შესაბამისად იკვებება, კარგი იქნება თუ მისცემთ სპეციალურ კორმს, რომელიც განკუთვნილია ორსული და მეძუძური კატებისთვის.
კატის დაორსულებამდე სასურველია ჩატარდეს ვაქცინაციის სრული კურსი, ასევე ჭიებზე და პარაზიტებზე დამუშავება, რადგან პრეპარატების უმეტესობა არ არის განკუთვნილი ორსული და მეძუძური კატებისთვის. თუ მაინც ისე დაემთხვა , რომ აუცილებელი გახდა აღნიშნული პროცედურების ჩატარება ორსული ან მეძუძური ფისოსთვის, ვეტერინართან დააზუსტეთ კონკრეტულად რომელი პრეპარატები და ვაქცინებია უსაფრთხო ასეთ დროს.
როგორ მოვემზადოთ კატის მშობიარობისთვის
მშობიარობისათვის აუცილებელია ფისოს შეუქმნათ უსაფრთხო გარემო. თუ ჩვეულებრივ თქვენს კატას გარეთ უშვებთ, ორსულობის ბოლო პერიოდში ამის გაკეთება არ არის სასურველი. უმჯობესია მშობიარობის მოახლოების დროს მომავალი დედა სახლში გყავდეთ.
მშობიარობამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე უკვე შეიძლება იგრძნოთ კნუტების მოძრაობა მუცელზე ხელის მიდებით. ამ პერიოდში კატა უკვე იწყებს ბუდის ძებნას, სადაც კნუტებს გააჩენს. ფისოს ეცვლება ხასიათი, შეიძლება მოემატოს გაღიზიანება და გახდეს მოუსვენარი.
ორსულობის მე-9 კვირაში კატას სარძევე ჯირკვლებში უდგება რძე, ძირითადად წევს და ცოტას მოძრაობს. თუ ორსულობის პერიოდი 70 დღეს აღწევს, უმჯობესია მიმართოთ ვეტერინარს, რადგან ეს შეიძლება საშიში იყოს როგორც კატისთვის, ისე კნუტებისთვის. განსაკუთრებით მაშინ, თუ რამდენიმე კნუტს ელოდება.
იმისთვის, რომ შეუფერებელ ადგილზე არ გააჩინოს კატამ კნუტები, შეგიძლიათ თქვენ დაეხმაროთ. მოუწყვეთ სახლის მყუდრო კუთხეში ბუდე, დაუდგით საშუალო ზომის ყუთი ან კალათი და ჩაუფინეთ რბილი ქსოვილი. რამოდენიმეჯერ მიიყვანეთ ფისო ამ ადგილზე, რათა მიეჩვიოს და კომფორტულად იყოს.
მშობიარობის მოახლოებას ორი ძირითადი ნიშანი აქვს: დაახლოებით 24 საათით ადრე ფისო აღარ იღებს საკვებს და მისი სხეულის ტემპერატურა ეცემა 37,5 -37,0 გრადუსამდე (ჩვეულებრივ კატის ტემპერატურაა 38°-39°). პროცესამდე ფისო ღვრის მოსერო-მოწითალო წყალს და შემდეგ იწყება საშვილოსნოს შეკუმშვები. მშობიარობა შესაძლოა გაგრძელდეს 24 საათამდე. თუ შეკუმშვების დაწყებიდან 4-6 საათის შემდეგ კატამ პირველი კნუტი არ გააჩინა, საჭიროა სამედიცინო დახმარება. შუალედი კი პირველი და შემდეგი კნუტების ქვეყნად მოვლენას შორის მერყეობს რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე. პატარა ფისოები ჭიპლარით არიან დაკავშირებული დედასთან, კატა თვითონ აშორებს მას და შემდეგ ლოკავს კნუტებს. ზოგჯერ კნუტები იბადებიან სანაყოფე ბუშტით, რომელსაც ასევე დედა კატა თვითონ აშორებს, მაგრამ თუ არ მოაშორა, ეს თქვენ უნდა გააკეთოთ ძალიან ფრთხილად, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება კნუტი გაიგუდოს. მშობიარობის დასრულებამდე კნუტებს აშორბენ დედას, ამშრალებენ და თბილ ადგილას სვამენ. სითბო ძალიან მნიშვნელოვანია ახლადგაჩენილი ფისოებისთვის, ამიტომ სანამ დედასთან არ იქნებიან შეგიძლიათ სათბურა (“გრელკა”) ან თბილი წყლიანი ბოთლი მიუდოთ.
მშობიარობის დასრულების შემდეგ საჭიროა კატა თავის კნუტებთან ერთად მშვიდად იყოს. ყუთის სიახლოვეს დაუდგით სუფთა წყალი, საკვები და ტუალეტი, რათა შვილების მიტოვება არ მოუხდეს ფისოს. სხვა ცხველებს ან უცხო ადამიანებს ნუ მიუშვებთ კატასთან, ამან შესაძლოა გააღიზიანოს და არაუსაფრთხოდ აგრძნობინოს თავი.
ძალიან იშვიათად შესაძლოა კატას დაემართოს კონვულსია(კრუნჩხვა), რაც კალცის ნაკლებობით არის განპირობებული. თუ მსგავსი რამ შენიშნეთ, სასწრაფოდ მიმართეთ ვეტერინარს.
გაეცანით ასევე სტატიას საჭიროა თუ არა კატისთვის ბრჭყალების დაჭრა