ბლოგი / მოვლა

კატის მოვლა და რამდენიმე რჩევა სანამ კატას აიყვანთ

July 19, 2018 08:56 by Nika Gigashvili


კატები ძალიან კარგი კომპანიონები არიან, მათ იციან მეგობრობა და ზრუნვა, გრძნობენ როდის ხართ ცუდ ხასიათზე ან გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და ამ დროს განსაკუთრებით ყურადღებიანები ხდებიან. კატა ასევე არის იდეალური მონადირე, რომელიც სახლში არც თაგვს და არც მწერებს არ აძლევს თავისუფლად ყოფნის საშუალებას. თუმცა სანამ გაიქცევით კატის საშვილებლად აუცილებლად უნდა იცოდეთ რამდენიმე რამ კატის მოვლასა და კატის ყოლასთან დაკავშირებით.

 

აღნიშნულთან დაკავშირებითpetmd.com-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით გთავაზობთ 10 რჩევას თუ რა უნდა იცოდეს ადამიანმა, ვისაც დასჭირდება კატის მოვლა, კატაზე ზრუნვა და კატის გაწვრთნა.

 

  1. კატები არიან დამოუკიდებელი ცხოველები, თუმცა მათ აუცილებლად ესაჭიროებათ ზრუნვა და მოვლა. სანამ კატას აიყვანთ კარგად გააანალიზეთ თქვენი ცხოვრების სტილი, რამდენ ხანს ატარებთ სახლში, აქედან რამდენი ხანი შეგიძლიათ დაუთმოთ კატის მოფერებას, მასთან თამაშს, კატის გრუმინგს (დავარცხნა, ბრჭყალების დაჭრა) და ა.შ. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კატები განსხვავდებიან ხასიათითა და მოთხოვნილებებით, ზოგს მეტი სითბო და ყურადღება სჭირდება, ზოგი კი თითქმის სრულიად დამოუკიდებელია (თუმცა მაინც ითხოვს მოფერებასა და ყურადღებას). მას შემდეგ რაც გაერკვევით საკუთარ თავში, შეგიძლიათ მიმართოთ კატების კარგ მცოდნეს, ვეტერინარს ან თავშესაფრის თანამშრომელს, რათა შეგარჩევინოთ შესაბამისი ჯიში, ან თავშესაფრიდან აყვანის შემთხვევაში კონკრეტული კატა.

  2. თუ ცხოველის აყვანის შემდეგ თქვენი სიტუაცია შეიცვალა, გიწევთ რამდენიმე დღე სახლში მიუსვლელად ყოფნა, ან ძალიან გრძელი სამუშაო დღეები გაქვთ, რა უნდა გააკეთოთ ასეთ დროს ? ძალიან კარგი იდეაა აიყვანოთ კიდევ ერთი ფისო, რომ თქვენმა კატამ არ მოიწყინოს მარტოობაში და შეძლოს ვინმესთან თამაში.

  3. სანამ კატას აიყვანთ აუცილებლად დარწმუნდით, რომ არ ხართ ალერგიული კატის მიმართ და თუ მაინც გადაწყვეტთ ფისოს აყვანას, შეარჩიეთ ნაკლებად ალერგიული ჯიში. ასევე უნდა იცოდეთ, რომ არის შემთხვევები, როდესაც მეპატრონე საკუთარი ცხოველისადმი არ არის ალერგიული (გამოიმუშავებს იმუნიტეტს), თუმცა სხვა ცხოველებისადმი მას არ აქვს დაცვის ეს მექანიზმი.

  4. გაითვალისწინეთ, რომ ცხოველის სახლში მოყვანის შემდეგ (თუ ზრდასრული კატაა, სასურველია მოყვანამდე) მას სჭირდება აცრები წელიწადში ერთხელ. ასევე სასურველია გაასტერილოთ / გაუკეთოთ კასტრაცია თქვენს ფისოს. გასტერილებული კატები მეტად ჯანმრთელები არიან, კარგავენ გამრავლების ინსტინქტს, შესაბამისად არიან უფრო მშვიდები, არ აწუხებთ ნევროზი, არ ნიშნავენ სახლში ტერიტორიებს, არ ცდილობენ გარეთ გაქცევას. მოკლედ თუ კატების გამრავლებას არ აპირებთ რაც მომავალში გამოიწვევს კნუტების გაშვილების სირთულეს და სხვა ნიუანსებს, სჯობს გაასტერილოთ, ხოლო თუ არ გსურთ კატის გასტერილება, მაშინ მოუყვანეთ მას საპირისპირო სქესის ფისო და წელიწადში რამდენჯერმე მიიღებთ უსაყვარლეს პატარა არსებებს, რომლებსაც ასევე სჭირდებათ მოვლა და მზრუნველი პატრონის მოძებნა.
  5. ყველა მეპატრონემ უნდა იცოდეს ასევე იმის შესახებ, რომ კატას სჭირდება ჰელმინთებზე (ჭიები, კოკები) და პარაზიტებზე დამუშავება. თუ თქვენი ფისო გარეთ არ გავა, რწყილებისა და ტკიპების პრობლემამ შესაძლოა საერთოდ არ შეგაწუხოთ და არც მათი საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება გახდეს საჭირო. მაგრამ რაც შეეხება ჰელმინთებს, მათგან დასნებოვნების შანსი იმ შემთხვევაშიც დიდია, თუ კატა სახლს არასდროს ტოვებს. ამიტომ აუცილებელია კატის დეჰელმინთიზაცია ანუ ჭიებზე დამუშავება პროფილაქტიკისთვის ყოველ 3 თვეში ერთხელ. 

    --RELATED--
  6. კატის სახლში მოყვანის შემდეგ თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ:
    1. ტუალეტის ქვიშა (ან სილიკონი) და სასურველია კარგი ხარისხის ტუალეტის ყუთი, რომელიც მაქსიმალურად შეიკავებს ქვიშას შიგნით, როდესაც თქვენი კატა დაიწყებს “ჩარეცხვას” ანუ მოსაქმებულზე ქვიშის მიყრას. 
    2. მისი ასაკისა და გემოვნებისთვის შესაბამისი საჭმელი, ფისოს ზრდასთან ერთად უნდა გამოიცვალოს მისი საჭმელი, თუ მას გაასტერილებთ / გაუკეთებთ კასტრაციას, სასურველია გადაიყვანოთ სპეციალურად სტერილური კატის საჭმელზე. ასევე პერიოდულად უნდა მისცეთ ბეწვის მოსანელებელი საშუალებები, რაც ხშირად პასტის სახით იყიდება, თუმცა არის სპეციალური საკვებიც, რომელიც ბეწვის მონელებას უწყობს ხელს. ბეწვის დაგროვება კატების სისუფთავის შედეგია, თვითგრუმინგის დროს, როდესაც ბეწვს ილოკავენ, ხშირად ყლაპავენ მას და წარმოიქმნება ბეწვის გროვები, რამაც შეიძლება დიდი ზიანი მოუტანოს ფისოს ჯანმრთელობას. ამიტომ ფუმფულა არსებებს თქვენი დახმარება დასჭირდება.
    3. თუ გსურთ, რომ შეინარჩუნოთ ავეჯი, აუცილებლად იყიდეთ “საფხაჭნი დაფა”, რომელზეც ფისო შეძლებს კლანჭების ალესვას.

    katis klanchebis safxachni

  7. კატებს უყვართ თამაში, რაც რეალურად მათი ნადირობის ინსტინქტის გამოვლენა და ნადირობაში ვარჯიშია. მათთვის შესანიშნავი სათამაშოებია ნაჭრის თაგვი, რბილი ბურთი, რეზინის ბურთი, სხვადასხვა ბუმბულები და ა.შ. არ არის აუცილებელი იყიდოთ ძვირიანი სათამაშოები, მათი დამზადება სახლშიც შეიძლება. აუცილებელია კატას ჰქონდეს საკმარისი სათამაშო, რათა არ მობეზრდეს, მუდამ დატვირთული იყოს მისი ტვინი და შეეძლოს სხვადასხვა ნადავლზე ნადირობა.

  8. კატის პიტნა (catnip) და სპეციალურად კატისთვის დამზადებული სხვადასხვა გამომშრალი დელიკატესები იდეალური “ქრთამია” კატის გაწვრთნისთვის, ასევე უბრალოდ კატის გასახარებლადაც. კატებს უყვართ გემრიელი საჭმელი, მათთვის სასარგებლოა მოხარშული, უმარილო ქათმის ხორცი, მოხარშული თევზი (ძვლები და ფხები აკრძალულია), მოხარშული კვერცხის გული და სხვა.

  9. თუ ფიქრობთ პატარა კნუტის აყვანას, რაც შეიძლება პატარა ასაკიდან მიაჩვიეთ დავარცხნასა და ბრჭყალების დაჭრას. ასევე სასურველია 3-4 თვეში ერთხელ დაბანოთ ხოლმე, სპეციალური შამპუნით. კატის დაბანა ხშირ შემთხვევაში არ არის მარტივი პროცესი, მათ არ უყვართ წყალი. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ შეიძლება კატას ყურში ჩაუვიდეს წყალი, ასე რომ დაბანისას ყურებსა და სახეს ფრთხილად მოეპყარით, ეცადეთ ამ ადგილას წყალი არ მიასხათ, უბრალოდ სველი ხელით მოწმინდოთ ქაფი.

  10. გირჩევთ დააზღვიოთ თქვენი ცხოველი, რა თქმა უნდა, შეიძლება ეს სერვისი არასოდეს დაგჭირდეთ, თუმცა უბედური შემთხვევის დროს სჯობს დაზღვეული იყოთ, ვიდრე უსახსრობის გამო დროზე ვერ აღმოუჩინოთ თქვენს ფუმფულა მეგობარს დახმარება.

    ეს არის მხოლოდ მცირედი რაც უნდა იცოდეთ კატის ყოლასთან დაკავშირებით. ასევე გასათვალისწინებელია, რომ კატები საშუალოდ 12-16 წელს ცოცხლობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ფისო საკმაოდ დიდხანს იქნება თქვენთან ერთად.

 

--RELATED--

1760 ნახვა